Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი აცხადებს, რომ იქ კორონავირუსი არ არის, თუმცა პანდემიას მაინც ებრძვის


დუშანბე. 13 აპრილი
დუშანბე. 13 აპრილი

ტაჯიკეთი ჯიუტად აცხადებს, რომ იქ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ აღრიცხულა, თუმცა ქვეყანაში ფატალური „პნევმონიის“ შემთხვევების საეჭვო მატებაა. ეს აღძრავს შიშებს, რომ დუშანბე ადამიანების ჯანმრთელობით სარისკო თამაშს თამაშობს.

ზიოდა, 48 წლის ქალი, რეზინის ხელთათმანებსა და სახელდახელოდ შეკერილ ნიღაბში მწვანილს ყიდის ბოსტნეულის ბაზარში, ხუჯანდის შემოგარენში - ტაჯიკეთის უძველეს და მთელი შუა აზიისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქში.

მას ყოველდღიურად ათობით მყიდველთან უწევს ახლო კონტაქტი. ბევრი მყიდველი მას ფასზე ევაჭრება, როგორც ეს ხუჯანდში ხდებოდა მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთი გაჩერება იყო. სხვები, უბრალოდ, ჩერდებიან და ზიოდასთან საუბარს აბამენ, მის დახლზე ქინძის, მწვანე ხახვის თუ ნიორის შერჩევისას.

ზოგიერთ კლიენტს ნიღაბი უკეთია, მაგრამ უმრავლესობა უნიღბოდაა.

კითხვას, რამდენად ეშინია ხალხით სავსე ბაზარში კორონავირუსით ინფიცირების, ზიოდა გულგრილი სიმშვიდით უპასუხებს:

„მთავრობა ამბობს, რომ აქ კორონავირუსი არ გვაქვს.როცა ხმები დაირხა, რომ აქვე მდებარე რასულოვის ოლქში ვიღაც მოკვდა, ვიფიქრე, სახლში დავრჩები-მეთქი, მაგრამ პოლიტიკოსებმა თქვეს, კორონავირუსით არ მომკვდარაო და ხალხმა ჭორებს არ უნდა დაუჯეროსო“.

მთავრობის წარმომადგენლები ტაჯიკეთში, რომელიც საზღვარს იყოფს ჩინეთთან, ქვეყანასთან, სადაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის, პანდემია დაიწყო, აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა, თუმცა, პარალელურად, სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება საეჭვო, ფატალური პნევმონიისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ საავადმყოფოს მუშაკებსა და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებს შორის.

ზოგიერთი ოჯახი აცხადებს, რომ მიცვალებულები მათთან მოჰყავთ გახვეულები ნაჭრებში, რომლებსაც ქლორის სუნი აქვთ, და მათ უფლებას არ აძლევენ გვამებს შეხედონ. ერთ-ერთ ოჯახს გასვენების გამართვა ცხედრის გარეშე მოუხდა, უთხრა ამ ოჯახის წევრმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს.

კიდევ სხვა შემთხვევაში, სასწრაფოს მანქანამ გვამი საავადმყოფოდან პირდაპირ სასაფლაოზე წაიღო და ოჯახის წევრებს უფლება მისცა მხოლოდ მოკლე ცერემონია გაემართათ მანქანის სიახლოვეს.

დასაფლავებასთან მიმართებით ასეთმა უცნაურმა ქცევამ ტაჯიკეთის მცხოვრებთა შორის გაზარდა ეჭვები, რომ ქვეყანაში კორონავირუსი ვრცელდება, მაგრამ ამას მთავრობა არ აღიარებს. ადამიანები შიშობენ, რომ დუშანბეში მთავრობა საზოგადოების ჯანმრთელობით სარისკო თამაშს თამაშობს, რადგან ტაჯიკ ხალხს ძირითადად ეუბნებიან, ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელეთო.

„დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობები“

ოფიციალური სტატისტიკით, 9 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყანაში 27 აპრილისთვის მხოლოდ 4,100 ტესტი იყო ჩატარებული კორონავირუსის ინფექციაზე.

ტაჯიკეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანამ, საერთო ჯამში, 46,900 ტესტი მიიღო რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიისგან.

ტაჯიკეთში მხოლოდ ერთი ლაბორატორია მუშაობს, რომელსაც აქვს კორონავირუსის ტესტების დამუშავების შესაძლებლობა. ის დუშანბეში მდებარეობს.

პირველ ეტაპზე ტესტების მასალას რუსეთსა და ბრიტანეთში გზავნიდნენ, რათა გამოერიცხათ დუშანბეს ლაბორატორიის მიერ შეცდომის დაშვება. მაგრამ ეს პრაქტიკა დასრულდა მას შემდეგ, რაც 19 მარტს საერთაშორისო ფრენები აიკრძალა, როგორც ნაწილი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა.

დუშანბეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, გალინა პერფილიევა, პირველ ეტაპზე ადასტურებდა მთავრობის პოზიციას, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ აღრიცხულა, მაგრამ ბოლო დღეებში პერფილიევამ ინტონაცია შეცვალა.

რუსეთის ყოველდღიურ გამოცემა „კომერსანტს“ მან უთხრა, ტაჯიკეთში „დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობების“ გათვალისწინებით, უბრალოდ, შეუძლებელია რეალური სიტუაციის ცოდნაო.

დუშანბეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი გალინა პერფილიევა.
დუშანბეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი გალინა პერფილიევა.

„შეუძლებელია იმის დარწმუნებით თქმა, რომ ტაჯიკეთში კორონავირუსის ინფექცია არ არის“, - ამბობს პერფილიევა.

"COVID-19-ს ასიმპტომატური ფორმებიც აქვს“, - დასძენს ის. „ტაჯიკეთში, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობაში, შეუძლებელია მთელი მოსახლეობის ლაბორატორიული ტესტირება, მათი იდენტიფიცირების მიზნით“.

მოელიან, რომ WHO ტაჯიკეთში მალე სპეციალისტებს გაგზავნის ვითარების შესაფასებლად.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივ კორესპონდენტებს პერფილიევასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცათ, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა.

ზეწოლა მედიაზე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით არსებული ვითარება უცებ ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო თემა გახდა ტაჯიკეთის ხელისუფლებისთვის.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მედიას ხშირად ადანაშაულებენ „ჭორების გავრცელებასა“ და „პანიკის დათესვაში“, პანდემიის ფონზე.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვები დაუსვეს, ორი ადგილობრივი ჟურნალისტი პოლიციამ დაიბარა დაკითხვაზე.

22 აპრილს დაიბლოკა „ახალი ამბების“ დამოუკიდებელი ვებსაიტი Akhbor-ი - მას შემდეგ, რაც ის აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას ქვეყანაში საეჭვო დაავადებებისა და სიკვდილის შემთხვევების მატების შესახებ.

ტაჯიკეთის მთავრობას, დიდი ხანია, აკრიტიკებენ მედიის შეზღუდვისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო, მაგრამ კორონავირუსის კრიზისის გაშუქებამ ჟურნალისტების საქმიანობა იქ „კიდევ უფრო გაართულა“,- აცხადებს მედიაზე დამკვირვებელი ორგანიზაცია, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

ჯანდაცვის საკითხების გარშემო ჟურნალისტებზე ზეწოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა მოულოდნელი კარანტინის გამოცხადებაზე ჯაბორ რასულოვის ოლქის საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც იქ პაციენტი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

მას მერე ტაჯიკეთში აღირიცხა საავადმყოფოთა მუშაკებისა და სხვების კარანტინში სიკვდილის შემთხვევების მატება, მოკლეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ.

გარდაცვლილებს შორის იყვნენ საავადმყოფოს დამლაგებელი და ექიმი. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან რამდენიმე დღის ინტერვალით გარდაიცვალა მიმდინარე თვეში ბოხტარის ოლქის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში.

ოფიციალურმა პირებმა მათი სიკვდილი მიაწერეს ტუბერკულოზს და პნევმონიას, შესაბამისად, - და თქვეს, COVID-19-ით არც ერთი მათგანი არ იყო ავადო.

პარალელურად, ტაჯიკეთში ხალხის საკმაოდ მოზრდილ რაოდენობას კარანტინში ათავსებენ, რასაც მთავრობა პრევენციულ ზომად ხსნის.

17 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ ფილტვების ანთების შემთხვევათა გახშირება მიაწერა ამინდის მოულოდნელ გაუარესებას.

სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შედეგად, სამინისტრო დათანხმდა ტაჯიკეთში 2015 წლიდან ყოველ წელს, იანვარსა და აპრილს შორის მონაკვეთში, აღრიცხული პნევმონიის შემთხვევების მონაცემთა გამოქვეყნებას, მაგრამ, ამ დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს ფილტვების ანთების შემთხვევები შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით კიდევ და კიდევ ვრცელდება ცნობები, რომ პნევმონია იმატებს, და საკუთრივ მთავრობაც ამბობს, რომ ფილტვების ანთება მოსახლეობაში ცივი ამინდის გამო გახშირდა.

უცხოურ ფინანსურ დახმარებას მიესალმებიან

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში არ არის, ტაჯიკეთი უცხოეთიდან სიხარულით იღებს ფინანსურ დახმარებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. დახმარება მოდის თანხების, ასევე საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახით.

13 აპრილს ევროკავშირი ტაჯიკეთს 48 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა, კორონავირუსის პანდემიის შესაძლო შედეგებთან ბრძოლის მიზნით.

მსოფლიო ბანკმა კი ტაჯიკეთს 2 აპრილს COVID-19-თან ბრძოლის სასწრაფო ფონდისთვის 11,3 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა.

კიდევ რამდენიმე დღეში ტაჯიკეთს პანდემიასთან საბრძოლველად აშშის ხელისუფლება დაჰპირდა 866,000 დოლარს.

დუშანბეს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან შუააზიელი მეზობლები, ყაზახეთი და უზბეკეთი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ტაჯიკეთი არის მსოფლიოს 25 ყველაზე მოწყვლად ქვეყანას შორის, რომლებმაც სააგენტოსგან დახმარება უნდა მიიღონ პანდემიის გამო.

მაშინაც კი, თუკი დავუშვებთ, რომ კორონავირუსი ტაჯიკეთში არ აღმოჩნდება, შუა აზიის ამ ღარიბ ქვეყანას უკვე აყენებს მნიშვნელოვან ზარალს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები.

ტაჯიკეთის 1 მილიონამდე მოსახლე რუსეთში მუშაობს, როგორც მიგრანტი მუშა, რადგან შინ სამუშაოს პოვნა ჭირს. ახლა კი საზღვრები დახურულია და მათი უმრავლესობა ტაჯიკეთს ვერ ტოვებს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათ და მათი ოჯახების სამომავლო ეკონომიკურ პერსპექტივას.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ძალები ქვეყანას მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარებას ჰპირდებიან, მთავრობას არ უხსენებია დახმარების პაკეტები და არც ალტერნატიული შემოსავლის წყაროები შეუთავაზებია თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო მძიმე რეალობა დაუდგათ.

ზომები „ყოველი შემთხვევისთვის“

27 აპრილისთვის ტაჯიკეთში მუშაობას განაგრძობდა უნივერსიტეტები და ოფისები, ღია იყო ბაზრები და ქუჩები ხალხით იყო სავსე.

თუმცა, მიუხედავად ოფიციალური ვერსიისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არის, ვითარება ტაჯიკეთში მაინც შეცვლილია.

მთავრობის წარმომადგენლებმა 25 აპრილს გამოაცხადეს, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოულოდნელად ორი კვირით, 27 აპრილიდან 10 მაისამდე, იხურება „საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

ამავე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა მასობრივი თავშეყრის ყველა ღონისძიება, მაგალითად - სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები.

ოფიციალური უწყებების ყველა შენობას, ბაზრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს დუშანბეშიც და მის გარეთაც რეგულარულად უტარდება დეზინფექცია.

ბაზრებში მოვაჭრეებს ლატექსის ხელთათმანებით მუშაობა უბრძანეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა კი ნიღბები უნდა გაიკეთონ, თუმცა ქვეყანაში ჯერჯერობით არ შემოაქვთ ფიზიკური დისტანცირების წესები.

ხუჯანდის ბოსტნეულის ბაზარში ზიოდა მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, რათა მწირი თანხები შეაგროვოს თავისი დიდი ოჯახის გამოსაკვებად.

ის მწვანილის რამდენიმე მიმწოდებელსაც სტუმრობს რეგულარულად, რათა მეორე დღის გასაყიდი საქონელი ჰქონდეს.

ნიღაბში რთული შესამჩნევია, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ზარინას სახეზე ღიმილი ეფინება, როცა დამღლელი დღის ბოლოს, როგორც იქნა, შინ მიდის.

XS
SM
MD
LG