აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, როგორც ჩანს, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით ტელევიზიას იმ ჟურნალიტებს ატოვებინებენ, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდნენ. დირექტორი ამბობს, რომ ის მიკერძოებულ ტელევიზიას დამოუკიდებლობას უბრუნებს, ჟურნალიტები საპირისპიროს ამტკიცებენ, გარეშე დამკვირვებლისთვის კი აჭარის ტელევიზია უკან, მთავრობის სამსახურში ბრუნდება.
"აჭარის ტელევიზია მისი დაარსებიდან დღემდე ხელისუფლების პროპაგანდის იარაღია", - ასე აღწერს აჭარის ტელევიზიას ერთ-ერთი ყველაზე სანდო მედიაორგანიზაცია ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე. მისი თქმით, გამონაკლისი მხოლოდ ის 2 წელიწადი იყო, როდესაც არხს ნათია კაპანაძე ხელმძღვანელობდა. კაპანაძის დირექტორობის პერიოდში ტელევიზია ცდილობდა საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცევას - აღარ მიყვებოდა ხელისუფლების დღის წესრიგს, უფრო მეტიც, დისკომფორტსაც უქმნიდა მთავრობას.
აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით 2013 წლის დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს. მისი შემოსავალი ყოველწლიურად ბიუჯეტის პროპორციულად იზრდება. წელს ეს თანხა 9,4 მლნ ლარია.
2016 წლის ბოლოს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ არხზე მედიასამართლის სპეციალსტი ნათია კაპანაძე აირჩია დირექტორად. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო მაუწყებლის რებრენდინგი, ეთერში გავიდა რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუ და მალევე არხი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც პოზიტიურ კონტექსტში მოხვდა, თუმცა რეფორმების პარალელურად ნათია კაპანაძეს ტელევიზიაში უკმაყოფილო თანამშრომელთა ჯგუფი დაუპირისპირდა. დირექტორს ხისტი გადაწყვეტილებებისთვის აკრიტიკებდნენ.
"ამ ტელევიზიისთვის შეუქცევადი პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გაღიზიანდა ერთ-ერთი ჟურნალისტის ქცევით. ამის შემდეგ, ერთგვარად, ხელისუფლებიდან ყველამ, თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ თავს დასხმოდა ტელევიზიას. მანამდეც იყო შემთხვევები, თუმცა ორკესტრირებული შეტევა აჭარის ტელევიზიაზე დაიწყო ივანიშვილის განცხადების შემდეგ”, - იხსენებს ჟურნალისტი ეთერ თურაძე.
ბიძინა ივანიშვილი ამ ჩანაწერში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს მიმართავს. ის უკმაყოფილოა იმით, რომ ჟურნალისტი "უზრდელობს". ამ დროს თურმანიძე ცდილობს გაარკვიოს, რას ფიქრობს ივანიშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე 20 ივნისის ღამეს.
დაბალანსებული ტელევიზიიდან დღეს მივიღეთ არხი, რომლის ეთერშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი უცვლელად კითხულობს ახლანდელი პრესსამსახურის ტექსტს....
"სიჩუმეს თუ მიეჩვევით, აბა?! აცალეთ კოლეგებს... დაწყნარდით ცოტა... შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობთ", - უთხრა ივანიშვილმა მაშინ ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს.
თეონა თურმანიძეს, რომელმაც აჭარის ტელევიზიაზე მუშაობა 7 წლის წინ, იმ დროს დაიწყო, როდესაც არხი სახელმწიფო ტელევიზიიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გადაკეთებულიყო, დღეს ახალი ამბები აღარ მიყავს. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გამოქვეყნებული მოსაზრების გამო მას დირექტორმა ეთერის წაყვანის უფლება ჩამოართვა.
“არხზე ანგარიშგასაწევი ძალა, ფაქტორივად, არ დარჩა და ახლა დირექტორიც წელგამართულია... დღეს ვრჩები [ტელევიზიაში], მაგრამ არ ვიცი, რა იქნება ხვალ. მართლა დავიღალეთ ემოციურად”, - ამბობს თეონა თურმანიძე, რომელსაც დირექტორი ახლა რადიოში გადასვლას სთავაზობს.
კადრები, რომლიც კაპანაძემ არხის გასაძლიერებლად შეაგროვა, როგორც ჟურნალიტები ამბობენ კოხრეიძემ “დასაჯა”.
დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალეს და მისი უფლებები შეზღუდეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაუშვეს, ახალი ამბების მთავარი გამოშვების პროდიუსერის თანამდებობა გააუქმეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაუშვეს; ონლაინსამსახურის მიმართულების ხელმძღვანელს უფროსი დაუნიშნეს, ახალი ამბების ერთ-ერთი კორესპონდენტი კი ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს.
თურმანიძის შემცვლელი, როგორც სხვა შემთხვევებში, დირექტორმა მალევე მოძებნა. მის ნაცვლად ახალ ამბები ახლა აჭარის საავტომობილო გზების პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ნაზი ქობულაძეს მიჰყავს.
"დაბალანსებული ტელევიზიიდან დღეს მივიღეთ არხი, რომლის ეთერშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი უცვლელად კითხულობს ახლანდელი პრესსამსახურის ტექსტს", - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე, რომლის გადაცემა # ჰეშთეგიც კაპანაძის დროს შეიქმნა და ახლა გაჩერებულია. ჰეშთეგი საზოგადოებრივი გადაცემა იყო, რომელიც ყოველდღიურად ეთერს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების პრობლემების გაშუქებას უთმობდა.
მისი თქმით, აჭარის ტელევიზია იმ სახით, როგორითაც ის რამდენიმე თვის წინ არსებობდა, ხელისუფლებას პრობლემებს უქმნიდა - აშუქებდა ბიუჯეტის ხარჯვის პრობლემურ ნაწილებს, ჩავარდნილ ტენდერებს, ბიუჯეტიდან "მოპარულ ფულს" და ა.შ.
"თუ ახლა მხოლოდ მე და რამდენიმე ვამჩნევთ, რა განსხვავება ამ და იმ მაუწყებელს შორის, როდესაც კორონავირუსი გადაივლის და სხვა თემები იქნება გასაშუქებელი, უკვე დავინახავთ, რომ აჭარის მაუწყებელი არის პროპაგანდის არხი", - ამბობს ის.
კოხრიძის მმართველობით უკმაყოფილო ჟურნალიტების ახალ პროფკავშირებში გაერთიანდნენ. მათ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან ერთი თანამოაზრე ჰყავთ. გია ქარცივაძე, რომელიც ახლა მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, მანამდე ამავე არხის თანამშრომელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
ის ამბობს, რომ თუ ტენდენციები გაგრძელდება და ამის დიდი ალბათობაა, ძალიან მალე აჭარის ტელევიზია 2010-2011 წლის ნიშნულს დაუბრუნდება. მაშინ ის ხელისუფლებაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას აქებდა.
მაუწყებლის გადასარჩენად რამდენიმე საპროტესტო და სოლიდარობის აქცია გაიმართა, თუმცა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარადაჭერას უმეტესწილად კოლეგები და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებენ.
"ხალხი, რომ გამოსულიყო ჩვენს მხარდასაჭერად, დირექტორი ასე ხელაღებით ვერ გააკეთებდა ყველაფერს და ჩაფარცხავდა… ახლა აქვს წამოსაძახებელი, აი, ხო ხედავთ, მხარი არ დაგიჭირეს", - ამბობს თეონა თურმანიძე.
"მაუწყებელი ახალფეხადგმული ბავშვივით იყო ამ პერიოდში და არ ვიცი, რამდენად ახლოს იყო საზოგადოებასთან, რომ ხალხი გამოსულიყო. ჯერ ყველაფერი წინაა, როცა დაიწყო არსებითი პრობლემები, მაშინ იჩინა თავი კორონამ", - დასძენს გია ქარცივაძე.
ის კრიტიკა, რაც არხის ახალი ხელმძღვანელის მიმართ ისმის, გიორგი კოხრეიძისთვის "ფანტაზიის ნაწილია". მისი თქმით, ხელშეკრულება არავისთვის შეუცვლია და თანამშრომლები, რომლებმაც პოზიცია შეიცვალეს, თავისი ნებით დათანხმდენენ ახალი მენეჯერის შეთავაზებას.
“მერკვილაძეს, რაც შევთავაზე არ დათანხმდა?.. ნათია ზოიძის ხელშეკრულება მოვიდა კანონმდებლობასთან თანხვედრაში… ჩემს მოსვლას თანამდებობის შეცვლას რატო უკავშირებენ, იხილავთ ძალიან მალე - დამოუკიდებელი მედიის გამოა ბრძოლა თუ სხვა რამის გამო, ამას ძალიან მალე იხილავთ… საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ კანტორად ჰქონდათ გადაქცეული - ასეთ რაღაცებს იხილავს საზოგადოება მალე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კოხრეიძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გაიხსენოს რომელიმე კრიტიკული მასალა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ბოლო ერთ კვირაში მომზადდა, კოხრეიძე ასე პასუხობს:
"შეგიძლია ჩართო და ნახო… ჟურნალისტებს ჰკითხე ვინმე ერევა, უთხრა რამე გააკეთეო?.. თუ ვინმე თვითცენზურაში ექცევა, მსგავსი ჟურნალისტების ადგილი აქ არაა…" "მაბრალებთ, ფაქტად გინდათ გაასაღოთ ის, რაც არ არის", - დასძენს ის იმ კრიტიკაზე საპასუხოდ, რომელიც ამ დრომდე მისი მისამართით ისმის.
ახლა კოხრეიძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საქმეა შესული. ჯერ გადაწყვეტილება არცერთ საქმეზე არ დამდგარა. ყველა შემთხვევაში არხის დირექტორს შრომითი ურთიერთობების დარღვევას ედავებიან. ძველი გუნდიდან იმავე თანამდებობებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. "დასჯილები" ფიქრობენ, რომ "დარჩენილებსაც" იგივე ბედი ელით.