როგორ, ვინ და სად გიმკურნალებს, თუკი კორონავირუსით დაინფიცირდი, თუმცა, ვირუსი შენს ორგანიზმში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი.
სწორედ ამ ალგორითმის დახმარებით უნდა განისაზღვროს, ინფიცირებული სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება სამკურნალოდ, კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანენ მას თუ კლინიკაში. ეს ალგორითმი განსაზღვრავს იმასაც, რა ასაკის ადამიანები დაექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას. ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი ის დაავადებებიც, რომლის ქონის შემთხვევაში, პაციენტი სახლში ვერ დარჩება.
ვინ როგორ შეიტყობს, რომ ინფიცირებული ხარ?
- ალგორითმის თანახმად, როგორც კი PCR ტესტი განსაზღვრავს, რომ პირი კოვიდ-დადებითია, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება 112-ს;
- 112, პაციენტის მდგომარეობის შეფასების მიზნით, ინფორმაციას აწვდის ამბულატორიულ დაწესებულებას - ონლაინ კლინიკას;
- ონლაინ-კლინიკა ტელეფონით უკავშირდება პაციენტს და კრებს და აფასებს მის ანამნეზს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე დატოვების, კოვიდ-სასტუმროში თუ ჰოსპიტალში გადაყვანის მიზნით;
- იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტსა და მის ოჯახს, საშუალება აქვს, პაციენტი იყოს თვითიზოლაციაში და ამასთანავე, მისი მეთვალყურეობა განხორციელდეს უსაფრთხოდ, შესაძლოა, ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე დატოვების შესახებ;
- თუკი ასეთი პირობები არ არსებობს, მაშინ, პაციენტი გადადის კოვიდ-სასტუმროში.
კიდევ ვინ ვერ დარჩება სახლში სამკურნალოდ ან ვერ გადავა კოვიდ-სასტუმროში?
- პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ;
- პედიატრიული ასაკის პაციენტები, 15 წლამდე;
- 65 წელს ზევით პაციენტები;
რამდენი ექიმი იმუშავებს საკარანტინე სივრცეში?
ალგორითმის თანახმად, საკარანტინე სივრცეში, 20 პაციენტზე ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი იმუშავებს;
პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.
რამდენ ხანს შეიძლება დარჩე საკარანტინე სივრცეში, როგორც პაციენტი?
სიმპტომური პაციენტები: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც, ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ (ვირუსის ნარჩენი) კვლავ ჩანს;
უსიმპტომო პაციენტები: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც, ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ ისევ ხილულია.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, მსუბუქი პაციენტების მართვის ალგორითმზე საუბრისას, სწორედ ამ, ბოლო პუნქტზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას და თვლის, რომ მსუბუქი პაციენტების 10 დღის შემდეგ კვლავ საკარანტინე სივრცეებში დაყოვნება, მაშინ, როდესაც მათ არანაირი სიმპტომები აღარ აღენიშნებათ, რესურსის ფუჭი ხარჯვაა, რაკიღა საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები, რომლებსაც 10 დღის შემდეგ, სისხლში ვირუსის მსუბუქი კვალი რჩებათ, აღარ არიან ვირუსის გამავრცელებლები:
„კარგია, რომ გვაქვს ამ ტიპის დოკუმენტი. თუმცა, ვფიქრობ, არასწორია გადაწყვეტილება საკარანტინე სივრცეებში პაციენტების ხანგრძლივად დატოვების შესახებ. თვითიზოლაციის დასრულების პრინციპები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და დაავადებათა კონტროლის ამერიკულ ცენტრს, გაყოფილი აქვს ორ პრინციპად. პირველი პრინციპი დაფუძნებულია კლინიკურ სიმპტომებზე და მეორე, ტესტზე დაფუძნებული. ცხადია, მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ძალიან კარგია ტესტზე დაფუძნებული პრინციპი, თუმცა, ეს შესაძლოა, იყოს არარაციონალური, დამაბნეველი და არა ხარჯთეფექტური, რადგან იმისათვის, რომ პაციენტი ორი PCR-ის უარყოფით პასუხს დაელოდოს საკარანტინე სივრცეში ან კლინიკაში, ამას დიდი ფუფუნება სჭირდება. თითქმის ცხრა თვე გავიდა ვირუსის აღმოჩენიდან. ამ პერიოდში უკვე ცალსახად გაირკვა, რომ თუ სიმპტომურ პაციენტს მკურნალობის 10 დღე შეუსრულდება და პლიუს ამას 3 დღე უკვე უსიმპტომოა, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა დადებითი პასუხი აჩვენოს PCR ტესტმა, ის ვერავისთვის ვერ იქნება გადამდები, ანუ ინფექციის გამავრცელებელი. ჩვენი გაიდლაინი კი ამბობს, რომ მაინც საკარანტინე სივრცეში უნდა დარჩნენო. ან მსოფლიო სიახლეებს უნდა ითვალისწინებდე, ან შენ უნდა ქმნიდე ამ სიახლეებს. ჩვენ კი ამ სიახლეებს ვერ ვქმნით. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანმა ინფექციონისტებმა, კლინიკებმა, გაიაზრეს, რომ რნმ, ანუ, ვირუსის ნარჩენები, ვერ იქნება გამავრცელებელი. ამ ალგორითმში არსებული ეს რეკომენდაცია სრულიად გაუმართლებელია, რაც პაციენტების რაოდენობას საკარანტინე სივრცეებში უსასრულოდ გაზრდის და რასაც ვერ გაწვდება სახელმწიფო, ჩვენი ბიუჯეტი. მსოფლიო მეცნიერება გვეუბნება, რომ ჯანმრთელ პაციენტს შეიძლება ერთი თვისა და უფრო მეტი დროის გასვლის შემდეგაც კი აღმოუჩინო ვირუსის ნარჩენი, თუმცა, მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ სჭირდება საკარანტინე სივრცეებში დამწყვდევა. პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში, აპრილში, გასაგები იყო და არც მე ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ ახლა, როდესაც ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს, ჩვენ დროულად უნდა გავიაროთ ადაპტაცია. ახლა არ არის არარაციონალური გადაწყვეტილებების დრო“.
კითხვები აქვს ბიძინა კულუმბეგოვს დოკუმენტის კიდევ ერთ პუნქტთან, რომელიც 15 წლამდე ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანას ითვალისწინებს. მისი აზრით, არც ეს გადაწყვეტილებაა გამართლებული:
„თუკი ბავშვს ოჯახური პირობები და ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას, რომ დარჩეს სახლში, არ არის საჭირო მათი სტაციონარში გადაყვანა, რადგან სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვექნება იმის ფუფუნება, რომ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტი მოვათავსოთ კლინიკაში“.
იცვალა თუ არა ფორმა ვირუსმა?
ბიძინა კულუმბეგობი ამბობს, რომ პანდემიის დაწყებიდან 9 თვის თავზე, მსოფლიოში იმატა ვირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების რიცხვმა. თუმცა, ამ ეტაპზე, იმის თქმა, რომ ვირუსმა ფორმა და შინაარსი შეიცვალა ნაადრევია:
„ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს დღეს ვერავინ იძლევა. მოცემულობაა ისეთი, რომ ასაკობრივი სტრუქტურაა გაახალგაზრდავებული. დღეს ინფიცირებულთა თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყნებია, ინდოეთი, ბრაზილია, ამერიკა. რაც უფრო ახალგაზრდა თაობაა ავად, რა თქმა უნდა, დაავადებაც უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიდის. ამიტომ, უფრო ამას უკავშირდება მსოფლიოში მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა, ვიდრე, თავად ვირუსის შინაარსობრივ მხარეს“.
ბოლო სიახლეები ვაქცინის შესახებ
დღევანდელი მონაცემებით, COVID19-ის წინააღმდეგ, მსოფლიოში ოთხი ვაქცინაა დაწინაურებული და გადის გამოკვლევების მესამე ფაზას, რაც გულისხმობს კვლევაში ათობით ათასი ადამიანის ჩართვას.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა და რუსეთმა მათ მიერ წარმოებული ვაქცინები მესამე ფაზის გავლის გარეშე დაამტკიცეს, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის.
გამოკვლევის მესამე ფაზაზეა გადასული ვაქცინა „მოდერნა“. ვაქცინაზე მუშაობა იანვარში დაიწყო. „მოდერნა“ კვლევის მესამე ფაზას 27 ივლისს შეუდგა. ამ პროცესში, აშშ-ის 89 ქალაქის, 30 ათასზე მეტი მცხოვრები იქნება ჩართული. გამოკვლევის საბოლოო შედეგებს მოდერნა წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში ელის.
მესამე ფაზას გადის გერმანული კომპანია „ბიონტეკის“, ამერიკაში ბაზირებული „ფაიზერისა“ და ჩინური ფარმაცევტული კომპანია „ფოსან ფარმას“ თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინა. ისევე, როგორც „მოდერნამ“, ამ ვაქცინამაც 27 ივლისს გადაინაცვლა მესამე ეტაპზე. გამოკვლევაში აშშ-ის, არგენტინის, ბრაზილიისა და გერმანიის, 30 000 მოქალაქე იქნება ჩართული. ტრამპის ადმინისტრაციამ, დეკემბრისთვის, "ფაიზერის" 500 მილიონი დოზა ვაქცინის დასამზადებლად, 1,9 მილიარდი დოლარი გამოყო. 120 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე შეუკვეთა იაპონიამ. 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეკვეთას გეგმავს ევროკავშირი. რამდენიმე დღის წინ, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა მათ მიერ შექმნილი ვაქცინა.
კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც გამოკვლევის ბოლო, მესამე ფაზას გადის, ეს არის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა „ასტრაზენეკა“. შიმპანზეებზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ვირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს. მაისში, აშშ-ის ადმინისტრაციამ "ასტრაზენეკას" გამოკვლევების გასაფართოვებლად, 1,2 მილიარდი დოლარი გადასცა. ვაქცინის კვლევის პირველ და მეორე ეტაპზე, არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები. გამოკვლევების მესამე ფაზაში ჩაერთნენ ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკისა და შეერთებული შტატების მოქალაქეები. „ასტრაზენეკა“ აცხადებს, რომ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მათ საშუალება ექნებათ ოქტომბრის დასაწყისში უკვე გამოუშვან ვაქცინის საგანგებო დოზა. კომპანიის განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში, „ასტრაზენეკას“ გამოცდა შეჩერდა. მიზეზად დასახელდა ცდებში ჩართული ერთი პირის ავადმყოფობა. პაციენტს დაუსვეს ზურგის ტვინის ანთებითი დაავადება. თუმცა, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ამ დროისათვის, ინგლისში ცდები კვლავ განახლებულია.
ორი დღის წინ, 23 სექტემბერს გახდა ცნობილი კიდევ ერთი, მეოთხე ვაქცინის მესამე ფაზაზე გადასვლის შესახებ. ეს არის ამერიკული კომპანიის „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის გამოკვლევაშიც 60 ათასამდე მოხალისე ჩაერთვება. დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას მიზნად აქვს, რომ 2021 წელს, მინიმუმ, ერთი მილიარდი დოზა ვაქცინა გამოუშვას.
ბიძინა კულუმბეგოვს განსაკუთრებული მოლოდინი სწორედ ამ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ შექმნილი ვაქცინის მიმართ აქვს:
„მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, ეს გახლავთ ვაქცინები, რომლებიც ორჯერადად კეთდება. პირველი ვაქცინაციიდან ოთხი კვირის თავზე კეთდება მეორე დოზა, რათა ჩამოყალიბდეს მყარი იმუნიტეტი. გარდა ამისა, საკმაოდ რთული იქნება ამ ვაქცინების დისტრიბუცია, რადგან 0-დან 2-4 გრადუსამდე, ანუ ე.წ. ცივი ჯაჭვით უნდა ინახებოდეს ეს ვაქცინები, რაც სირთულეს წარმოადგენს. ჩვენთან რომ ჩამოვიდეს 3 მილიონი დოზა, მისი შენახვის პრობლემის წინაშე დავდგებით. სწორედ ამიტომ, ძალიან დამაიმედებელია ის, რომ მესამე ფაზაში გადავიდა მეოთხე ვაქცინა, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ვექტორული ვაქცინაა და მისი პლიუსი არის ის, რომ მხოლოდ ერთხელ კეთდება. ამ ვაქცინას ძალიან დიდი იმედით უყურებენ და უკვე წინასწარი კონტრაქტებიც არის გაფორმებული. წესით, ოქტომბრის ბოლოს, გამოკვლევის შედეგები უკვე უნდა იყოს და დამტკიცების შემთხვევაში, წარმოებაც მალევე დაიწყება“.