11 აგვისტოს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის ავტორები „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.
მანამდე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარი, ოლივერ ვარჰელი, და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი.
„დაუშვებელია და უნდა შეწყდეს ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ბელარუსში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არჩევნების გამჭვირვალობა“, - განაცხადა 10 აგვისტოს დავიდ სასოლმა, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ.
„რეჟიმის მოქმედება არის დანაშაულებრივი“
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების ღამით მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ჰქონდა მანამდე არნახული მასშტაბი და შეუძლებელია მისი გამართლება ან განმეორება
11 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში 24 ევროპარლამენტარი გადაჭრით აცხადებს, რომ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ლეგიტიმური.
„თავისუფლებისა და დემოკრატიული ცვლილებების მომხრე მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო ძალადობისა და უმკაცრესი ზომების გამოყენებით ბელარუსის რეჟიმმა გადალახა წითელი ხაზი. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო პროცესში ათასობით ბელარუსის, მათ შორის, უფლებადამცველების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მომხრეების, ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლების სასტიკი ძალით დარბევას და დაპატიმრებას, მათთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების ხელყოფას. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების ღამით მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ჰქონდა მანამდე არნახული მასშტაბი და შეუძლებელია მისი გამართლება ან განმეორება“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.
„ბელარუსის რეჟიმის მოქმედება არის დანაშაულებრივი. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და დემოკრატიის პრინციპებს. მეტიც, ის ეწინააღმდეგება ბელარუსი ხალხის ნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, შეაფასოს და შესაბამისად გადასინჯოს ევროკავშირის თანამშრომლობა ბელარუსთან. ამასთან, უნდა შეჩერდეს ევროკავშირ-ბელარუსის მოლაპარაკებები პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ. ევროკავშირის ფინანსური დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიმართული ბელარუსის რეჟიმის სასარგებლოდ, ის მიმართული უნდა იყოს ბელარუსი ხალხისკენ“, - ნათქვამია 24 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.
სანქციები ხელისუფლებას, დახმარება - არასამთავრობოებს
ევროკავშირის ფინანსური დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიმართული ბელარუსის რეჟიმის სასარგებლოდ, ის მიმართული უნდა იყოს ბელარუსი ხალხისკენ
ამასთან, მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ხელშესახები შედეგის“ მისაღწევად საჭიროა, რომ ბელარუსმა ხალხმა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება მიიღოს საიმედო პარტნიორების - „სამოქალაქო საზოგადოების“ - გზით და ასეთი მხარდაჭერა „მოთხოვნების შესაბამისად“ უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ დაუწესოს სანქციები არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში დამნაშავე ყველა პირს. სანქციები უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათი ოჯახების წევრებზე, არამედ რეპრესიული უწყებებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშუალო დონის მოხელეებზე. სავარაუდო შეზღუდვების ჩამონათვალი უნდა ითვალისწინებდეს მოგზაურობის აკრძალვას ევროკავშირის ფარგლებში და ანგარიშების გაყინვას მანამდე, სანამ ბელარუსში არ ჩატარდება ლეგიტიმური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.
ამ განცხადების ფონია ხელისუფლების მიერ 10-11 აგვისტოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევა მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.
უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ მილიციამ დააკავა, დაახლოებით, 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა.
ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.
- ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, მიიღო ხმების 80.23 %, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9 %. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციისავე ცნობით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23 %.
- ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინაღმდეგ გამოიყენა სპეციალური საშუალებები: რეზინის ტყვიები, ხმოვანი და ცრემლსადენი ყუმბარები.
- ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.
- მან მოუწოდა მომხრეებს, შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები. „ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. მე გთხოვთ თქვენ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას, არ გამოხვიდეთ მოედნებზე, არ ჩაიგდოთ საფრთხეში სიცოცხლე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს“, - აცხადებს სადავოდ ქცეულ ვიდეომიმართვაში სვიატლანა ციხანოუსკაია.
- უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი, მარია კოლესნიკოვა, ვარაუდობს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი თავის მომხრეებს მოუწოდებს აღარ გამოვიდნენ ქუჩებში, ჩაწერილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ზეწოლით.
- ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა.