გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამუშაოები განაახლეს და 12 სექტემბერს დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართების გავლება დაიწყეს.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საოკუპაციო ძალებმა ძველი გამყოფი ხაზი, სოფლის სიღრმეში გადმოწიეს, რამაც იმის საფრთხე შექმნა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცეს სასაფლაო, საძოვარი და კიდევ რამდენიმე სახლი.
ქედი, სადაც შეიარაღებული პირები მუშაობენ, სწორედ სასაფლაოს და სკოლას ესაზღვრება. ხურვალეთში პატრულირებს პოლიცია, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ადგილობრივ მოსახლეობას კი ამ ქედზე საქონლის გარეკვის მაინც ეშინია, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.
სოფლის მცხოვრები პავლე ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ქედის სიახლოვეს საქონლის გარეკვა უკვე საშიშია:
„ყველა დაშინებულები ვართ. ბოძები უკვე დარჭობილია. აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე არიან გადმოსულები. დღეს შევამჩნიეთ, რომ უკვე ამ ბოძებზე მავთულხლართებს ავლებენ და ჩვენი პოლიციაც მანდ დგას. ყველა დაშინებულია, იმიტომ რომ ჩვენი საქონელი მაგ ქედზე დადის და იქით თუ გადავიდა, მწყემსი დაკავების შიშით უკან გამოსარეკად ვერ გაჰყვება“.
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლუდა სალია ორი დღეა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების საქმიანობას აკვირდება. მოხუცთა თავშესაფარი ახლოა იმ ქედთან, სადაც ახლა შეიარაღებული პირები იმყოფებიან.
„დილიდან შევნიშნე, რომ ისევ გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები. დაიწყეს მავთულხლართების გავლება. წუხელ საღამოს მეზობლებში გავიარე, ზუსტად იმ ადგილის ახლოს, სადაც ამ ბოძებს არჭობენ. სამი-ოთხი ოჯახი არის ძალიან შეშფოთებული. ამბობენ, რომ ბოლო ქართული საგუშაგოს სიახლოვეს ტარიტორიის წაღებისკენ მიდის საქმე და სკოლასთან ახლოს ქედიდან უფრო დაბლა ჩამოვლენ.“
სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება 2011 წელს დაიწყეს და სოფელი ორ ნაწილად გაყვეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა სოფლის მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა.
დათა ვანიშვილთან ხშირად ჩადიან საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა.
უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოითხოვეს უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ხურვალეთში მეორე დღეა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას ელოდებიან, თუმცა სოფელში არც მთავრობის და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ ჩასულან.