კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთის ანტიტერორისტულმა ძალებმა რამდენიმე უხმაურო, მაგრამ სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც, ოფიციალური ცნობით, ლიკვიდირებული იქნენ საშიში ტერორისტები. პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება მკაცრად სჯის მათ, ვინც გაბედავს და საჯაროდ შეეცდება მსჯელობას რუსეთში გახშირებული ტერაქტების სოციალურ-პოლიტიკურ მიზეზებსა თუ სუბიექტურ მოტივებზე.
მსგავსი ხელწერა ორ სისხლიან სპეცოპერაციაში
30 აპრილს სამი პირის ლიკვიდაციით დასრულდა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ეკატერინბურგში. რუსეთის ანტიტერორისტული ძალების წარმომადგენლებმა ურალის მთავარ ქალაქში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, ნათქვამია მოკლე შეტყობინებაში, რომელიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) არხებით გავრცელდა.
ამ ინფორმაციის თანახმად, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილები ქალაქის შესასვლელში, ერთ-ერთ საბაღე ნაკვეთში მდებარე მიტოვებულ ქოხში ცხოვრობდნენ.
დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც, ოფიციალური ცნობით, მათ „სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები“ მიიღეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების (ФСБ) კომიტეტის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადგინა მოკლულთა ვინაობა, რაც იქვე გაასაიდუმლოეს. არ თქმულა არაფერი იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის ტერაქტს გეგმავდნენ, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები და რომელი დაჯგუფების სახელით მოქმედებდნენ.
თვის დასაწყისში ასევე უხმაუროდ, მაგრამ მსხვერპლით დასრულდა კიდევ ერთი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ქალაქ მურმანსკში.
4 აპრილს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მოკლე შეტყობინება ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან მდებარე უმსხვილეს რუსულ ქალაქში ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სპეცდანიშნულების რაზმი აპირებდა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებას.
უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ეჭვმიტანილი იყო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე, რომელიც ტერაქტის მოწყობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას გეგმავდა.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა შეპყრობის დროს ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმელებს, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
როგორც ეკატერინბურგში, ასევე მურმანსკშიც „წარუმატებელი შეპყრობის ოპერაციის“ ადგილზე სამართალდამცველებმა იპოვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, პისტოლეტი და საბრძოლო მასალა.
რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ასევე ოპერატიულად დაადგინა მურმანსკელი ტერორისტის ვინაობა, რომელიც, ტრადიციულად, საიდუმლო გრიფის ქვეშ მოექცა. არ თქმულა არაფერი იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის ტერაქტს გეგმავდა, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები და როგორ აპირებდა უკიდურესი ჩრდილოეთ ქალაქიდან ახლო აღმოსავლეთში გადასვლას.
უპასუხო კითხვებმა არაერთი ეჭვი გააჩინა სოციალური ქსელების მომხმარებლებში, რომლებმაც თავიანთი კომენტარები დატოვეს ჩვენი რადიოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ქვეშ:
გერმან ოლხოვსკი: „ნებისმიერ ნორმალურ სპეცსამსახურში ეჭვმიტანილის მოკვლა ნიშნავს, რომ ხელს აწერ სრულ არაკომპეტენტურობას. ასეთ დროს წყდება გამოძიების ძაფი, რომელიც საქმის წარმატებულ გამოძიებამდე მიდის - ნორმალური ქვეყნის ნორმალურ სპეცსამსახურში, მაგრამ არა პუტინის საერთო რეჟიმის კოლონიაში (общак), რადგან სწორედ პუტინის ლაქიებს აწყობთ დაგეგმილ ტერაქტზე ინფორმაციის დამალვა. ხვდებით რატომ“?
ამ დისკუსიას ასე აგრძელებს სერგეი ბონი:
„წარუმატებელი დაკავების ადგილზე დაყარეს: თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, პისტოლეტი და ტყვიები. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა უმაღლესი მთავარსარდლის შერყეული რეიტინგის გასამაგრებლად“.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში კატასტროფულად დაეცა პირადად ვლადიმირ პუტინის რეიტინგი. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) ბოლო კვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისადმი ნდობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და 28 %-ს შეადგენს.
„სიტყვის თავისუფლების მკვლელობა“ ტერორიზმის ბრალდებით
რუსეთის ხელისუფლება მკაცრად სჯის არა მხოლოდ მათ, ვინც მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ტერორისტების მხარდაჭერას შეეცდება, არამედ ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს და შეეცდება ტერორისტული აქტის პოლიტიკურ მოტივებზე საუბარს.
რუსეთის სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას პროცესი, რომელიც 20 აპრილს უნდა გამართულიყო.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერ ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ 2019 წლის თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ტერორიზმის გამართლებას“, ბრალდების თანახმად, შეიცავს 2018 წლის ნოემბრის სტატია, რომელიც გამოაქვეყნა რადიო „ეხო მოსკვის“ ფსკოვის ფილიალმა. ამ წერილში პროკოფიევა ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისების წინ განხორციელებულ თავდასხმაზე. რუსეთის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, სოციალური მედიით უშიშროების სამსახურს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში.
თავის წერილში პროკოფიევამ ამ თინეიჯერის განცხადებები დაუკავშირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატს. პროკოფიევა წერდა, რომ ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებს.
2019 წლის 20 სექტემბერს პროკოფიევას ოფიციალური ბრალი წაუყენეს და იგი ელოდება სასამართლოს, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, 20 აპრილს რუსეთში კორონავირუსის გამო გადაიდო.
ამ ხნის განმავლობაში ჟურნალისტს გამოესარჩლა მრავალი საერთაშორისო უფლებადამცველი და მედიაორგანიზაცია.
ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.
„სწრაფვა, რომ კრიტიკულად გაანალიზდეს მოტივები, რომლითაც საკუთარი თავის აფეთქების გზით ტერაქტის ჩამდენი მოქმედებდა, არ უნდა გაუთანაბრდეს ტერორიზმის გამართლებას“, - ნათქვამია (IPI)-ს განცხადებაში, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას ხაზგასმით მოუწოდებენ, „შეწყვიტოს სისხლის სამართლის კოდექსის ფართოდ ინტერპრეტირებული მუხლების გამოყენება მოაზროვნე ჟურნალისტების წინააღმდეგ".
რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, დაგმო სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ ტერორიზმის გამართლების მუხლით წაყენებული ბრალდება, რასაც დამოუკიდებელი ჟურნალისტის ცინიკური ფორმით გაჩუმების მცდელობა უწოდა.
„ჟურნალისტები არანაირად არ იმსახურებენ იმას, რომ მათ ეპყრობოდნენ როგორც დამნაშავეებს იმ სამუშაოსათვის, რომელსაც ისინი ასრულებენ“, - მიიჩნევს რთ/რთე-ს პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი.
თავის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პროკოფიევა უწოდებს რუსეთში „სიტყვის თავისუფლების მკვლელობას“ და, მიუხედავად წარდგენილი ბრალდებისა, განაგრძობს თანამშრომლობას რადიო თავისუფლების პროექტ „სევერ.რეალიაში“, როგორც რუბრიკა „მოსაზრების“ მუდმივი ავტორი.
მისი ბოლო საავტორო სტატია ეხება რუსეთში საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ მოსალოდნელ პლებისციტს, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო.
„რამდენიმე ტრილიონი რუბლი უნდა დაიხარჯოს - რაში? იმაში, რომ „ვემხრობით“ უთხრან უკვე ძალაში შესულ შესწორებებს? როგორც პროცედურა ცხადყოფს, ხელისუფლება არ აპირებს განსხვავებულ მოსაზრებას მოუსმინოს. ისიც კარგია, თუ „არას“ მთქმელები თავისუფლები მაინც დარჩებიან“, - წერს სვეტლანა პროკოფიევა.