Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილი - მეგობრების მუქარა თუ შეკერილი საქმე?


ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი, 10 ნოემბერს დაკრძალეს. ერთი დღით ადრე, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, წინასწარი ორთვიანი პატიმობა შეუფარდა თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, მისი ბავშვობის მეგობრებს, აკაკი ხუსკივაძეს, ცესკო-ს სწავლების ყოფილ სპეციალისტს და აკაკი კობალაძეს, პოლიტოლოგს, 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელს.

თედორე გობეჯიშვილი 7 ნოემბერს, 11 საათისთვის, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 43 წლის კაცი „მოულოდნელად გარდაიცვალა“. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა. 2008 – 2016 წლებში იყო საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობას, მალევე, დაახლოებით ორ საათში მოჰყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გიორგი ხელაშვილის ბრიფინგი.

„ოცნების“ მეთვრამეტე ნომერმა, განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, „რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“.

ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე.

რას ედავება გამოძიება ბრალდებულებს?

იმავე ღამეს, 7 ნოემბერს, შსს-მ თედორე გობეჯიშვილის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას“.

გამოძიებამ დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით წაუყენა, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, 7 ნოემბრის საღამოს, პოლიციაში, მოწმის სტატუსით გამოსაკითხად დაიბარეს. თუმცა, რამდენიმე საათში, მათ მოწმის სტატუსი ბრალდებულების სტატუსით შეეცვალათ. სანამ პოლიცია აკაკი კობალაძეს მანქანაში ჩასვამდა, მან დაიყვირა: „არ მაპატიეს გამოსვლა ტელევიზორში“.

6 ნოემბერს, აკაკი ხუსკივაძეცა და აკაკი კობახიძეც, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები ამბობენ, რომ აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავება, „ქართული ოცნების“ დაკვეთით დაიგეგმა.

დაკავებულების ინტერესების დამცველი ბექა ბასილაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხუსკივაძისა და კობალაძის ე.წ. განეიტრალება, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს, მათი სატელევიზიო ეთერის დასრულების შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რასაც მეორე დღეს, თან დაერთო თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალება, რომელიც დაკავებულების ბავშვობის მეგობარი იყო:

„სახელისუფლებო პროპაგანდამ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანის გარდაცვალება რაიმე ფორმით დაეკავშირებინა კობალაძესთან და ხუსკივაძესთან, რომლებმაც ერთი დღით ადრე, ხელისუფლება ამხილეს არჩევნების გაყალბებაში. ადამიანის გარდაცვალების მიზეზებიც კი არ იყო ჯერ დადგენილი, როდესაც „ქართული ოცნების“ ახლად გამომცხვარი სახე, ხელაშვილი, გამოვიდა ბრიფინგზე და თქვა, რომ ამ გარდაცვალების საქმეში ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი და პირდაპირი შეკვეთა მისცა სამართალდამცავ ორგანოებს, გამოეცხადებინათ ნადირობა ხუსკივაძესა და კობალაძეზე“.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო დაკავებულების წინააღმდეგ საქმის შეკერვა. საგამოძიებო ორგანოში, გამოკითხვაზე დაიბარეს გიორგი ჯავახიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი და ზაალ ზაალაშვილი, თედორე გობეჯიშვილის თანაშემწე. ბექა ბასილაია ამბობს, რომ სწორედ ამ პირების ირიბი ჩვენებების საფუძველზე წაუყენებს ბრალი დაკავებულებს:

„ამ ირიბ ჩვენებებში, ეს პირები საუბრობენ არა იმ ფაქტსა და გარემოებაზე, რასაც თავად შეესწრნენ, არამედ იმაზე, რაც თითქოს მათ მოუყვნენ. არადა, კანონის მოთხოვნაა, რომ ირიბი ჩვენების მიმცემმა დაასახელოს წყარო, რათა წყაროსთან იქნას გადამოწმებული ეს ჩვენება. მათი ჩვენებების წყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან სამწუხაროდ, თედორე გობეჯიშვილი გარდაცვლილია. ნეტა, არსებობდეს, მაშინ ხომ ცხადი იქნებოდა, რა იყო და როგორ“.

ბექა ბასილაიას თქმით, გარდა ირიბი ჩვენებებისა, საქმეში დევს მეგობრებს შორის მიმოწერის „სახუმარო სატელეფონო მესიჯებიც“:

„ამ ხალხს ეს მესიჯები არც წაუშლიათ, რადგან არაფერი დასამალი ამ მესიჯებში არ ყოფილა. მეგობრები ერთმანეთში ხუმრობენ, სმაილებით. ერთმანეთს სწერენ, გობეჯიშვილი დასაჭერების სიაში მოხვდაო, რასაც ბევრი სმაილი მოსდევს“.

რა უთხრა ზაალ ზაალიშვილმა სამართალდამცველებს?

ზაალ ზაალიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი და გარდაცვლილ თედორე გობეჯიშვილის თანაშემწე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში 7 ნოემბერს, 16 საათზე დაიბარეს. მისი გამოკითხვა მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.

ზაალ ზაალიშვილი სამართალდამცავებს უყვება ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენებისა და იმ საუბრის შინაარსის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ასევე 6 ნოემბერს, თედორე გობეჯიშვილსა და მის შორის შედგა:

„თავისი ტელეფონით დამირეკა ჩემს ტელეფონზე, რომელმაც მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდოდა ჩემთან შეხვედრა სერიოზულ საკითხზე დასალაპარაკებლად. ვუთხარი, რომ ვიმყოფებოდი რუსთავში. თედორემ შემომთავაზა, რომ თავად ჩამომაკითხავდა მანქანით და წამოვიდოდით თბილისში და თან დამელაპარაკებოდა სერიოზულ საკითხზე. ტელეფონზე საუბრისას ეტყობოდა, რომ იყო ძალიან აღელვებული და რაღაცას ძალიან განიცდიდა“.

როგორც ზაალ ზაალიშვილი გამომძიებლებს უყვება, მან და თედორე გობეჯიშვილმა, პირისპირ დარჩენა და საუბარი 6 ნოემბერს, გვიან ღამით, 23:30 საათისთვის მოახერხეს:

„თედორე გობეჯიშვილმა მითხრა, რომ 6 ნოემბერს, შუადღის საათებში, მას დაუკავშირდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, რომლებმაც სთხოვეს კონფიდენციალურად შეხვედრა. თედორე მათ დათანხმდა, ვინაიდან ორივე არიან მისი მეგობრები. აღნიშნული შეხვედრა შედგა 2020 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 16 საათისთვის, თედორე გობეჯიშვილის მამიდის სახლში. ამ შეხვედრაზე მათ თედორე გობეჯიშვილს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შესთავაზეს 50 000 დოლარი, რის სანაცვლოდაც, ხმაურით უნდა წამოსულიყო ისნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიიდან. კერძოდ, მასმედიის საშუალებით უნდა განეცხადებინა, ეცრუა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და დაეგმო სისტემა. უნდა ესაუბრა მის მიმართ უკანონო დავალებების გაცემაზე. უთხრეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვედრებს ატარებდნენ ყველა რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებთან და სთავაზობდნენ ანალოგიურ წინადადებას. უთხრეს, ცესკოს თანამშრომელი ივანე ბურდული უკვე დათანხმდა მათ წინადადებას და გადადგა. ხოლო მასთან შეხვედრის შემდეგ, მიდიოდნენ კრწანისის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან თანანაშვილთან სასაუბროდ“.

ზაალიშვილი გამოკითხვის ოქმში ყვება, რომ გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აუხსნა მათ, რომ ეს იყო უკანონობა:

„რის საპასუხოდაც, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე მას ერთობლივად დაემუქრნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად მოვიდოდა ხელისუფლებაში და თედორე გობეჯიშვილი მოხვდებოდა ციხეში და მოხდებოდა მისი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება“.

ზაალ ზაალიშვილი ამბობს, რომ მეგობრებმა თედორე გობეჯიშვილს მოსაფიქრებლად ორდღიანი ვადა მისცეს. თავად ზაალი და თედორე კი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 7 ნოემბერს, დილიდანვე შეხვდებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელობას და დეტალურად მოახსენებდნენ მომხდარის შესახებ:

„ჩემთან ერთად დაურეკა თედორემ გიორგი ჯავახიშვილს, ცესკოს მდივანს და მოუყვა ტელეფონზე, თუ რა შესთავაზეს მას ნაციონალური მოძრაობის სახელით მისმა ბავშვობის მეგობრებმა“.

ზაალ ზაალიშვილი ამბობს, რომ თედორემ ჯერ ის დატოვა სახლში, შემდეგ კი თავად წავიდა სახლში. მისი თქმით, მეორე დილით,თედორესთან დაკავშირება ვეღარ შეძლო. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ თედორე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს:

„სატელეფონო საუბარი მქონდა მის მეუღლესთან, რომელმაც მითხრა, რომ თედორეს მთელი ღამის განმავლობაში არ სძინებია, იყო უკიდურესად აღელვებული და განერვიულებული, ჩაეძინა გამთენიისას და მოგვიანებით ნახა უკვე გარდაცვლილი“.

რას უყვება გამოძიებას გიორგი ჯავახიშვილი - გამოკითხვის ოქმი

7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე გამოკითხეს გამომძიებლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი. ზაალ ზაალიშვილის მტკიცებით, სწორედ მას უამბო ტელეფონით თედორე გობეჯიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზების შესახებ:

„7 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 01:05 ზე ჩემს მობილურ ტელეფონზე დამირეკა თანამშრომელმა თედორე გობეჯიშვილმა. თედორემ დამირეკა „ვოთსაპით“. მითხრა, რომ იყო ზაალ ზაალიშვილთან ერთად და მოვალთ, გნახავთო. საკმაოდ აღელვებული ტონი ჰქონდა. ავუხსენი, რომ ვიყავი სამსახურში, დიდ დიღომში, ცესკოს ოფისში, შევთავაზე მოსულიყო. ამაზე თედორემ მითხრა, რომ ჯობდა მეორე დღეს შევხვედრილიყავით. საუბრის დასრულების ნაცვლად, თედორემ გააგრძელა საუბარი და ამბობდა, რომ აკადრეს უკადრებელი და ის არაფერს მსგავსს არ ჩაიდენს. იყო ძალიან შეშინებული...“

ისევე როგორც ზაალ ზაალიშვილი, გიორგი ჯავახიშვილიც სამართალდამცავებს ეუბნება, რომ თედორე გობეჯიშვილს სამსახურიდან ხმაურიანად წასვლის სანაცვლოდ, თანხა შესთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ხელით.

გიორგი ჯავახიშვილი სამართალდამცავებს იმასაც ეუბნება, რომ 7 ნოემბერს, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მას დაუკავშირდა კიდევ ერთი თანამშრომელი, ლევან თანანაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ ანალოგიური წინადადება, იმავე პირებისგან მანაც მიიღო.

ლევან თანანაშვილის გამოკითხვის ოქმის მოკლე შინაარსი

ლევან თანანაშვილი, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გამომძიებლებს ეუბნება, რომ 6 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათზე, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ, რომლებიც მისი მეგობრები და შვილების ნათლიები არიან, გაუარეს სამსახურში და წაიყვანეს სახლში. გზად სახლისკენ კი შესთავაზეს, დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, რადგან არსებული საარჩევნო სისტემა გაუქმდებოდა და დარჩებოდა სამსახურის გარეშე. სანაცვლოდ კი დასაქმებას დაპირდნენ:

„დამპირდნენ, რომ მუშაობას დამაწყებინებდნენ არანაკლები ხელფასით სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ში, კონკრეტულად რა პოზიციაზე, არ უთქვამთ. სხვა რაიმე სახის შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. მე მათ ვუთხარი, რომ შემოთავაზებაზე დავფიქრდებოდი და მეორე დღეს ვეტყოდი პასუხს. 7 ნოემბერს ტელეფონით დავუკავშირდი აკაკი ხუსკივაძეს, შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი და ეს ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ჯავახიშვილს“.

რატომ არ გამოკითხა გამოძიებამ ივანე ბურდული?

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა, განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ 6 ნოემბერს, დილით დაწერა. განცხადების ფოტო მან სოციალურ ქსელში ატვირთა და ზედ დააწერა: „მშვიდობით ცესკო“.

ზაალ ზაალიშვილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თედორე გობეჯიშვილს სწორედ ივანე ბურდულის შესახებ უთხრეს აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, რომ ის უკვე დათანხმდა მათ შეთავაზებას სამსახურიდან წასვლის შესახებ და განცხადებაც დაწერა.

ივანე ბურდულის გამოკითხვის ოქმი, საქმის მასალებში არ დევს. როგორც ცესკოს ყოფილი თანამშრომელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის გამოძიებას არ გამოუკითხავს, არადა, ივანე ბურდულს, ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, მიიღო თუ არა ივანე ბურდულმა სამსახურის დატოვების სანაცვლოდ თანხის შეთავაზება აკაკი კობალაძისგან და აკაკი ხუსკივაძისგან, ამგვარ განცხადებას ის „ბინძურ ტყუილს“ უწოდებს:

„ცალსახად ვაცხადებ, არანაირი მსგავსი კომუნიკაცია ჩემს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს შორის არ შემდგარა. აკაკი ხუსკივაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ცხადია, ჩვენ სამეგობროში ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ, მაგრამ არანაირ გადმობირებასა და შემოთავაზებაზე, არასდროს არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ნაბიჯი, ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ დავტოვე სამსახური. ეს არის ბინძური მითქმა-მოთქმა, იარლიყის მოკერება. დარწმუნებული ვარ, რომ თედოსა და კაკოს შორისაც, არანაირი მსგავსი საუბარი არ შემდგარა. ამაზე საუბარიც კი ამაზრზენია“.

ბრალდებული კობალაძის ცოლი: „იმ ღამეს თედო ჩვენთან იყო, ბედნიერი, მხიარული“...

თედორე გობეჯიშვილის თანაშემწე, ზაალ ზაალიშვილი, გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ 7 ნოემბერს, თედორეს გარდაცვალების შემდეგ ესაუბრა მის მეუღლეს, რომელმაც უთხრა, რომ თედორემ მთელი ღამე ვერ დაიძინა, აფორიაქებული იყო და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა.

ზაალიშვილის ამ ვერსიას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სრულიად უარყოფს აკაკი კობალაძის ცოლი, სოფია სოსელია, რომელიც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ღამე, თედორე გობეჯიშვილმა მათთან, სუფრაზე გაათენა და სახლში დილით წავიდა.

ბრალდებულის ცოლის თქმით, თედორე გობეჯიშვილსა და მის ქმარს, მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თედორე და მისი მეუღლე, ერთ ჭერქვეშ ათენებდნენ ღამეს. სოფია სოსელია ამბობს, რომ იმ ღამეს, თედორე მხიარული და ბედნიერი იყო და მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს:

„როგორც ჩემს მეუღლეს, ისე მეც, ფაქტობრივად, მთელი ღამის განმავლობაში მქონდა მასთან კომუნიკაცია. იყო იდეალურ განწყობაზე, ხუმრობდა, იხსენებდა ძველ ამბებს. ამას ადასტურებს მისი მეუღლეცა და გამზრდელი დეიდაც, რომლებმაც ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაურეკეს. ვლაპარაკობდით ყველაფერზე, მიმდინარე ამბებზეც, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეც. ეს იყო ჩვეულებრივი ლაპარაკი და ურთიერთობა, როგორც ადრე და როგორც ყოველთვის. ისიც კი არ ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო. ფაქტია, რომ თედომ ჩემს მეუღლეს თვითონ დაურეკა, ამოვიდა საკმაოდ გვიან, ცოტა ნასვამი იყო. თქვა, რომ მანამდე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად იყო სუფრაზე და მერე უკვე მთელი ღამე ჩვენთან დარჩა. რომ გათენდა, კიდევ ერთ ჩვენს მეგობართან უნდოდა წასვლა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ჩვენგან დაახლოებით 8 საათისთვის წავიდა. გულზე უნდა გაკოცოო, კაკოს უთხრა გასვლის წინ, აკოცა და წავიდა“.

სოფია სოსელია ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისი მეუღლის დაკავების ამბავი:

„სამძიმარზე რომ მივედი, მისმა ცოლმა, მაკამ მითხრა, ეს ერთი უბედურება ხომ დამატყდა თავს და კაკოს დაკავების ამბავი რომ გავიგე, მეორედ მოვკვდიო. ჩემსას აღარაფერი ეშველება და რითაც შემიძლია, იმით დავეხმარები კაკოსო. მაკაც და თედორეს გამზრდელი დეიდაც, ორივე ადასტურებს, რომ იმ ღამეს თედორე ჩვენთან იყო, რომ იყო კარგ ხასიათზე. მე თუ მხარე ვარ და შეიძლება არ მენდოთ, თედორეს ოჯახის წევრებიც ადასტურებენ ამას“.

სოფია სოსელია დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია და მმართველმა გუნდმა მას 6 ნოემბრის სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები არ აპატია.

აკაკი კობალაძეს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ადვოკატი ბექა ბასილაია ამ ბრალსაც აბსურდულს უწოდებს:

„პროკურატურას ჩვევად აქვს უკვე, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანს რაღაც დააბრალოს, ამასთანავე, რაღაც ჩაუდოს. გააფორმეს ოქმი, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ავტომატის რამდენიმე ერთეული ვაზნა. სახლის ჩხრეკას გამოძიებამ ადვოკატი არ დაასწრო. ამასთან ერთად, კობალაძის ოჯახის წევრი, ოქმს ხელს არ აწერდა. კობალაძეს მოტყუებით დაარეკინეს მასთან. ბრალდებულს უთხრეს, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის ამოღებული შენი სახლიდან, უბრალოდ ოქმი უნდა დავასრულოთ, ხელია მოსაწერიო. კობალაძემ დარეკა სახლში და სთხოვა ოჯახის წევრს, ოქმზე ხელი მოეწერა. ეს არის ამ საქმის ანი და ბანი“.

ბექა ბასილაიასთვის გაუგებარია, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, ჯავახიშვილსა და ზაალიშვილს, მართლაც ჰქონდათ ინფორმაცია მათი კოლეგის მიმართ მუქარისა და ზეწოლის შესახებ, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს:

„ისინი ხომ აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია? რატომ არ იმოქმედეს? რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოები? სიმართლე არის ის, რომ მსგავსი რამ გობეჯიშვილს მათთვის არ მოუყოლია. გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნა შეთითხნილი ეს ისტორია“.

ადვოკატების წერილი - ტელეკომპანია "იმედის" როლი გობეჯიშვილის საქმეში

ბრალდებულების ადვოკატები ვრცელი წერილით მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს. წერილში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტელეკომპანია „იმედის“ როლს თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე და ამ საქმეში აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში:

„8 ნოემბერს, სახელისუფლებო მედიის ეთერში, გავიდა გადაცემა „იმედის კვირა“, სადაც, როგორც „გარდაცვლილის მეგობარი“, სტუმრად მიწვეული იყო საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი. მან, პრაქტიკულად, სატელევიზიო ეთერში გაიმეორა პოლიციისთვის მიცემული ჩვენება, განაცხადა, რომ დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს და დესტრუქციულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად მისი პოზიციონირებისა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მისი სამუშაო გამოცდილება მიუთითებს, რომ ის მმართველი ძალის ნდობით აღჭურვილი პირი და დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დანიშნული კადრია“.

გარდა ამ სატელევიზიო ეთერისა, ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ, 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე სათაურით, „გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ემუქრებიან თედო გობეჯიშვილს“. ადვოკატების განცხადებით, ამ სათაურით, ტელეკომპანია მიზნად ისახავდა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, რადგან მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან:

„უფრო მეტიც, გავრცელებულ კადრებში არც კი ფიგურირებენ ბრალდებული პირები. ამასთან, კადრებში ასახული ფაქტი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ კადრებისა და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც კი, არ დაწყებულა არც გამოძიება და არც ამ ვიდეო-მასალის მტკიცებულების სახით ამოღება მომხდარა“.

„კომიკური ფაქტი“ - ასე მოიხსენიებენ დაკავებულების ადვოკატები 9 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვების ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას:

„საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით სასამართლო სხდომა. სხდომა გაგრძელდა დაახლოებით 22:30 საათამდე. გადაწყვეტილებაც სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი საინფორმაციო გამოშვების ანონსშივე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყო, განაცხადა, რომ ბრალდებულებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა სასამართლო დარბაზში მოსამართლის მიერ, არამედ პოლიტიკურ პარტიათა ოფისებში, პოლიტიკურ პირთა მიერ“.

თავად ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო გამოშვების ანონსში გასულ ინფორმაციას "მექანიკურ შეცდომას" უწოდებს და აცხადებს, რომ შეცდომა მოგვიანებით, იმავე გამოშვებაში შესწორდა.

აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენება არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი.

თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 12 საათზეა დანიშნული.

XS
SM
MD
LG