აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ეს არის მძლავრი სიგნალი ყველასთვის, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას:
„ჩვენ მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გათავისუფლება მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც მუშაობდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ პროგრესი შესაძლებელია და მიღწეული იქნება.
ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირებში სამუშაოდ დაბრუნდება. ველით ასევე მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებებით დააკავეს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები; ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული.