Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ამბავი „სასწრაფოს“ ექიმის ცხოვრებიდან


მწერალი ნინო ქოქოსაძე, 1986 წლიდან მოყოლებული, 14 წელი სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა. ეს იყო ომის, გაჭირვების, განუკითხაობის პერიოდი, რასთან შეხებაც ყველაზე ხშირად სწორედ „სასწრაფოს“ ექიმებს უწევდათ. როგორი იყო მაშინ მათი ყოველდღიურობა, ეპოქა ერთი ადამიანის გადასახედიდან. ნინო ქოქოსაძე „სასწრაფოს“ ისტორიებს იხსენებს.

ნინო ქოქოსაძე
ნინო ქოქოსაძე

პერსონაჟიმარტოობის 100 წელიდან“

ერთი მოხუცი ექიმი გვყავდა. საქართველოს ისტორიაში თუ რამე ტრაგიკული ამბავი მომხდარა, ყველგან იყო ნამყოფი, 9 მარტის დარბევაზეც კი. მე რომ წამოვედი სამსახურიდან, მერე რაღაც მოხდა და იქაც ის კაცი დავინახეთ. აი, „მარტოობის 100 წელიწადში“ რომ მელკიადესია, სულ რომ არის, ისე იყო ისიც.

სპიტაკის მიწისძვრა

სპიტაკი, 1988
სპიტაკი, 1988

ერევანზე ახლოს ჩვენ ვიყავით. მიწისძვრა რომ მოხდა, ჩვენმა მანქანებმა ჩაასწრეს ერევნიდან წამოსულ მანქანებს. ექიმებიდან ბიჭები ყველა წაიყვანეს, მათ შორის ჩემი ქმარიც, რომელიც ასევე სასწრაფოში მუშაობდა.

ჩამარხული ბავშვები ამოჰყავდათ ნანგრევებიდან, ამოყვანისას კი ცოცხლები იყვნენ, მაგრამ შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდნენ და შემდეგ დღეებში იღუპებოდნენ.

კომენდანტი საათი 9 აპრილის შემდეგ

ტანკები იდგნენ. თუ ვინმეს დაინახავდნენ ქუჩაში, ან ესროდნენ, ან წაიყვანდნენ და ვინ იცის რას დამართებდნენ. არაოფიციალური ბრძანება მოგვივიდა, ვინმეს თუ ნახავთ, ჩაისვით მანქანაში, დააწვინეთ საკაცეზე, ვითომ ავადმყოფია და სახლში მიიყვანეთო. ბევრი გადავარჩინეთ ასე.

მეტეხის ხიდთან მოვდივართ და პარკში გოგო და ბიჭი სხედან. ვეძახი, მოდით მანქანაში, არ იცით, კომენდანტის საათი რომ არის-მეთქი? ვაიმე, შემოვრჩითო. ორი კაცის აყვანის უფლება არ მქონდა, მაგრამ მაინც დავაწვინე ორივე საკაცეზე.

გამაჩერეს! შემოიხედა ჯარისკაცმა, ორნი რატომ არიანო. ტყუპები არიან-მეთქი. „აა, ბლიზნეცი? პრა ბლიზნეცოვ ია ზნაიუ“, თქვა და გაგვიშვა. არ ვიცი, სიამის ტყუპები ეგონა, თუ რა იყო.

ორივე გოგოს სახლში მივიყვანეთ. არ ვიცი, შეიძლება დაიტოვეს კიდეც ის ბიჭი სიძედ.

1989 წელი, საბჭოთა ჯარები თბილისში
1989 წელი, საბჭოთა ჯარები თბილისში

90-იანი წლები

სასწრაფო დახმარების მანქანებს გვპარავდნენ. ერთხელაც გამოვედით პაციენტიდან და მძღოლი დგას ქუჩაში: „მაშინუ უკრალი“, ამბობს. აი, „მიმინოში“ რომ არის, ზუსტად ისე. დავრჩით ღამის სამ საათზე ქუჩაში. ავიღეთ ჩვენი ყუთები და ფეხით წამოვედით სამსახურში.

სამსახურიდანაც მიჰყავდათ მანქანები. ერთხელ ისე მოხდა, ათ ბრიგადას მარტო ერთი მანქანა გვემსახურებოდა.

მატარებელი აფხაზეთიდან

რკინიგზის სადგურში მატარებლებს დაჭრილები და მიცვალებულები ჩამოჰყავდათ აფხაზეთიდან. ჩვენ ვხვდებოდით და დაჭრილები საავადმყოფოებში, გარდაცვლილები სახლებში გადაგვყავდა.

ერთხელაც გამთენიას დარეკეს, სოხუმიდან დაჭრილები მოჰყავთ და დახვდითო. მაშინვე წავედით. გაჩერდა მატარებელი და თვალებს არ ვუჯერებ: ჩამოაქვთ ტელევიზორები, მაცივრები, ტექნიკა, ყუთები, მანდარინები... მოვიდა ერთი კაცი, მანდარინები წამაღებინე და ფულს მოგცემო. რა მანდარინები, დაჭრილებს ველოდები-მეთქი. დაჭრილები გზაში ჩაიყვანეს, შენ მანდარინები წამაღებინეო. ძალიან შეურაცხყოფილი წამოვედი.

ომიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავი

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაფრინდა. ტრაპი მიადგეს თუ არა, ბიჭი გამოვიდა და ექიმიო, იყვირა. ავირბინე ტრაპზე. თავში დაჭრილი ახალგაზრდა პირქვე დამხობილი იწვა თვითმფრინავში. გადმოვაბრუნე და მორჩა! ჩემს ხელში დალია სული.

„რასაც მინდა, იმას ვუზამ

ოჯახური ძალადობა მაშინაც ძალიან ხშირი იყო. ერთ გოგოს ქმარი ისე სცემდა, კვირაში ორჯერ მასთან ვიყავით გამოძახებაზე. სულ დასისხლიანებული და დალურჯებული გვხვდებოდა. მილიციას რომ ვეძახდით, ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას არ იძლეოდა: რომ დავაჭერინო, მერე 5 შვილი როგორ გავზარდო, ძმა ამდენი ბავშვით სახლში არ შემიშვებსო. თვითონ ქმარი დაიმალებოდა და შორიდან გვაგინებდა ხოლმე: ცოლი ჩემია, რასაც მინდა, იმას ვუზამო.

ნაჯახით აჩეხილი ქმარი

ერთხელ ორთაჭალაში ცოლმა მძინარე ქმარი დაჩეხა. ამ ამბის შემდეგ სამი თვე საჭმელი არ მიჭამია, მარტო სითხეს ვსვამდი.

რომ მივედი, მილიციელები პარმაღზე იდგნენ და გული ერეოდათ. მამაკაცს თავის მაგივრად გასისხლიანებული მასა ედო მხრებზე. მკვდარი რომ ყოფილიყო, არ შემეშინდებოდა, მაგრამ ჯერაც კრუნჩხვებში იყო. წამოიწევდა, დაუვლიდა კრუნჩხვა, გადავარდებოდა, ისევ წამოიწევდა...

რომ დავაკარით საკაცეზე და მოგვყავდა, მეზობლებმა ტაში დაუკრეს: მუდმივად სცემდა ცოლ-შვილს და ვერ იტანდნენ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახიფათო ადგილი თბილისში

ტელევიზიის წინ რომ ადგილია, ის მძულს. არ ვიცი, რატომ გადადიოდნენ იქ ქუჩის ზევიდან, მაგრამ ძალიან ხშირად ხდებოდა ავარიები. ათი გვამი მაინც მაქვს იქიდან წამოღებული.

რატომ აგვიანებდა სასწრაფო დახმარების მანქანა

კურიოზებიც ბლომად იყო. ერთხელ მივედი და პაციენტს წნევის აპარატის მანჟეტი აქვს თავზე შემოხვეული: ქალასშიდა წნევას ვუზომავთო.

ძალიან ხშირად გვიძახებდნენ ქუჩაში დაგდებულ ხალხთან. ოპერატიული სამსახური, რომელიც გამოძახებებს იღებდა, ჩემი მუდმივი გაოცების წყარო იყო. ხმის ტემბრით და შემომავალი ზარით შეეძლოთ დაედგინათ, როგორი ოჯახიდან რეკავდნენ, გადაგიხდიდნენ რამე ზედმეტს თუ არა. ექიმების ჯგუფი შეკრული იყო ოპერატორებთან და „კარგ“ და იოლ გამოძახებებს მათ აძლევდნენ. დაგვიანებებიც ამის გამო იყო.

ჩვენ კი, ვინც არ ვიყავით ამ „მაფიაში“, ასეთი გამოძახებები გვქონდა: ქუჩაში კაცი გდია, მოკლეს, დაჭრეს, მთვრალია ...

ეს „ქუჩაში კაცი გდია“ ნიშნავდა, რომ ვიღაც მთვრალი იყო. იმ დროს გამოსაფხიზლებლები აღარ არსებობდა. ბედნიერები ვიყავით, თუ სადმე ჭრილობას ვუნახავდით, მაშინ შეგვეძლო საავადმყოფოში გადაგვეყვანა. თუ არადა, ვიდექით ასე, ან ჩავისვამდით ამ მთვრალს და სხვა უბანში გადავსვამდით, მერე იმ უბნის სასწრაფო კიდევ სხვა უბანში დატოვებდა და ასე, სანამ გამოფხიზლდებოდა.

გენიოსი მძღოლი

მძღოლი გვყავდა ერთი აზერბაიჯანელი კაცი. თბილისის ყველა ქუჩა, უბანი და სახლი ზეპირად იცოდა. უცებ ხვდებოდა, მისამართი ნამდვილი იყო თუ არა. მაგალითად, მოგვცემდნენ მისამართს: გლდანის მე-2 მიკროს რომელიღაც კორპუსის მე-3 სადარბაზო. იტყოდა, ეს ცრუ მისამართია, იმ სახლს მარტო ერთი სადარბაზო აქვსო. ვკითხე ერთხელ, რად გინდა ყველა სახლს რომ სწავლობ-მეთქი. ამით ბენზინი მეზოგება და ოჯახს ვახმარო.

ცრუ გამოძახებები

ძალიან ხშირად შეყვარებულებისთვის იძახებდნენ სასწრაფო დახმარებას, ამასხარავებდნენ: სასწრაფო, სახანძრო, მილიცია - ყველაფერი ერთად დაადგებოდა ხოლმე თავზე. ერთხელ გამოგვიძახეს: ჩქარა, მშობიარობსო. მივედით და რა მშობიარე, ბიჭი დაბადების დღეს იხდიდა.

ნიშადურით მობრუნებული მიცვალებული

ერთხელ კაცების საერთო აბანოში გამოგვიძახეს. მივედით. მოხუცი კაცი იწვა და ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, მოკვდაო. გადავხადეთ ზეწარი, რომ გარდაცვალება დაგვედასტურებინა და ვხედავთ, კაცი ვარდისფერია. ნიშადურით მობრუნდა.

ყველაზე დიდი ტრაგედია

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაა ის, რომ ჩემი ბავშვობის შეყვარებული, ადამიანი, ვისზეც ჩემი პირველი ლექსი დავწერე, ჩემს ხელში გარდაიცვალა.

45 წლის ასაკში გულის შეტევა დაემართა და მასთან გამოძახებაზე მოვხვდი. გვიან მივხვდი, ვისთან მივდიოდი. რომ დამინახა, თითქოს იმედი მიეცა, მაგრამ ნემსის გაკეთებაც ვერ მოვასწარი, სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია განვითარდა.

როცა აზრზე მოვედი, უკვე იატაკზე მყავდა გადმოწვენილი და რეანიმაციას ვუტარებდი. როგორ ავწიე და გადმოვაწვინე, არ მახსოვს. ერთი შემომხედა, გამიღიმა და ჩემს ხელში გაუჩერდა გული.

მერე დავჯექი და იმ ხელით, რომლითაც მისთვის ლექსებს ვწერდი, მისი გარდაცვალების ცნობა დავწერე.

მშობიარე

ვაჟა-ფშაველაზე ქალს უცებ მშობიარობა დაეწყო. მანამდე მშობიარობის მიღება მარტო თეორიულად ვიცოდი. სტუდენტი ექთანი იყო ჩემთან ერთად. რამე იცი-მეთქი, ვკითხე. „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ მაქვს ნანახიო. ჩემდა ბედად ფიზიოლოგიური მშობიარობა იყო და როგორღაც გავართვით თავი.

ბავშვი რომ იბადება, სამჯერ უნდა შემობრუნდეს, მენჯის ძვლოვან ხვრელს ზომაში სამჯერ უნდა შეესაბამოს. მერე თავს, მხარს გამოყოფს... მოყოლით არაფერი, მაგრამ როცა ხედავ, ძალიან ემოციურია.

გამთენია იყო, იქედან რომ წამოვედით, და ასე მეგონა, ადამი დაიბადა, პირველი ადამიანი დაიბადა სამყაროში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG