Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი "ნაჩალნიკების" სიზმრები საქართველოზე - ნაწყვეტები მერაბ მამარდაშვილის ლექციებიდან


15 სექტემბერს მერაბ მამარდაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. რადიო თავისუფლება იხსენებს რამდენიმე გამორჩეულ ციტატას მისი ლექციებიდან, რომელიც ფილოსოფოსმა 1990 წელს, ეროვნული მოძრაობის პიკში ყოფნისას, საქართველოში წაიკითხა. ლექციები თავმოყრილია წიგნში „საუბრები ფილოსოფიაზე“.

რა მოაქვს თავისუფლებას

მე მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან მესმის, რომ სანამ დამოუკიდებლობას ვერ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ რეალობას, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს. მარტო ამისთვისაც საჭიროა დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, სწორედ ასე ფიქრობდა განდი. მას საკუთარი ერის დიდი იმედი არ ჰქონდა და გარკვეულ პატივს სცემდა ინგლისურ ადმინისტრაციას. მე ამ უკანასკნელს სრულიად არ ვადარებ რუსულ ადმინისტრაციას. ის ისეთივე იდიოტია და უნიჭო, როგორც ჩვენი, ქართული, ადმინისტრაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში განდის აზრია საინტერესო. იგი თვლიდა: განთავისუფლების შედეგად გვეყოლება საკუთარი გარყვნილი და კორუმპირებული ადმინისტრაცია. დე, იყოს ასე! განთავისუფლება აბსოლუტური ამოცანაა და ერთ რამეს მაინც მივაღწევთ: ჩვენს თავს დავინახავთ. სანამ არ განვთავისუფლებულვართ, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ინგლისელი ცუდია და უნდა განვთავისუფლდეთ, ხოლო როცა განვთავისუფლდებით და ყველაფერი ჩავარდება საკუთარი კორუმპირებული, ეგოისტი ინდოელი ადმინისტრატორის ხელში, მაშინ უკვე გარეთ კი აღარ დავიწყებთ მტრის ძებნას, არამედ ჩვენ შიგნით დავინახავთ მას და მივხვდებით, რა არის გასაკეთებელი.

მიტინგის ფენომენზე

მიტინგს აქვს საკუთარი დრო, რომელიც არ არის აზროვნების დრო. მიტინგი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთოს რაღაცა, რასაც ვერასდროს გაიფიქრებდა, ვერ გააკეთებდა მარტო. როცა ადამიანი მარტოა, მასში მოქმედებს ზნეობისა და აზროვნების ინდივიდუალური პიროვნული საწყისები. სხვასთან ერთად ყოფნა კი შესაძლებლობას მაძლევს გავაკეთო ის, რის ნებასაც ჩემი პირადი სინდისი არ დამრთავდა.

იდეოლოგიის ფენომენზე

ჩვენ იდეოლოგიურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იდეოლოგიამ, თავისი შინაგანი კანონის თანახმად, უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, სადაც მისი ეფექტი გაიზომება არა იმით, თუ რას დააჯერებს იგი ადამიანს, არამედ იმით, თუ რას არ აფიქრებინებს მას. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საბჭოთა ან მარქსისტული იდეოლოგია ეფექტური აღარ არის, რადგან მისი არავის სჯერა. ეს სისულელეა. ეს არის არგაგება თვით იდეოლოგიის ფენომენისა.

გამოცდილება, რომელსაც ვერ გამოიყენებ

ნორმალური ევროპელი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ადამიანის სულის შესაძლებლობა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ. იგი წარმოუდგენელი იყო წინათ [საბჭოთა სისტემამდე], სანამ მოხდებოდა და წარმოუდგენელი რჩება ახლაც, როცა უკვე მოხდა. ვერავინ სწვდება ამ გამოცდილების აზრს, ალბათ იმიტომ, რომ ის საერთოდ ადამიანობის მიღმაა. როგორც ერთმა პოლონელმა პოეტმა თქვა, ეს არის მწარე და უაზრო ან გამოუყენებელი გამოცდილება. ეს არის გამოცდილება, რისგანაც რაიმეს სწავლა შეუძლებელია.

საბჭოთა სისტემაზე მორგების ფასი

[ქართველებმა] შესანიშნავად ავითვისეთ საბჭოთა ეკონომიკური სისტემა და ამის შედეგად დავკარგეთ ბევრი რამ, რაც ტრადიციულად მოგვდგამდა... ბევრი რამ, რაც აუცილებელი ნიშანი იყო ქართული ტრადიციული ხატისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს სულში უზის, გაქრა ან გადაგვარდა. როგორ მოხდა ეს? ჩვენ გადავირჩინეთ თავი, მოვირგეთ საბჭოთა სისტემა და ისე არ გავღატაკებულვართ, როგორც რუსული სოფელი, უფრო კარგად ვცხოვრობდით, ვიდრე მოსკოველები ან სხვები, მაგრამ ყველაფერ ამას თავისი ფასი აქვს.

მუდმივ წრეში

...უსასრულოდ მეორდება გამოცდილება, რომლის საფუძველზე ვერაფერი ვისწავლეთ, და ამ გამეორების სიმბოლო არის ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი არის მუდმივი ღეჭვა ერთი და იმავესი, ან შეუძლებელი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი იმ გაგებით, რომ ვკვდები, ვკვდები და ვერა ვკვდები. სიკვდილი, თავის მხრივ, არის მეტაფორა დასკვნისა, სამუდამო სწავლისა.

ვინც კი სწავლობს რუსეთის ისტორიას ჩაღრმავებით, ხედავს უცნაურ თვისებას ამ სივრცისა, რომელსაც რუსეთი ჰქვია (განზრახ ვლაპარაკობ სივრცეზე, დროზე, რომ ყველაფერი რუსი ეთნოსის იმპერიულ თვისებებს არ მივაწერო). ეს არის თვისება, რომელიც თითქმის არც ერთ ერს არ გააჩნია: განსაკუთრებული ნიჭი, უბრალო ყოველდღიური ცხოვრება აქციოს ჯოჯოხეთად. ამ ნიჭის მიღმა იმალება გარკვეული თვისება, რომელიც ეთნოსს კი არ ეკუთვნის, არამედ გარკვეული სივრცის ბედისწერას. ეს თვისება გახლავთ თითქმის ციკლური გამეორება: თქვენ შენიშნავთ, რომ ამ სამასი წლის განმავლობაში რუსეთის ისტორიაში ერთი და იგივე ძალები მოქმედებს, ადამიანები კვლავ იმეორებენ ერთსა და იმავე გამოცდილებას, რადგან თავიანთი ცხოვრების შიგნით არ ასრულებენ აქტს, რომელსაც ჰქვია მსჯავრის წინაშე წარდგომა. ან აქ უნდა წარდგე სამსჯავროზე და ხელახლა დაიბადო, ან, თუ ეს არ გააკეთე, მერე ვერასდროს მოახერხებ. ვინც ხელახლა არ დაიბადა ამ სიცოცხლეში, აღარ აღდგება სიკვდილის შემდეგ. სახარება სწორედ ამას გვაუწყებს, რომ ჩვენ ასე ვართ მოწყობილი: ის, რაც ჩვენს ყოფიერებაში, ჩვენს მოწოდებაში არის ჩადებული, სიცოცხლეში უნდა შევასრულოთ და არ გადავდოთ, სანამ ყველაფერი მოთავდება. ​

რუსი „ნაჩალნიკების“ სიზმრები საქართველოზე

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი, დიდი თუ პატარა რუსი „ნაჩალნიკის“ თვალში ზღვას - სძინავს და ზღვა ესიზმრება: საკუთარი ყურით გამიგონია კლასიკური გამოთქმა: „ეს რა კარგი მიწა ჩაიგდეს ქართველებმა ხელშიო“. აღნიშნული „ნაჩალნიკისთვის“ ბუნებრივია, რაკი ზღვაზე წავიდა, ეს ზღვა თავისად მიიჩნიოს, ჩვენ კი თურმე რაღაც ეშმაკობით ჩაგვიგდია ხელში მიწა, რომელზედაც უკვე რამდენი ათასი წელია ვცხოვრობთ.

საქართველოს მტრებზე

მე ჩემი თავის შემრცხვება, თუ ვიფიქრე, რომ ოსი ან აფხაზი საქართველოსთვის სერიოზული მტერი და ხიფათია. საქართველოს ჰყავს მტერი - ეს არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა.

რუსი და ქართველი ხალხის ფენომენზე

მე ვიტყოდი, რომ რუს ხალხს რაღაცნაირად დარღვეული აქვს ის ფენომენი, რასაც ჰქვია სიცოცხლის სიყვარული ან სიცოცხლის გემო. მათგან განსხვავებით, ქართველებს - და ეს არის ჩვენი მომავლის იმედი - შერყეული და დარღვეული არა გვაქვს ფუნდამენტური ურთიერთობა სიცოცხლესთან, როგორც ფენომენთან. ის ოდნავ შელახული კია, მაგრამ მისი საძირკველი ფუნდამენტში საღია. რუსეთში კი თითქოს მოჯადოებულები არიან სიკვდილით, თითქოს ეჩოთირებათ სიცოცხლე. ეს ბევრი რამით ჩანს, ეს არის ერთ-ერთი წინამძღვარი იმისა, რომ რუსეთის სივრცეში ტოტალიტარიზმმა გაიმარჯვა.

სტალინზე და მის როლზე

ჩემი რწმენით, - თუმცა არც ერთი თქვენგანი არ დამეთანხმება, - სტალინმა დაანგრია სახელმწიფო. მეორე მსოფლიო ომში სსრკ რეალურად დამარცხდა და ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც დამარცხებული სახელმწიფო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG