გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სახურავი (ტაძარი გასულ წელს მოჭიქული კრამიტით გადაიხურა) შეიცვლება, აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე. იგი ადასტურებს, რომ კრამიტის ნაწილი უხარისხოა, თუმცა, მისი შეფასებით, ტაძრის ფრესკები ამ მიზეზით არ დაზიანებულა.
გელათის მონასტრის ეზოში სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს, ექსპერტთა 4-კაციანი ჯგუფი დეტალურად ათვალიერებს ტაძრის ფასადს, რომელიც წვიმის დროს სახურავიდან გამოჟონილი წყლით სველდება. ხარაჩოებზე ასული სპეციალისტები აკვირდებიან ტაძრის ცენტრალური ნაწილის ჭერის იმ ფრაგმენტსაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტენტით გადახურეს. თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ისინი თბილისში ისე გაბრუნდნენ, რომ ჟურნალისტებს განმარტების მიცემაზე არ დათანხმდნენ.
რას ჰყვებიან გელათის მონასტერში
ტაძრის მომსახურე პერსონალი, რომელიც პროცესებს ყოველდღიურად აკვირდება, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყალი სახურავის გამოცვლის დროს რამდენჯერმე ჩავიდა, რამაც ჭერი და კედლები დააზიანა და, შესაბამისად, დაზიანდა ფრესკების ნაწილიც.
მათ ტაძრის ის ადგილებიც გვიჩვენეს, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული მე-12 საუკუნის მხატვრობის ნაწილზე საღებავი ჩამოცვივდა და თეთრი ლაქები გაჩნდა. გვითხრეს ისიც, რომ ამჟამად წვიმის წყალი ტაძარში არ ჩადის, თუმცა კედლებიდან და ჭერიდან ბათქაშის ნაწილები ისევ ცვივა. საკურთხეველში იატაკზე იპოვეს ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკის ფრაგმენტებიც.
რატომ ვერ გაუძლო კრამიტმა ზამთარს
რამდენიმე დღის წინ გელათის მონასტრის ცენტრალური ტაძრის ნაწილს დროებითი ტენტი იმ ადგილზე დააფარეს, სადაც ზამთრის შემდეგ მოჭიქული კრამიტი დასკდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, განმარტავს, რომ მოჭიქული კრამიტის ამ ნაწილმა ზამთარს ვერ გაუძლო:
„არის ორი სახის კრამიტი - შიდა კალთებზე და ქვედა კალთებზე. ქვედა კალთების კრამიტებმა ამ ზამთარს ვერ გაუძლო, რაც არის პრობლემატური, რა თქმა უნდა. მაგრამ ის, რომ აქ რაღაც კატასტროფა მოხდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არა, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზები იდენტიფიცირებულია“.
მისი ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია გადახურვაზე, მარტში დაავალეს ხარვეზების აღმოფხვრა. „თებერვლის დასაწყისში მივიღეთ პირველი ინფორმაცია, რომ კრამიტებს ყინვის შემდეგ დაეტყოთ დაზიანებები... ადგილზე ჩავიდა ჯგუფი და შემუშავდა დროებითი გადახურვის პროექტი. იქ გამოყენებულია კირი, კირდუღამდე გამაგრებული კრამიტი. კირდუღაბი ძალიან გვიან შრება და დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ცვლის. დაკვირვება მიმდინარეობდა ამ პროცესზე და გამოვლინდა, რომ ამ კრამიტმა ვერ იმუშავა ამ კირთან. ახლა სხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ“.
გელათს დროებით გადახურავენ
ტაძრის გარშემო კვლავ იგება ხარაჩო და შემსრულებელი კომპანია ტაძარზე დროებით გადახურვას მოაწყობს, რის შემდეგაც კრამიტი მთლიანად შეიცვლება:
„6 თვეა, რაც მუშაობა მიმდინარეობს და მზადდება დროებითი გადახურვის პროექტი. სხვა შემადგენლობით დამზადებული კრამიტი ახლა ექსპერტიზაზეა გატანილი. ეს არის თანმდევი პროცესი ყველა სარესტავრაციო ნაწილში“.
ნიკოლოზ ანთიძე ასევე აცხადებს, რომ სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგით, მოხდა დადარება ფრესკების დღევანდელი რეალობისა და 2017 წელს გაკეთებული ფრესკების სკანირებული მასალის. „ჯერჯერობით სიმშვიდე გვაქვს“, - ასე აფასებს ანთიძე გელათის მთავარ ტაძარში წვიმის წყლის ზეგავლენას კედლის მხატვრობაზე.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის რესტავრაციის ისტორია
სხვა დროს ტაძრის კონსერვაცია-რეაბილიტაციაზე მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსები დაიხარჯა. გელათის მონასტრის, როგორც კულტურული მნიშვნელობის ძეგლის, კონსერვაცია კი თითქმის 20 წლის წინ დაიწყო. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით მიმდინარეობს.
გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში მოხვდა, 2017 წელს კი დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7-წლიანი პროცესი.
ნახეთ გელათის მონასტრის სახურავის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო, რომელიც 15 ივლისს გადაიღო "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა (სტატიაში ვიდეო დაემატა 15 ივლისს).