Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაკვეთა თუ არა „პატრიოტთა ალიანსმა“ საზოგადოებრივი წითელი ხაზი


„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბათუმში, 29 აგვისტოს გამოფენილი საარჩევნო ბანერი ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო. ბანერზე გამოსახული საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად წითლად მონიშნული იყო აჭარაც, აღქმული იქნა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ამ რეგიონის არსებობისთვის შექმნილ საფრთხედ, რაც ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, აჭარაში მტკივნეულად აღიქმება.

"და ასე იყო ყოველთვის", - ამბობს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი. ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იხსენებს, რომ თავის დროზე, ამ მოძრაობის ყველაზე ავტორიტეტული ლიდერის, ზვიად გამსახურდიას სინამდვილეში უწყინარი ფრაზა აჭარაში მეტად მტკივნეულად აღიქვეს:

„გამოდის, რომ შესაძლებელია ჩემი განცალკევება საქართველოდან. აჭარლები კი ამას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ. გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას ფრაზა, რომელიც კარგი გაგებით ითქვა - „აჭარლებო, გახსოვდეთ, თქვენც ქართველები ხართო“ - და ძლივს გამოასწრო, ხალხი ფიზიკურად გაიწია მის გასალახად. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს წლები დაგვჭირდა, რომ ეს გაგვემართლებინა. დღესაც ისმის ფრაზები: „მუსლიმანები ხართ?“ „ აჭარელი ხალხი“ და სხვა. ამას ძალიან სენსიტიურად აღვიქვამთ. ამ დროს, როცა შენ კიდევ აფხაზეთს, ოსეთს გადარებენ და ირიბად მიგანიშნებენ, რომ შეიძლება ჩამოსცილდე საქართველოს, ბუნებრივია, ეს მოსახლეობაში აღშფოთებას იწვევს“.

გიორგი მასალკინი არ ფიქრობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე ვიზუალურად გამოსახული გამაღიზიანებელი შინაარსი შემთხვევით გამოჩნდა და, უბრალოდ, შეცდომა იყო. მასალკინი ამბობს, რომ საქართველოს რუკაზე აჭარის წითლად მონიშვნა და თურქეთიდან მომავალი წითელი ისრების გამოსახვა მიანიშნებდა მეზობელი ქვეყნიდან მომავალ "საფრთხეზე", ეს ნარატივი კი ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ინტერესებშია:

"ამით იფუჭებ ურთიერთობას ერთადერთ მეზობელთან, რომელიც პატიოსნად იცავს სუვერენიტეტს და შენს საზღვრებს. არც რუსეთთან, არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან ჩვენ საზღვარი ბოლომდე დემარკირებული არ გვაქვს. ერთადერთი თურქეთთან გვაქვს. ეს ქვეყანა ნატოს წევრია. მართალია, იქ ცუდი ამბავი ხდება, ერდოანის ავტორიტარიზმია, მაგრამ ყველაფერი ცვალებადია. მართალია, ისტორიულად ჩვენი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ათათურქის დროს, როცა ცნეს ჩვენი სუვერენიტეტი, ამას ზედმიწევნით დღემდე იცავენ. დღეს უკვე ეკონომიკაც გვაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ ვითარებაში „პატრიოტთა ალიანსი“ სვამს კითხვას: ვინ დაგვიცავს თურქეთისგან? და, ბუნებრივია, ჩნდება რუსეთის ფაქტორი, იმიტომ რომ საქვეყნოდ ცნობილია ამ პარტიის კავშირი რუსეთთან“.

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირი, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების საკითხიც გამჭვირვალე უნდა გახდესო, მიაჩნია ბათუმელ იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს. მისი შეფასებით, ამ პარტიის ლიდერებს ქსენოფობიური გამოსვლები წარსულშიც არაერთხელ ჰქონიათ, თუმცა ახლა წითელი ხაზი გადაიკვეთა:

"საზოგადოებამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე - აჭარა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად მოხსენიებული იყო, როგორც ოკუპირებული რეგიონი, ტოლობის ნიშანი დაისვა სეპარატისტულ რეგიონებთან. სწორედ ამ ოკუპაციის ცნებამ, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, გააღვიძა მაღალი საზოგადოებრივი შეგნება. საზოგადოების მხრიდან წამოვიდა სწორი მითითებები და დასკვნები, რამაც აიძულა ეს პარტია უკან დაეხია და წინა წლებში გაჟღერებული მოსაზრებები ნაწილობრივ უარეყოთ. ფაქტობრივად, მათ გადაკვეთეს საზოგადოებრივი წითელი ხაზი. ეს კი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის საერთოა - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ნებისმიერი შეხედულებების თუ პოლიტიკური პლატფორმის მიუხედავად, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია“.

გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ამ გზავნილით ერთი მხრივ, გამოააშკარავა თავისი პოლიტიკური მიზანი, მეორე მხრივ კი, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ღია ინტერესიც აჩვენა:

„ჩვენი ქვეყნის სამეზობლო პოლიტიკაში [თურქეთთან] მუდმივად ცდილობენ შეიტანონ დისონანსი, შექმნან ნეგატიური განწყობები, რაც ართულებს ორ ქვეყანას შორის სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობას. ზოგადად, რეგიონში საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებას უშლის ხელს. სწორედ ეს მიზანი გამოჩნდა. ეს არ არის შეცდომა. ეს ამ პარტიის განაცხადია. ჩვენ ადრეც მოგვისმენია და ახლაც ვისმენთ - ისინი ოკუპანტად განიხილავენ მეზობელ ქვეყანას, რომელთანაც მრავალწლიან ეკონომიკურ ურთიერთობასთან ერთად გვაქვს მშვიდობიანი მეზობლური თანაცხოვრება. ამ დროს არ მოიხსენიებენ, სტატუსს არც კი ანიჭებენ რეალურ ოკუპანტს. ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის მიზანმიმართული გეგმაზომიერი ქმედება, რაც აუცილებლად უნდა იყოს შესწავლის საგანი“.

მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" საერთოდ უნდა აიკრძალოს, ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძეცაა. მისი შეფასებით, ამ პარტიის მოქმედებები, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია.

„ისინი თითქოს, ანტითურქულ განწყობებს ქმნიან და ამ თემებს წამოსწევენ ხოლმე, როცა, პირიქით, მთელი ძალისხმევა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. ამის ნაცვლად ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს თურქეთიდანაა საფრთხე. ამ დროს საქართველოს ყველაზე მეტად კეთილმეზობლური ურთიერთობა და მოწესრიგებული საზღვრები აქვს თურქეთთან. ერთ-ერთი მთავარი ჩვენი პარტნიორია. ამიტომ აჭარაში სპეციალურად აკეთებენ ამას. ეს იყო შუღლის გაღვივების ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება. ეს კი სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. ნორმალურ სახელმწიფოში უკვე სისხლის სამართლის საქმე იქნებოდა აღძრული და დაიწყებოდა პროცედურები ამ პარტიის აკრძალვის შესახებ“.

XS
SM
MD
LG