ცოტა ხნის წინ სოფელ ქვახვრელში ჭადრისა და ვერხვის ხეები მოჭრეს. ამას ძირითადად ღამით აკეთებენ, რათა თანასოფლელებმა და ბუნების დამცველებმა არ შეამჩნიონ. სოფლის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ქარსაცავი ზოლების განადგურება, რადგან ეს გამოუსწორებელ ეკოლოგიურ ზიანს მოიტანს.
სოფელ ქვახვრელში გორის მერის წარმომადგენელი, დიმიტრი მირუაშვილი, აცხადებს, რომ სოფლის გაზიფიცირება ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ ქარსაცავი ზოლების ჩეხაც შეჩერდება.
კატასტროფული მდგომარეობაა. ჯერ არავის ინვენტარიზება არ გაუკეთებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ქარსაფარების 95 პროცენტი დამწვარი და განადგურებულია, დაახლოებითი აღწერით. აქ მთავარი პრობლემა ისევ ცნობიერებაშია...რუსუდან გიგაშვილი
ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის. მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება და, ასევე, თოვლიანი ქარბუქისგან დაცვა.
ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია მცირდებოდა. 90-იანი წლების ბოლოს, როცა ქვეყანაში არც ბუნებრივი აირი იყო და არც ელექტროენერგია, მოსახლეობამ ქარსაფარი ზოლების მასობრივი ჩეხა დაიწყო. მაგალითად, გორი-ცხინვალის მაგისტრალის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების მიმდებარედ გაშენებული ზოლი მთლიანად გაიჩეხა. ამ მიწაზე კი, როგორც ფერმერები აცხადებენ, მოსავლიანობა შემცირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინვენტარიზებულიც კი არა აქვს ქარსაფარი ზოლები და საკანონმდებლო ბაზაც ვერ არეგულირებს ამ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესულია კანონპროექტი და მთავრობაც თითქოს განიხილავს ამ საკითხს. მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მოქალაქეების ცნობიერებაშია - ისინი ვერ იაზრებენ, რამხელა ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და ეკოლოგიას. გიგაშვილის თქმით, ქარსაფარი ზოლები არა მარტო ცულით, არამედ ხანძრებითაც ნადგურდება, რადგან ფერმერების ნაწილი თავ-თავისი მოსავლის აღების შემდეგ ცეცხლს თვითონვე უკიდებს ნარჩენებს, ეს ცეცხლი კი ქარსაცავებზე გადადის.
„კატასტროფული მდგომარეობაა. ჯერ არავის ინვენტარიზება არ გაუკეთებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ქარსაფარების 95 პროცენტი დამწვარი და განადგურებულია, დაახლოებითი აღწერით. აქ მთავარი პრობლემა ისევ ცნობიერებაშია. ფერმერი და, ზოგადად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, იღვწის იმისთვის, რომ სახელმწიფოში გაზარდოს მოსავლიანობა, გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც არის მოსავლიანობისთვის ქარსაფარი ზოლი, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისგან, მოსავლიანობის პროდუქტიულობაზე პირდაპირ აისახება, კლიმატზე, ტენიანობაზე, ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელსაც აუმჯობესებს ასეთი ქარსაფარი ზოლები და სახელმწიფოში ის, საერთოდ, აღარ გვაქვს“.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში ქვახვრელის ქარსაცავი ზოლის გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოკვლევა. შეფასდება ბუნებისთვის მიყენებული ზიანი. უწყების იურისტი, ელენე გერმანოზაშვილი, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხეების ჭრისგან, რადგან ამისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხის მოჭრა 500 ლარით ისჯება, იმ შემთხვევაში კი, თუ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ათას ლარს გადააჭარბებს, კანონდამრღვევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყება.
ქარსაფარი ზოლი, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისგან, მოსავლიანობის პროდუქტიულობაზე პირდაპირ აისახება, კლიმატზე, ტენიანობაზე, ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელსაც აუმჯობესებს ასეთი ქარსაფარი ზოლები და სახელმწიფოში ის, საერთოდ, აღარ გვაქვს...რუსუდან გიგაშვილი
მოქალაქეების დიდმა ნაწილმა კი არ იცის იმ სარგებლობის შესახებ, რაც ქარსაცავ ზოლებს ბუნებისა და ფერმერებისთვის მოაქვს. არ იციან, რომ ის ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას, იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს, ამცირებს მოსავლის დანაკარგს, ცვლის მიკროკლიმატს, გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე, ზრდის ტენის ოდენობას, ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის, ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში, ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში, ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა), იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფი, ნასხლავი და სხვ.).
მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია და ამიტომ ნექტრის წყაროა ფუტკრისთვის;
ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი);
ქარსაფარი ზოლების გავლენით მატულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მაგალითად, ხორბლოვანთა მოსავლიანობა, სხვადასხვა კლიმატური პირობების შესაბამისად, დაცულ ფართობებზე, დაუცველთან შედარებით, 20-დან 45 %-მდე იზრდება.