Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ (არ) უნდა ვნახოთ “ქარწაღებულები”?


“ქარწაღებულები” (Gone with the Wind, აშშ, რეჟისორი ვიქტორ ფლემინგი)

10 წელი ვწერდი წიგნს ცენზურის ისტორიაზე კინოში. ჩემთვის ცენზურა თავისებური “ჰორორია”, ბოროტებაა, რომელმაც არაერთი ნიჭიერი არტისტის ბედზე იმოქმედა, შეიძლება ითქვას, დაუნგრია ცხოვრება. ვიქტორ ფლემინგის ფილმი “ქარწაღებულები” მართლა რომ აეკრძალათ, მე ვინ დამასწრებდა ჩვენში გამოხმაურებას? თუმცა ონლაინ სერვისის, HBO- ს გადაწყვეტილება დროებით ამოეღოთ სურათი საძიებლიდან, საქართველოში (და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც) გაიგეს სწორედ როგორც “აკრძალვა”, “ცენზურის დაბადება”, “ახალი მორალი”.. რა ვიცი, რა აღარ წავიკითხე ამ დღეებში. უცნაურია, მაგრამ ცენზურის დაბადებასა და “ახალ ტოტალიტარიზმზე” ის ხალხიც წერდა, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს ამერიკულ კულტურას და მართლმსაჯულებას, ვინც არსებითად ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკაში მხატვრულ ნაწარმოებს (და სიტყვას) ასე ადვილად ვერავინ აკრძალავს.

”ისტორიის გადახაზვა” დაიწყესო, ნაცისტებივით იქცევიან, მათსავით წიგნებს წვავენო, წერენ შეშფოთებული ინტელექტუალები. არადა, ყველაფერი სწორედ პირიქით მგონია. ამერიკაში არაერთმა ამბოხებულმა ისტორიის სწავლა (!) დაიწყო. სხვა საქმეა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პროცესი მტკივნეულად, ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს. აბა, როგორ გინდათ? სხვანაირად ცვლილებები არ გამოდის. დავამატებდი: სამწუხაროდ, არ გამოდის.

ბაზარმა, ცხადია, სასწრაფოდ ისარგებლა სიტუაციით. “ქარწაღებულები” - ფილმი, რომელმაც ყველაზე მეტი მოგება მოუტანა ჰოლივუდს - კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მაგრამ, ვეჭვობ, არა იმიტომ, რომ ფლემინგის მელოდრამას ბევრი დამცველი გაუჩნდა. უბრალოდ, მაყურებელს საშუალება მიეცა გადაემოწმებინა თავისი ემოციები, ენახა ფილმი ახალ ისტორიულ კონტექსტში და, თუ გნებავთ, თავად დარწმუნებულიყო, რამდენად მართებულია პრეტენზიები, რომლებიც წლებია უკვე ადამიანის უფლებების დამცველებს აქვთ როგორც მარგარეტ მიტჩელის რომანის, ასევე რომანის ეკრანიზაციის, “ქარწაღებულების”, მიმართ. ლუ ლუმენიკმა, მაგალითად, ჯერ კიდევ 2015 წელს “ნიუ იორკ პოსტში” დაბეჭდილ წერილში აღნიშნა: “ თუკი კონფედერაციის დროშა, ბოლოს და ბოლოს, ვაღიარეთ რასიზმის მახინჯ სიმბოლოდ, მაშ რატომ ითვლება დღემდე “ქარწაღებულები” ამერიკული კულტურის დროშად?”.

წარმოდგენა არა მაქვს, ვინ მიიჩნევს “ამერიკული კულტურის დროშად” ფილმს, რომელსაც კატასტროფულად აკლია ერთიანი რეჟისორული ხელწერა, რომელშიც არატოლფასოვანია“სამხედრო” და “მშვიდობიანი” ეპიზოდები, რომელშიც სოციალური თუ პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით მეორე ნაწილში, თითქმის საერთოდ იგნორირებულია - ეპოსი გადადის მელოდრამაში და სტილისტური მთლიანობა სრულიად ინგრევა.

რასიზმი? კი, რა თქმა უნდა, “ქარწაღებულები”, როგორც მართებულად არის აღნიშნული HBO-ს კომენტარში, იმ რასობრივ აკვიატებებს გამოხატავს, რომლებიც უხვად იყო ამერიკულ საზოგადოებაში გასული საუკუნის 30-იან წლებში. და დღესაც არის. მათ შორის წრეებში, რომლებიც ასეთი გაშმაგებით იცავენ ფლემინგის სურათს. სხვათა შორის, “ქარწაღებულების” ერთ-ერთი მთავარი მოტივი, განთავისუფლებული მონების უარი თავისუფლებაზე და ბატონებთან დაბრუნების მოთხოვნა, ჯერ კიდევ 40-იან წლებში აღიქვეს როგორც რასიზმის გამოხატულება. მაშინაც აქტიურობდნენ, ძირითადად, ის ადამიანები, რომლებმაც 1915 წელს დევიდ უორკ გრიფიტის “ნაციის დაბადების” პრემიერა გააპროტესტეს. თავად გრიფიტი ლიბერალური მედიის შეტევებმა იმდენად გააბრაზა, რომ პრემიერიდან ცოტა ხნის შემდეგ სტატიაც კი გაავრცელა ბროშურის სახით, სათაურით “თავისუფალი სიტყვის აღმასვლა და დაცემა ამერიკაში”. რეჟისორმა წერილი “ნაციის დაბადებით” აღფრთოვანებული პრეზიდენტ ვილსონის სიტყვებით დაასრულა: “ეს სიმართლეა, სასტიკი ისტორიული სიმართლე, რომლის აღიარებაც გეშინიათ”.

კინემატოგრაფის პრეტენზია ისტორიულ სიმართლეზე, დიდი ხანია, უკვე საეჭვოდ ითვლება. იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ჩარჩოთი შემოსაზღვრული კინოკადრი მხოლოდ სამყაროს ერთ, მცირე ნაწილზე იძლევა ინფორმაციას, ხოლო კინემატოგრაფიული რაკურსი მაყურებლის მანიპულაციის გამოცდილი ხერხია. მიუხედავად ამისა, დიდი ოსტატებიც კი ვერ ელევიან წარმოდგენას კინოზე, როგორც “ობიექტურ ხელოვნებაზე”. თავის დროზე ჯერ ანდრეი ტარკოვსკიმ, შემდეგ ოთარ იოსელიანმა ეიზენშტეინი თაღლითობაში დაადანაშაულეს “ჯავშნოსანი პოტიომკინის” გამო: თითქოს მეფე თავის მეზღვაურებს ხიზილალას აჭმევდა, ეიზენშტეინმა კი ხიზილალა “მატლებიანი სუპით” შეცვალა და ამ სახეზე ააგო მთელი ფილმის კონფლიქტი. საქმეც ისაა სწორედ, რომ იოსელიანისა და, მით უმეტეს, ტარკოვსკისგან განსხვავებით, ისტორია ეიზენშტეინისთვის იყო პროცესი და არა გაყინული რეალობა. პროცესი მოძრაობაა. პროცესი ხშირად წარმოგვიდგენს ერთს და გულისხმობს სულ სხვას. პროცესი მტკივნეულია და, სამწუხაროდ, არც ნგრევას გამორიცხავს. მაგრამ განვითარება არასდროს ხდება პროცესის გარეშე, ე.ი. იმ ფასეულობების გააზრებისა და, შესაძლებელია, მათი უარყოფის გარეშე, რომლებიც განვითარებას უშლის ხელს.

“ქარწაღებულების” პრემიერის შემდეგ სამყარო განვითარდა. ამერიკაც განვითარდა. ხალხმა უფრო მეტი შეიტყო თავის წარსულზე, რომლის ნაწილია, სხვათა შორის, ფლემინგის ფილმი და ის ძეგლებიც, რომელთა განადგურებას ცდილობს ზოგიერთი ამბოხებული, ვერ ხვდება რა, რომ ძეგლის განადგურებით, წიგნის თუ ფილმის დაწვით რასიზმის პრობლემა ვერ გადაწყდება.

არა უშავს. მიხვდება. მთავარია კერპად არ ვაქციოთ ის, ვინც დღევანდელი გადასახედიდან უკვე რასისტად მოიაზრება. მთავარია “ამერიკული კულტურის დროშად” არ ვაქციოთ რასისტული მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც მშვენიერი სკარლეტ ო,ჰარა თითქმის 4 საათის განმავლობაში, ფერწერული პეიზაჟების ფონზე, გადის წინააღმდეგობებს, იბრძვის, უყვარს, წარმატებული ბიზნესვუმენი ხდება. სკარლეტ ო, ჰარას ოსტორიას აქვს ფონი - მას ქმნიან მონები, რომლებიც მთელი ეს 4 საათი... “განუვითარებლებად” რჩებიან - ერთგულები მონობაში და ლოიალურები თავიანთი ბატონების მიმართ. უჭკვიანესი და ულამაზესი სკარლეტისგან განსხვავებით, შავკანიანებს აქ ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

რაც შეეხება ფილმის პაციფისტურ ინტონაციებს და იმის მტკიცებას, რომ სამოქალაქო ომმა გაანადგურა სამხრეთის ეკონომიკა, გააუბედურა ოჯახები და იმსხვერპლა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, აქ ვიქტორ ფლემინგის, როგორც კინემატოგრაფისტის, უნარი უკვე ვეღარ ქაჩავს: გაანადგურა მონათმფლობელი პლანტატორების სივრცე! უფრო ღრმად ფლემინგი ვეღარ მიდის - პირველ რიგში, სწორედ რასობრივი სტერეოტიპების გამო, რომლებსაც წლების მანძილზე ამკვიდრებდა ამერიკული კულტურა. ნიჭიც ვერ ეხმარება - აკი აღვნიშნე: “ქარწაღებულები” არაა ეპიკური დრამა ომის საშინელებაზე, ესაა მელოდრამა ომისგან გაუბედურებულ “მაღალ კლასზე“. მარგარეტ მიტჩელი ნამდვილად არაა შექსპირი, ტრაგედიის თამასა ბოლომდე რომ დაიჭიროს, ვიქტორ ფლემინგი კი არც ეიზენშტეინია და არც ვისკონტი, ისტორიის “დრამატურგია” რომ ახსნას და მხოლოდ პლანტატორების “წვინტლებზე” არ აგვიჩუყოს გული.

ასე რომ, მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ “ქარწაღებულის” თავიდან ნახვაში. უბრალოდ, მოვერიდებოდი ფილმის ოპონენტების ნაცისტებთან შედარებას. არ გინდათ ეს ანალოგიები! უხერხულია!

მორიდებითვე შეგახსენებთ, რომ ნაცისტები წვავდნენ ყველაფერს, რაც “გერმანულ სულს” ეწინააღმდეგებოდა (“აფუჭებდა”), ამერიკაში კი დღეს ცდილობენ მითებისგან განთავისუფლებას - პირველ რიგში, კეთილი მონათმფლობელის მითისგან. და ძალიან უცნაურია, რომ ამას საქართველოში ვერ ხედავს ხალხი, რომელსაც სრულიად მართებულად აღიზიანებს, მაგალითად, ვინმე ვორონცოვის წარმოდგენა ადამიანად, რომელმაც “ველურ ქართველებს” ოპერა აუშენა და ევროპულ კულტურას აზიარა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG