ოკუპირებულ ახალგორის რაიონში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 15-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, ადგილობრივი მოსახლეობა კი ვითარების სიმძიმეზე ლაპარაკობს. სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ადგილობრივი ექიმებისგან იცის, რომ ათი დღის წინ ორი ქალი ფილტვების ანთებით დაბიდან ცხინვალში გადაიყვანეს, 2 ინფიცირებული ამბულატორიულად მკურნალობს, 11 პაციენტი კი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 40-მდე ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება. მეარაყიშვილი ამბობს, რომ დაბაში ვითარება მძიმდება და ეს გამოწვეულია როგორც მოქალაქეების, ისე ექიმების გულგრილობით. მისი დაკვირვებით, ინფიცირებულები თვითიზოლაციის რეჟიმს არ იცავენ და ხშირად ჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც სხვების დაინფიცირების რისკი დიდია.
ზოგიერთი თანამშრომელი, ინფიცირების შიშით, უარს ამბობს ადამიანების დახმარებაზე. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის, დეზერტირია...ანატოლი ბიბილოვი
თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სამართალდამცავების ქცევითაც გაკვირვებულია. მისი თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საკარანტინო რეჟიმს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. სამართალდამცავები მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ და დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ, დაუმორჩილებელი მოქალაქეები კი სავალდებულო კარანტინში გადაჰყავდათ. მორიგეობდნენ საავადმყოფოსთან, რომ იქიდან არავინ გაქცეულიყო. ახლა კი ვითარება თვითდინებაზეა მიშვებული და მილიციელებსაც პრევენციული ღონისძიებების გატარების მიმართ ინტერესი დაკარგული აქვთ. მეარაყიშვილის თქმით, დაბაში საავადმყოფოს მთავარ ექიმს ზურაბ გობოზოვსაც ელოდებიან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და ორი კვირის წინ გამოჯანმრთელდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამსახურში მაინც არ გამოცხადებულა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სახლში დარჩენილ ექიმებს დეზერტირები უწოდა და დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ტოტჩიევს მათი სამსახურიდან გათავისუფლება დაავალა.
„ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ექიმებს, რომლებიც წითელ ზონაში იმყოფებიან. ჩვენ მადლობას ვუხდით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებიც ფეხზე ვეღარ დგანან, მაგრამ გამოძახებებზე მაინც მიდიან. ამასთან ერთად გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი, ინფიცირების შიშით, უარს ამბობს ადამიანების დახმარებაზე. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის, დეზერტირია. მე ვთვლი, რომ ექიმი და მედმუშაკი, რომელიც ამ შემთხვევაში კოვიდ-19-თან ბრძოლის ველიდან გარბის, ასევე დეზერტირია“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ახალგორის აფთიაქებში წამლების დეფიციტიცაა. თამარ მეარაყიშვილის თქმით, სიცხის დამწევი მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების შეძენა შეუძლებელია, თუმცა საავადმყოფოს მედიკამენტების მარაგი ჯერ კიდევ აქვს. მეარაყიშვილის თქმით, ყველაზე საშიში მაინც იმ მოქალაქეების ქცევაა, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ.
დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, რაც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს.