Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთის საძოვარი და სასაფლაო ოკუპაციის საფრთხის წინაშე


ხურვალეთი
ხურვალეთი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მცხოვრები კახა ქუთელაშვილი სოფელში გამოჩენილი საოკუპაციო ძალების ქმედებებს ყოველდღე აკვირდება. 12 სექტემბრის შემდეგ ისინი სოფლის ქედზე ძელებს ამონტაჟებენ და მათზე მავთულხლართებს აბამენ. შეიარაღებული პირები სოფლის საძოვარს ღობავენ, იქვეა ხურვალეთის სასაფლაოც.

ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალებმა ძველი გამყოფი ხაზი სოფლის სიღრმეში გადმოსწიეს, რამაც იმის საფრთხე შექმნა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცეს სასაფლაო, საძოვარი და კიდევ რამდენიმე სახლი. ქედი, სადაც შეიარაღებული პირები მუშაობენ, სწორედ სასაფლაოს და სკოლას ესაზღვრება. ხურვალეთის მცხოვრები ლუდა სალია ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართული პოლიციური საგუშაგოს სიახლოვეს გამოჩნდნენ. იქვე ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს კი ყველაზე მეტად ეშინიათ.

ხურვალეთში პატრულირებს პოლიცია, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ქედზე საქონლის გარეკვას მაინც ერიდება, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სკოლაც ოკუპაციის ხაზთან ძალიან ახლოსაა და სოფელში ყველას ეშინია.

„ყველა დაშინებულები ვართ. ბოძები უკვე დარჭობილია. აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე არიან გადმოსულები. დღეს შევამჩნიეთ, რომ უკვე ამ ბოძებზე მავთულხლართებს ავლებენ და ჩვენი პოლიციაც მანდ დგას. ყველა დაშინებულია, იმიტომ რომ ჩვენი საქონელი მაგ ქედზე დადის და იქით თუ გადავიდა, მწყემსი დაკავების შიშით უკან გამოსარეკად ვერ გაჰყვება“, აცხადებენ ხურვალეთელები.

სოფელ ხურვალეთში ყოველდღიურად ჩადიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, სოფელში, სადაც რამდენიმე დღეა მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება 2011 წელს დაიწყეს და სოფელი ორ ნაწილად გაყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა სოფლის მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. დათა ვანიშვილთან ხშირად ჩადიან საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12 სექტემბერს განაცხადეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეწყდეს უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედება.

საოკუპაციო ძალები გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში წელს სამ ლოკაციაზე გამოჩნდნენ. აპრილში მათ ახალი ღობეები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში გაავლეს და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული, დაახლოებით, 15 ჰექტარამდე მიწის ფართობი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს. 2 სექტემბერს საოკუპაციო ძალების ტექნიკა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მინდორში გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად მიდიან, პატრულირებენ შეიარაღებული პირები, ამონტაჟებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და პერიოდულად ხნულებს ავლებენ. ახალი ხნულები მათ საოკუპაციო ბანერების მოშორებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გაავლეს. საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი ახლა სოფელ ხურვალეთში გააგრძელეს. ქედზე, სადაც ბოძები დაამონტაჟეს, იქვე სოფლის სასაფლაოა, სასაფლაოს გვერდით კი ხურვალეთის სკოლაა. სოფლის მცხოვრებლებს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ საოკუპაციო ძალები სკოლას მიუახლოვდებიან.

XS
SM
MD
LG