32 წლის ელენეს კორონავირუსი 5 დღის წინ დაუდასტურდა. ელენე ჭარბწონიანია, სახლში მკურნალობს და პერიოდულად, ოჯახის ექიმისგან იღებს რეკომენდაციებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, დამაკმაყოფილებელია, თუმცა, იცის, რომ ჭარბი წონა COVID-ის გართულების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ითვლება და ამიტომ, მესამე დღეა, ოჯახის ექიმს სთხოვს გაარკვიოს, სად და როგორ შეუძლია აიღოს კორონავირუსით ინფიცირებულთათვის განკუთვნილი ის სამი გამოკვლევა, რომლის შესახებაც გასული კვირის ბოლოს, კოვიდის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გააკეთა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულ პაციენტთა ნაწილს და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პაციენტს, ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი და სატურაციის განმსაზვრელი გამოკვლევა.
ოჯახის ექიმმა ელენეს უთხრა, რომ მათ, ვინც ბინაზე მკურნალობს, ჩამოთვლილი გამოკვლევები არ ეკუთვნით:
„თუ, მაინც და მაინც, გინდა, მაშინ შეგიძლია, კერძო ლაბორატორიას მიმართო და შენით ჩაიტარო გამოკვლევაო, ასე მითხრა ოჯახის ექიმმა. არადა, როგორც ვიცი, ჭარბი წონა ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ითვლება. მეშინია, რაიმე არ გამომეპაროს. ამიტომ, თუკი ხვალ-ზეგ არ გაირკვევა გამოკვლევის ამბავი, მაშინ, იძულებული ვიქნები, ჩემით გავიკეთო ანალიზები. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, ოჯახის ექიმებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ უბრალოდ, ჰაერზე ითქვა ამ ინიციატივის შესახებ“.
სამი დღეა, ცერცვაძის მიერ დაპირებული გამოკვლევის შესახებ დამატებით ინფორმაციას ელის ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წლამდე ცოლ-ქმარი. ქალს ასთმა აქვს. კაცს მაღალი არტერიული წნევა აწუხებს. კაცს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. მის მეუღლეს, რომელსაც მეოთხე დღეა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, PCR ტესტი დღეს აუღეს.
ხანდაზმულ ცოლ-ქმარს რეგიონის ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა უთხრა, რომ სავალდებულო გამოკვლევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ისინი არ ფლობენ, რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მათი განმარტებით, სატელეფონო გასაუბრების შედეგად, ჯერ ოჯახის ექიმმა უნდა ჩათვალოს საჭიროდ, ეკუთვნის თუ არა მათ სავალდებულო ანალიზები. თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ ანალიზები საჭიროა, ის უკავშირდება 112-ს, ამის შემდეგ 112 რეკავს ლაბორატორიაში და ატყობინებს, რომ ამა და ამ პაციენტს ეკუთვნის სავალდებულო ლაბორატორიული გამოკვლევა.
ვის ეკუთვნის გამოკვლევა? - ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს
ვის ეკუთვნის, რა კრიტერიუმებით და ვინ წყვეტს ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი პაციენტების სავალდებულო ანალიზების ჩატარების საკითხს? - ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკა ადამიას მიმართა.
ეკა ადამიას თქმით, საზოგადოებამ არასწორად აღიქვა და არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ე.წ. სავალდებულო გამოკვლევების ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, სიტყვა „სავალდებულო“ ამ საკითხთან დაკავშირებით, არასწორად იყო გამოყენებული, რამაც მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა:
„სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი მესიჯი. ამ ინიციატივის ძირითადი იდეა არის ის, რომ ადამიანებს, ვინც რჩებიან ბინაზე სამკურნალოდ, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა პაციენტს ამ სამი გამოკვლევიდან რომელიმე კვლევა და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გასცემს მიმართვას და პაციენტი მიმართვის საფუძველზე მიიღებს კვლევას კონკრეტულად ამ გამოკვლევისთვის განსაზღვრულ დაწესებულებებში“.
კოვიდ-ტაქსი - როგორი იქნება ინფიცირებულების ტრანსპორტირების სქემა?
ეკა ადამიას თქმით, ამ დროისათვის, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პაციენტების ბინიდან კლინიკებში ტრანსპორტირების სქემაზე, რომელიც უახლოეს საათებში გახდება ცნობილი:
„ჯერჯერობით, არ ვიცით, როგორი იქნება მოთხოვნა, ვფიქრობთ, რაღაც დონეზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ყველა რაიონში, ყველა გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა არ არის და ამიტომ ასაწყობია პაციენტების ტრანსპორტირების სქემა. შესაძლოა, ეს იყოს კოვიდ-ტაქსი ან კოვიდ-ტრანსპორტი, უახლოეს მომავალში გამოვა დადგენილება. პროექტი მზად არის, ახლა მიმდინარეობს ამ სქემის აწყობა“.
რაც შეეხება დაწესებულებებს, სადაც პაციენტებს საშუალება ექნებათ ჩაიტარონ გამოკვლევები, ეკა ადამიას თქმით, ეს გამოკვლევები ჯამში, 40-მდე დაწესებულებაში, კონკრეტულად განსაზღვრულ საათებში ჩატარდება.
ეკა ადამია ირწმუნება, რომ ყველა ოჯახის ექიმი ინფორმირებულია ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი პაციენტებისათვის გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ექიმები მიაწვდიან პაციენტებს ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციასაც.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბინაზე დარჩენილი პაციენტების გამოკვლევა?
- სისხლის საერთო ანალიზი იძლევა სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი, ხომ არ არის რაიმე სახის გართულება. ამ დროს მიიღება გადაწყვეტილება უნდა ჩაერთოს თუ არა მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები;
- D-დიმერის განსაზღვრა იძლევა სიგნალს, თრომბოემბოლიური გართულების შესახებ. როგორც კლინიცისტები განმარტავენ, კოვიდ-პაციენტების სიკვდილიანობის თითქმის მეოთხედი, თრომბოემბოლიური დაავადებებით არის გამოწვეული (ბინაზე დატოვებულებს შორის - თითქმის ასი პროცენტით). შესაბამისი ჩარევით თავიდან აცილებული იქნება თრომბოემბოლიური გართულება.
- სატურაციის განსაზღვრით, ექიმებს ეძლევათ საშალება, გაარკვიონ, ხომ არ ესაჭიროება ჟანგბადი ბინაზე დატოვებული პაციენტს. კორონავირუსის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი ისაა, რომ შესაძლოა, პაციენტი ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია და თავისუფლად სუნთქავდეს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. კლინიცისტების განმარტებით, ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გადაყვანილნი ბინიდან ჰოსპიტალში.