19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებამ ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს გამოკითხა. თუმცა, როგორც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ათტომიანი მასალებიდან ირკვევა, გამოძიებას გიორგი ქათამაძის გამოკითხვა, სავარაუდოდ, 19 ან 20 ივნისსვე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამოძიებას ამის უფლება ექიმმა არ მისცა.
საქმეში დევს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმის, მარეხ ბექაიას მიერ ხელმოწერილი და 20 ივნისით დათარიღებული ცნობა, სადაც ის გამოძიებას დაშავებულის გამოკითხვის უფლებას არ აძლევს. მიზეზად დასახელებულია შესაძლო COVID-19-ით ინფიცირება:
„ავადმყოფს შემოსვლისას აღენიშნებოდა ცხელება. ამ ეტაპზე, აღებულია ცხვირ-ხახის ნაცხი, ვინაიდან COVID-19 არ არის ვერიფიცირებული, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფის დაკითხვა არ შეიძლება“.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, 19 წლის გიორგი ქათამაძემ, 19 ივნისს, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე მიყენებული ტრავმების გამო თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამი დღე დაჰყო. როგორც მისი მკურნალი ექიმი, მარეხ ბექაია ეუბნება ჟურნალისტებს, გიორგი ქათამაძე კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. დაშავებულმა განაცხადა, რომ ტრავმები მან ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გიორგი ქათამაძე კლინიკაში 19 ივნისს, გამთენიისას, 03:43 წუთზე შეიყვანა.
მიაწოდა თუ არა კლინიკამ ინფორმაცია პოლიციას დაშავებული ახალგაზრდის მიღების შესახებ იმ ღამესვე, ან საერთოდ მიაწოდა თუ არა ეს ინფორმაცია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი კლინიკის ადმინისტრაციას არ აქვს. როგორც კლინიკაში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, „სავარაუდოდ, შეატყობინებდნენ“.
„ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, ზოგადად, ყველა ტრავმის შესახებ ეცნობება ხოლმე შესაბამის უწყებებს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, გადაცემულია თუ არა, სავარაუდოდ, უნდა იყოს. ჩვენთვის და მკურნალი ექიმისთვისაც დღესაც ის არის ცნობილი, რაც პაციენტმა შემოსვლის დროს გვითხრა. ჩვენ ვიცით ის, რაც გვითხრეს და რაც შეესაბამებოდა ტრავმებს, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, რომ იმის იქით რაღაცები გვერკვია. ეს სამედიცინო დაწესებულებაა. ქალბატონმა მარეხმა იცის ის, რაც იცოდა მაშინ. სამედიცინო ისტორია არის იურიდიული საბუთი. იქ წერია ის, რომ ახალგაზრდა ველოსიპედიდან გადმოვარდა“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.
„ბოლომდე მოგდევთ, ირბინეთ, გაიქეცით“
19 წლის მოწმე ჩვენებაში იხსენებს მცხეთის მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც მას, გიორგი შაქარაშვილსა და მათთან ერთად მყოფ ოთხ ახალგაზრდას, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახო ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძესა და გურამ ამირხანაშვილს, ორი მანქანით დაესხნენ თავს.
„ხიდზე რომ გადავედით, უკნიდან წამოგვეწია ვერცხლისფერი მანქანა, რომლის მარკა, მოდელი და ნომერი არ მახსოვს. მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ, საიდანაც გადმოვიდა ოთხი ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს, რომელიც იყო სრული აღნაგობის, ხელში ეჭირა ჩემთვის უცნობი საგანი, რომელიც მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს, მოხვდა თუ არა ღიბრაძეს მოქნეული საგანი, არ მახსოვს, რადგან ამ დროს მოულოდნელად გონება დავკარგე“.
გიორგი ქათამაძე აგრძელებს თხრობას და იხსენებს, რომ გონზე მოსვლისას, ის ხიდზე გადადის ბორძიკით და უკნიდან რამდენიმე პირი ურტყამს თავში:
„მახსოვს, რომ მივუახლოვდი ხიდის მოაჯირს, სადაც იდო გრძელი რკინა და მას დავეყრდენი. უცნობმა პირებმა შეწყვიტეს ჩემი ცემა. ამ დროს დავინახე, რომ ხიდიდან მორბოდა ჩემთვის უცნობი ორი ადამიანი, რომლებიც დედის გინებით გარბოდნენ თბილისის მიმართულებით. ვერცხლისფერი მანქანიდან ყვიროდნენ ვიღაცები, წავედითო“.
გიორგის ჩვენების თანახმად, მანქანა მიდის. გიორგი ცუდად გრძნობს თავს, გადმოდის ხიდიდან თბილისის მიმართულებით და ხედავს ვახტანგ ახვლედიანს, გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს. სწორედ ამ დროს ეწევა მათ მეორე მანქანა, „ტოიოტა“:
„როგორც კი მანქანამ დაიწყო შენელება და გაჩერება, შემეშინდა, რომ კიდევ არავის ვეცემე და მაშინვე გავიქეცი ხიდის მიმართულებით. ჩემს წინ გარბოდა ვახტანგ ახვლედიანი. რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ, გავხდი ცუდად, ვეღარ ვაგრძელებდი გზას. დავინახე, რომ ხიდზე გამყოფ ზოლში იყო ბუჩქები და ამ ბუჩქებში დავიმალე. ამ დროს, დავინახე, სამი პიროვნება გარბოდა ნატახტრის მიმართულებით და ყვიროდნენ შემდეგ ფრაზას: „ბოლომდე მოგდევთ, ირბინეთ, გაიქეცით“. ყურიდან, წარბიდან და ცხვირიდან მომდიოდა სისხლი და მთელი სახე მქონდა სისხლში ამოსვრილი“.
გიორგი ბუჩქებიდან ურეკავს მეგობარს თბილისში და დახმარებას სთხოვს. დაახლოებით ნახევარ საათში გამოდის სამალავიდან და გადადის გზის მეორე მხარეს, მცხეთის მიმართულებით:
„გზის პირას იყო ძველი შენობა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გზის მეორე მხარეს შევამჩნიე, ოთხი პიროვნება ფეხით მიდიოდა თბილისის მიმართულებით, თუმცა, მე ვერ ვარჩევდი, ვინ იყვნენ ისინი. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა თეთრი ფერის მანქანა, რომელიც გაჩერდა გზის პირას. ამ დროს დამირეკა ვახტანგ ახვლედიანმა და მკითხა, სად ვიყავი. მივხვდი, რომ ამ მანქანით ვახტანგ ახვლედიანი იყო მოსული და წავედი მისკენ“.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, გიორგი ქათამაძე, სამ პირთან ერთად, მიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობს. თუმცა, როგორც ის ჩვენებაში წერს, რესპუბლიკური საავადმყოფო მას არ იღებს. მიზეზს არ ასახელებს:
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ მიმიღეს. ამის შემდეგ გამოვიძახეთ სასწრაფო და ბრიგადამ გადამიყვანა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“.
19 ივნისის ღამეს, ცემის შედეგად, გიორგი ქათამაძემ მიიღო მძიმე დაზიანებები: „მარჯვენა ყურზე დამადეს რამდენიმე ნაკერი, მარჯვენა წარბი გამიკერეს საავადმყოფოში, ასევე გამიკერეს ცხვირი. დაზიანებები მაქვს ორივე მუხლის არეში და მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებზე. საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგად, დამიდგინდა თავის ტვინის შერყევა“.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე პოლიციაში შესულ განცხადებაში, 19 ივნისს, არ არის მითითებული, თუ რა იქცა 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების მიზეზად. იქ არაფერია ნათქვამი მცხეთის მაგისტრალზე მომხდარ ინციდენტსა და შესაძლო ძალადობის ფაქტზე.
შეტყობინების შინაარსი ასეთია: „გიორგი შაქარაშვილი, 19 წლის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, დაიკარგა. მდინარის პირას არიან. ხევია, ასევე ტყე გარშემო, შესაძლოა ხევში გადავარდა, ან ტყეშია, არ იციან ზუსტად. სამაშველოც გავიდეს, ვინაიდან გარშემო ტყე და ხევია“.
ამავე თემაზე: