Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა ბათუმის მერი


ლაშა კომახიძე
ლაშა კომახიძე

ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ, ერთკვირიანი დუმილი დაარღვია და გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ დაადასტურა. ბრიფინგზე მან თქვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო „სახელმწიფოებრივი მიდგომით“

„და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. ყველაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს. ვგულისხმობ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩემს ამომრჩეველს, რომელმაც 2017 წლის ოქტომბერში 65 %-ით პირველივე ტურში ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა პირადად მე და ჩვენს გუნდს“, - თქვა ლაშა კომახიძემ, თუმცა წასვლის მიზეზი არც საკუთარი ამომრჩევლებისთვის განმარტა და არც ჟურნალისტებთან დააკონკრეტა მიზეზი, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ისევ და ისევ წასვლის მიზეზებზე სთხოვეს განმარტება, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ გუნდის აზრი გაითვალისწინა:

„რა თქმა უნდა, მე გავითვალისწინე გუნდური შეხედულება ამის თაობაზე. ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისთვის. სწორედ ქალაქია ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი და ის პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მე პირადად არ ვიბრძვი არც ერთი სკამისათვის“.

ლაშა კომახიძემ უარყო, რომ მასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შორის უთანხმოება არსებობდა. მან თქვა, რიჟვაძესთან „ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა მქონდაო“.

ლაშა კომახიძე
ლაშა კომახიძე

თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სწორედ თორნიკე რიჟვაძის ხელისუფლების უახლოესი წარმომადგენელი შეასრულებს ბათუმის მერის მოვალეობას. არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც 2018 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა, რიჟვაძე კი ჩიქოვანის მეჯვარეა.

მანამდე, 2013 წლიდან, არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2004-2012 წლებში კი სხვადასხვა დროს აჭარის პროკურატურასა და შსს ბათუმის სამმართველოში მუშაობდა. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ვიცე-მერი იქნება. ამ პოსტზე მყოფმა ჯაბა ტუღუშმა თანამდებობა დღეს ბათუმის მერთან ერთად დატოვა.

ბათუმის მერისა და ვიცე-მერის თანამდებობიდან წასვლას თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევად აფასებს ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ნათია აფხაზავა. იგი ამბობს, რომ თვითთმმართველობის რეფორმამ ქვეყანაში მერების არჩევითობა და ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა გარკვეულწილად უზრუნველყო, თუმცა ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით მერებისა და ვიცე-მერების საკუთარი სურვილით წასვლამ ეს რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:

„დანიშნული მერების დროს ცენტრალური თუ რეგიონალური ხელისუფლების გავლენა ყოველთვის იყო - მერებს აყენებდნენ და იწყებოდა სხვადასხვა პროცესი მუნიციპალიტეტებში. ასეთი ზეგავლენისგან რომ ყოფილიყო დაცული ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ამიტომ იყო მერების არჩევითობა მნიშვნელოვანი. თუმცა ბოლოდროინდელმა ტენდენციამ გამოავლინა, რომ როცა მთელი სისტემა ცენტრალიზებულია, არჩევნების წინ კი რყევებია, კანონმდებლობაც კი ვერ იცავს ინსტიტუციებს. ბათუმის მერის გადადგომა და მუნიციპალიტეტებში ბოლოდროინდელი ტენდენციები იმის მაგალითია, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ძალაუფლებისა და ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი მაღალია. ამ დროს კი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე წინ დგება პოლიტიკური პარტიის ინტერესი“.

ნათია აფხაზავა ბათუმის არჩეული მერის გადადგომას და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავს ცვლილებებს სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის დანიშვნას სწორედ ამის დასტურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველ პარტიას თვითმმართველობების დონეზე საპარლამენტო არჩევნებზე გარანტიები სჭირდება:

„ძალაუფლების გადანაწილება ვერ მოახერხეს ბათუმში და წინასაარჩევნოდ უფრო აქტუალური გახდა ეს საკითხი და ეს ფაქტი სწორედ არჩევნებს უკავშირდება. ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლება უკვე მაქსიმალურად ცდილობს შექმნას გარანტიები თვითმმართველობის დონეზე. ვერ ვიტყვი, რომ ლაშა კომახიძე არ იყო „ოცნების“ კადრი და არჩევნებისთვის არ ემზადებოდა... ახლა, უბრალოდ, სხვა თამაშის წესებია და, შესაბამისად, გეგმებიც სხვაა. თორნიკე რიჟვაძე კი ვერ ხედავდა სანდო პარტნიორს ლაშა კომახიძეში და სჭირდება თავისი უშუალო წარმომადგენელი მერის მოვალეობის შემსრულებლად. არჩილ ჩიქოვანი კი მისი უშუალო წარმომადგენელია“, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნათია აფხაზავა.

ლაშა კომახიძე მეექვსე მერია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადადგა. 9 მარტს გადადგა კასპის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, მანუჩარ მერებაშვილი, 1 აპრილს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს - ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე, 8 აპრილს კი დაკავებული პოსტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, დატოვა. 13 ივლისს უკვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დატოვა თანამდებობა.

XS
SM
MD
LG