გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის დაზიანებას ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები “რეაბილიტაციის თანმდევ” პროცესად აფასებენ და არა შეცდომად, რომლის გამოც პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
გელათის მონასტრის მთავარი ნაწილის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის - ირგვლივ ხარაჩოები ხელახლა ეწყობა, გასულ წელს დაგებული ახალი სახურავი ისევ გამოსაცვლელია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოჭიქული კრამიტის ნაწილს, რომელიც გადახურვიდან მალევე დაზიანდა, ახლა ლურჯი ტენტი აქვს გადაფარებული, რომ წვიმის წყალმა ტაძარში არ გაჟონოს.
დღეს, 23 ივლისს, გელათის მონასტერში „ხარვეზების გამოსწორების პროცესის“ ადგილზე სანახავად იყვნენ სამი უწყების - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ - ხელმძღვანელები. მათ კომპლექსი დაათვალიერეს, ჟურნალისტებს ინტერვიუები მისცეს და ადგილი მალევე დატოვეს.
„ადგილზე პრობლემების ლაბირინთია, რადგან რეკონსტრუქციის მეთოდი არასწორადაა შერჩეული. სახურავი იკრებს ნესტს და რაც დრო გავა, ნესტი შიგნით მეტად გამოჩნდება კიბოს უჯერედებივით. ეს [სამონასტრო კომპლექსი] არის ავადმყოფივით, რომელსაც ვერ დაუსვეს დიაგნოზი და გაუკეთეს სხვა ოპერაციები სხვა მეთოდით, ვიდრე საჭირო იყო. კრამიტი არასაიმედოა და ბევრგან ატარებს წყალს, კრამიტის ქვეშ ჩასხმული საიზოლაციო ხსნარი ნესტს ღრუბელივით იკრებს. თვეში ერთხელაც რომ მოვიდეს წვიმა, საკმარისია გადახურვა წყლით გაიჟღინთოს“, - ამბობს კულტურის ყოფილი მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელმაც სამონასტრო კომპლექსი პასუხისმგებელი პირების ჩასვლამდე მოინახულა.
ამტკიცებს, რომ ტაძარი ხელახლაა გადასახური: „თანხა გადაყრილი გამოდის, დრო დახარჯული და, რაც ყველაზე მთავარია, ნესტი, რომლითაც გაჟღენთილია ტაძრის სახურავი, თავს მეტად იჩენს“, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.
„სახურავის მხოლოდ 10-15 პროცენტია გამოსაცვლელი”, - ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, და დასძენს, რომ ტაძრის ამ ნაწილს სამშენებლო კომპანია გამოასწორებს.
ნიკოლოზ ანთიძისავე განცხადებით, ტაძრის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია: „მე-20 საუკუნის კონსერვაციის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ჩამოცვივდა მასალა. ახალი დაზიანებები არ არის. ზოგადად, პრობლემები ჰქონდა ყოველთვის გელათის მხატვრობას და ველოდებოდით სახურავის მოწყობას, რომ მხატვრობის სრული კონსერვაციის პროექტი განხორციელდეს“, - გვითხრა მან დღეს.
ტაძრის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ან მათ მიმდინარეობაზე ზედამხედველი სპეციალისტების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამბობენ ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ყოველთვის ახლავს მსგავსი ხარვეზები.
„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვა 2016 წელს დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელი, მაკა დვალიშვილი, რომელმაც დღეს თავად დაათვალიერა კომპლექსი გარედან, აცხადებს, რომ მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა იმის დასადგენად, თუ რატომ დაზიანდა კრამიტი გადახურვიდან მალევე.
„საჭიროა გონივრული დრო, ახლა ეწყობა დროებითი გადახურვა და ლაბორატორიული კვლევების დასკვნების საფუძველზე შეიცვლება სახურავის დაზიანებული ნაწილი“, - ამბობს ის და ვერ ასახელებს დროს, თუ როდის შეიცვლება სახურავი.
მუნიციპალური ფონდი, რომელმაც გადახურვის ხარჯები გაიღო, დამატებითი სახსრების გაღებას სახურავის შესაცვლელად არ აპირებს: „1500 კვადრატული მეტრია მთლიანად გელათის გადახურვა და 60-70 კვადრატული მეტრია შესაცვლელი. კონტრაქტით, კომპანია ვალდებულია, 1 წლის განმავლობაში გამოვლენილი დეფექტები გამოასწოროს“, - აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია.
პასუხისმგებელი პირები მკაფიოდ ვერ პასუხობენ კითხვას, თავიდანვე ხომ არ გადაიხურა ტაძარი უკვე დაზიანებული მასალით. სამივე უწყების წარმომადგენელი, რომელმაც დღეს გელათი რამდენიმე წუთით გარედან და შიგნიდან დაათვალიერა, ამბობს, რომ მიმდინარეობს ჯანსაღი და დაზიანებული კრამიტის ლაბორატორიული კვლევა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს წაიღებს.
ორი კვირის წინ გელათის მონასტრის ცენტრალური ტაძრის ერთ ნაწილს ტენტი იმ ადგილას გადააფარეს, სადაც ზამთრის შემდეგ მოჭიქული კრამიტი დასკდა. ტაძრის მომსახურე პერსონალმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყალი სახურავის გამოცვლის დროს რამდენჯერმე ჩავიდა, ჭერი და კედლები დაასველა და, რაც მთავარია, ფრესკების ნაწილი დააზიანა.
წაიკითხეთ ასევე:
გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებს
რატომ ვერ გაუძლო გელათის სახურავმა ზამთარს - ფრესკების გადასარჩენად ტაძარი ტენტით გადახურეს