სასჯელის კოლონიაში მოხდის გარდა, პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ პროკოფიევას 4 წლით აეკრძალოს ჟურნალისტური საქმიანობა.
სვეტნალა პროკოპიევას საქმეს იძიებს ფსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლო.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერ ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოპიევას, წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ შარშან თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, მის მიერ ქალაქ არხანგელსკში მომხდარი აფეთქების შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვა ფსკოვის“ ეთერში 2018 წლის ოქტომბერში გამოთქმული შეფასებების გამო.
როდესაც არხანგელსკში, ფედერალური უშიშროების სამსახურის რეგიონალური ოფისის წინ, 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკის მიერ მოწყობილი თავდასხმის შესახებ ლაპარაკობდა, სვეტლანა პროკოპიევამ თინეიჯერის საქციელი ქვეყანაში შექმნილ „პოლიტიკურ კლიმატს“ დაუკავშირა. პროკოპიევა, კერძოდ, წერდა, ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებსო.
სასამართლო პროცესზე, სადაც პროკურორმა ჟურნალისტისათვის კოლონიაში ექვსი წლით პატიმრობა და მისთვის 4 წლით ჟურნალისტური საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა, თავისი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა სვეტლანა პროკოპიევამ.
“სამართლის ამოპირქვავებული პირამიდა”
„პატივცემულო მოსამართლევ!
როდესაც ჩემს გამოსვლაზე ვფიქრობდი, ჩვეულებისამებრ, საკუთარ თავს შევეკითხე, თუ რა შემეძლო მეთქვა მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის.
ბოლო სიტყვას, როგორც წესი, ყურადღებით ისმენენ, ამიტომ არაგონივრული იქნებოდა ის, უბრალოდ, თანაგრძნობის ძიებაში დამეხარჯა.
ჯერ გადავწყვიტე გითხრათ, თუ რა აბსურდულია სისხლის სამართლის მთელი ძალით დასჯა დაუპირისპირო სიტყვას, რამდენად არაეფექტურია ეს ცოცხალ საზოგადოებრივ გაკიცხვასთან შედარებით.
თავად განსაჯეთ: ჩვენს თვალწინაა უამრავი შემთხვევა, როდესაც მოხელე იქნება, პოლიტიკოსი თუ რომელიმე ცნობილი ადამიანი, უმოკლეს დროში ემშვიდობება თანამდებობას და სარეკლამო კონტრაქტებს, როგორც კი რაიმე სულელურ, უდიერ და შეურაცხმყოფელ რამეს იტყვის.
სოციალური ქსელები რეაგირებენ სწრაფად და მწვავედ.
საზოგადოება, რომელიც თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს, თავადვე იცილებს მტრობისა და სიძულვილის ენას.
და შეადარეთ ეს ჩემ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
ტექსტი სტატიისა „რეპრესიები სახელმწიფოსთვის“ (სვეტლანა პროკოფიევას სტატია, რომლისთვისაც ჟურნალისტი პასუხისგებაში მიეცა - რედ.), როდესაც ის გამოქვეყნდა, ათმა თუ ასმა კაცმა წაიკითხა. მას არ გამოუწვევია ხალხში არანაირი მღელვარება. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ჩემს სახლში შემოცვივდნენ ავტომატით შეიარაღებული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მებრძოლები, გადაატრიალეს ყველაფერი, წაიღეს ჩემი ნივთები და, აგერ, უკვე მეორე წელია, ექსპერტების მონაწილეობით ვიკვლევთ, შეიცავდა თუ არა ჩემი სტატია დანაშაულის ნიშნებს. ამასთან, „როსკომნადზორის“ აზრით, საშიში დანაშაულის ნიშნების შემცველი სტატიის ტექსტი უკვე წაიკითხა ასობით ათასმა ადამიანმა, ითარგმნა ინგლისურ ენაზე და მრავალ ქვეყანაში გახდა ცნობილი.
მინდოდა წამომეჭრა კიდევ ერთი თემა - ესა სამართლის ამოპირქვავებული პირამიდა.
მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი პროფესიის საფუძველია სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება. იგი დეტალურად არის გაწერილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ ფედერალურ კანონში, რომელიც ავალდებულებს ჟურნალისტს მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მოვლენების შესახებ, ანიჭებს უფლებას საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პირადი აზრი. ეს არის საქმიანობა, რომლისთვისაც მე დღეს მასამართლებენ.
და აი, სასწორის ერთ პინაზე დევს კონსტიტუცია, ხოლო მეორეზე - „როსკომნადზორის“ უწყებრივი ინსტრუქცია.
ამ კვაზიცენზურული ორგანოს თანამშრომელმა ქალმა, რომელმაც დაინახა, რომ მანქანამ ამოაგდო სიტყვა „ტერაქტი“, დაასკვნა, რომ მის წინაშეა „სერიოზული სტატია“ და „დარღვევაზე“ ისე შეადგინა ბარათი, რომ კარგად არც ესმოდა, თუ სახელდობრ რა წარმოადგენდა დარღვევას, რადგან მას არ აქვს სპეციალური განათლება. „მე ხომ ექსპერტი არ ვარო“, - თქვა მან ერთ-ერთ პროცესზე.
შემდეგ ამ ბარათმა, ინსტრუქციის თანახმად, დიდი ბიუროკრატიული გზა გაიარა ერთი ინსტანციიდან მეორემდე და, საბოლოოდ, გათელილი აღმოჩნდა არა მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, არა მხოლოდ ჟურნალისტის სტატუსი, არამედ თავად სამართლის საფუძველი - უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან, შეგახსენებთ, რომ მე უკვე ვარ დასჯილი იმით, რომ სასამართლოს დაწყებამდე ჩამომერთვა ფული და ნივთები.
რაც ნიშანდობლივია, პროცესში მონაწილე არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ შეუნიშნავს და არ აღმოუფხვრია ეს დისბალანსი. ეს უკვე ჩვენი სამართლებრივი სისტემის ავადმყოფობაზე მეტყველებს.
და მაინც, არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემა.
საქმეში ჩემი მხრიდან მონაწილე სპეციალისტმა, იულია ალექსანდროვნა საფონოვამ, სასამართლოზე გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეგნებულად ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, როდესაც საუბარი შეეხება სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას.
ეს არის მიზეზი, რომლითაც, არსებითად, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „სიტყვისათვის“.
მოგვიანებით იულია ალექსანდროვნამ განმარტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში. მან გაიხსენა, რომ ასეთმა შეზღუდვებმა დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობაში თავი პირველად იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მსოფლიო მიხვდა, თუ რა კატასტროფამდე მიიყვანა ნაცისტური პროპაგანდა. მაშინაც ხომ ეს იყო „უბრალო სიტყვები“!
ეს არის სერიოზული პრობლემა მნიშვნელოვანი განშტოებით: როგორ მოვახერხოთ სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება, როდესაც, იმავდროულად, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში კანონის ძალისა და სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი ზომების გამოყენება ხდება საჭირო?
როგორ ავიცილოთ თავიდან აბსურდული სისხლის სამართლის საქმე, როდესაც საკუთარი აზრისათვის მე, მაგალითად, პროკურორის მოთხოვნით, 6 წლით პატიმრობა და 4 წლით პროფესიული საქმიანობის აკრძალვა მემუქრება, ან როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარისათვის ადამიანს აპატიმრებენ და შემდეგ კოლონიაში გზავნიან?
ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ამ მაგალითებს არაფერი აქვთ საერთო იმ სიტყვებსა და გამოსვლებთან, რომლებსაც ბუჰენვალდი და ოსვენციმი მოჰყვა.
მე ბევრს ვფიქრობდი ამაზე და, როგორც ჩანს, მივხვდი, თუ რაში მდგომარეობს ვითარების არსი.
ნაცისტური პროპაგანდა, რომელიც დასრულდა მთელი ხალხების გენოციდით, მსოფლიო ომითა და მილიონობით მსხვერპლით, იყო სახელმწიფო პროპაგანდა.
ადოლფ ჰიტლერი, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დანაშაულის ორგანიზატორი, სახელმწიფოს ლიდერი იყო.
გებელსი, რომლის სახელიც გაიგივებულია ამ დანაშაულთან, იყო სახელმწიფო მოხელე - პროპაგანდის მინისტრი. ჰოლოკოსტის რიგითი შემსრულებლებიც, ისინი, ვინც აწამებდა და ხვრეტდა საკონცენტრაციო ბანაკებში, ასევე იყვნენ სახელმწიფოს სამსახურში, „მოქმედებდნენ ინსტრუქციის თანახმად“ და, „უბრალოდ, ასრულებდნენ ბრძანებებს“.
ისტორიას თუ მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მშვიდობიანი ადამიანების ყველაზე მასობრივი ჟლეტა სახელწიფოს ძალებით იყო ორგანიზებული.
ჩინეთის კულტურული რევოლუცია (100 მილიონამდე დაზარალებული) ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ოფიციალური პოლიტიკა იყო 1966-1976 წლებში. საბჭოთა კავშირის დიდი ტერორი (1937-38 წლებში, ორი წლის განმავლობაში, 1,5 მილიონზე მეტი მსხვერპლი) სახელმწიფო უშიშროების ორგანოებმა განახორციელეს. 1915 წლის სომეხთა გენოციდი (1,1 მილიონამდე მსხვერპლი) მხარდაჭერილი იყო ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ.
რუანდის სისხლისღვრა (1994 წელს, ოთხ თვეში, ნახევარი მილიონიდან-მილიონამდე მსხვერპლი ტუტსის ტომის მოსახლეობაში) ორგანიზებული იყო ჰუტუ ხელისუფლების მიერ.
სწორედ სახელმწიფო ძალაუფლება, ცინიკური და სასტიკი ადამიანების ხელში, ხდება ყველაზე საშიში საფრთხე მოქალაქეთა სიცოცხლისათვის. დამნაშავე პოლიტიკოსის, პარტიისა თუ ხუნტის მხრიდან ხელისუფლების უზურპაციის დაშვებით, მოქალაქეები რისკავენ დაკარგონ ყველაფერი - ქონებისა და გამოხატვის უფლებით დაწყებული და სიტყვის თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებით დამთავრებული.
მაგრამ დანაშაულებრივი პოლიტიკა არ იწყება დანაშაულებრივი განზრახვით - არა, ყოველთვის არსებობს „მაღალი მიზნები“ და „კეთილშობილური მოტივები“, როგორიცაა ერის სიდიადის აღორძინება, სუვერენიტეტის დაცვა და შიდა მტერთან ბრძოლა.
სწორედ ამიტომ, დანაშაულებრივ პოლიტიკაში ასე იოლად ებმებიან ხოლმე რიგითი შემსრულებლები, რომლებიც იოლად მისდევენ ინსტრუქციებს და ასრულებენ ბრძანებებს.
მე არ მეშინია ვუთხრა ძალოვან უწყებებს, რომ ზოგჯერ ისინი ცდებიან, რადგან ვიცი, რომ ნამდვილად საშიში იქნება, თუ ამას არ ვიტყვი.
რეპრესიები თანდათანობით ვითარდება.
შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ როდის მივა საკონცენტრაციო ბანაკამდე და დახვრეტამდე ადამიანის უფლების შეზღუდვა და განსხვავებული აზრის დევნა.
ისტორია გვასწავლის, რომ შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკისა და პროპაგანდის არსებობის შემთხვევაში, ასეთი გარდასახვა შესაძლებელია კულტურულ და ცივილიზებულ საზოგადოებაშიც.
სწორედ ამიტომაა საჭირო სიტყვის თავისფლება - დროულად რომ დაარისხო განგაშის ზარები.
საჭიროა დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რათა დროულად უთხრა მმართველ პარტიას: „ეი! თვალი გაახილეთ! თქვენ სახიფათო გზას ადგახართ!“
სწორედ ამიტომ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის კრიტიკის მთავარი და ძირითადი ობიექტი ყოველთვის იყო და იქნება სახელმწიფო - ხელისუფლების სისტემა იძულების აპარატით, რომელიც შეიძლება მასობრივი რეპრესიის ინსტრუმენტად გადაიქცეს.
მე არ მაქვს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია.
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაიბნეს და დაუშვას შეცდომა და კრიტიკაც არ არის ყოველთვის სამართლიანი.
მაგრამ ჯობს არსებობდეს თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკა, ვიდრე საერთოდ არ არსებობდეს არანაირი კრიტიკა. რაც უფრო მეტ იდეას განვიხილავთ, რაც უფრო ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, მით უფრო გაუადვილდება საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილების მიღება და განვითარების ოპტიმალური გზის არჩევა; მით უფრო იოლი იქნება თავიდან აცილება ახალი ჰუმანიტარული კატასტროფებისა, რომელთაგან კაცობრიობა, სამწუხაროდ, არ არის დაზღვეული.
მე ვთხოვ პატივცემულ სასამართლოს, რომ ჩემს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მოხსენებითი ბარათები და ოქმები, არამედ ის საერთო პრინციპები, რომელთაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება. ესაა სიტყვის თავისუფლება, ესაა ჟურნალისტის სტატუსი, ესაა მედიის მისია.
მე ჩემს სამუშაოს ვასრულებდი.
მე არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რაც სცდება ჩემი პროფესიული მოვალეობის ჩარჩოებს.
არანაირი დანაშაულის ნიშნები აქ არ იკვეთება“, - განაცხადა პროცესზე სვეტლანა პროკოფიევამ.
„ჭეშმარიტების პოლიტიკურად მოტივირებული, წინასწარ განზრახული დამახინჯება“
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევას გამოესარჩლა მრავალი საერთაშორისო უფლებადამცველი და მედიაორგანიზაცია.
ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.
„სწრაფვა, რომ კრიტიკულად გაანალიზდეს მოტივები, რომლითაც საკუთარი თავის აფეთქების გზით ტერაქტის ჩამდენი მოქმედებდა, არ უნდა გაუთანაბრდეს ტერორიზმის გამართლებას“, - ნათქვამია (IPI)-ს განცხადებაში, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას ხაზგასმით მოუწოდებენ „შეწყვიტოს სისხლის სამართლის კოდექსის ფართოდ ინტერპრეტირებული მუხლების გამოყენება მოაზროვნე ჟურნალისტების წინააღმდეგ".
3 ივლისს ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევას მხარდაჭერა კიდევ ერთელ გამოუცხადა რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის ხელმძღვანელობამ.
„ჩვენ შეძრული ვართ იმით, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის დაუნდობლად გაუსწორდეს დამოუკიდებელ, კარგად ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ზუსტად იმის საპარისპიროდ მოიქცა, რასაც მას ბრალად უყენებენ. სვეტლანას მიერ გამოთქმული მოსაზრება იყო ტრაგედიაში გარკვევის მცდელობა; მისი სიტყვების წარმოდგენა „ტერორიზმის გამართლებად“ - ეს არის ჭეშმარიტების პოლიტიკურად მოტივირებული, წინასწარ განზრახული დამახინჯება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. იგი მოგვაგონებს ყველაზე უარეს მაგალითებს იმ საჩვენებელი პროცესებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ ეპოქაში“, - ნათქვამია რთე/რთ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დეიზი სინდელარის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.