ზურა ნატროშვილი რესტორატორია, რომელსაც ტურისტებსა და ადგილობრივებში პოპულარული ორი ობიექტი - „ბინა N37” და „გალა“ ეკუთვნის. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, თუ როგორ ხედავს ქართულ სარესტორნე ბიზნესის მომავალს საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ - შეძლებს თუ არა ეს სფერო ძველებური მუშაობის აღდგენას.
რესტორნებს იზოლაციის დასრულების შემდეგაც გაუჭირდებათ.
იზოლაციის დასრულების შემდეგ წესით გარკვეული დინება უნდა იყოს რესტორნების მიმართულებით - მოსახლეობა ალბათ სოციალურ ურთიერთობებს იქნება მონატრებული. თუმცა, რამდენად სწრაფად დაიქოქება ჩვენი ბიზნესი, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფინანსური შესაძლებლობით დაბრუნდება ჩვენი მომხმარებელი.
აქამდე ჩვენი ქალაქი გაჯერებული იყო სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებით. როგორც ჩანს, ამ მოვლენების შემდეგ ძალიან ბევრი მათგანი დაიხურება. ეს, ალბათ, ერთბაშად არ მოხდება - საწყის ეტაპზე ბევრი ეცდება, რომ ობიექტი გახსნას, თავიდან აამუშავოს. თუმცა, დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი. ყველაფერს მაინც ის განსაზღვრავს, ექნება თუ არა ადგილობრივ მომხმარებელს საკმარისი მსყიდველობითი უნარი, რომ ბიზნესს დაეხმაროს.
ამ საქმეში საქართველოში ასობით ათასი ადამიანია ჩართული
სარესტორნე ბიზნესი არ შედგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვისაც მომხმარებლები ვხედავთ. მიმტანებისა და მზარეულების გარდა ამ სფეროში ჩართულია უამრავი ადამიანი - დისტრიბუცია, ინგრედიენტების მწარმოებლები - მცირე ფერმერებიდან და ოჯახებიდან დაწყებული, დიდი კომპანიებით დამთავრებული... საქართვლოში 300 ათასზე მეტი ადამიანია ამ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული და კიდევ ძალიან ბევრი - მომიჯნავე სფეროებიდან.
ხელფასების გარდა მთავარი პრობლემა ქირა და კომუნალურებია
ქვეყანაში ზოგადად არასწორი წარმოდგენა არსებობს სარესტორნო ბიზნესის შესახებ. თითქოს ეს ბიზნესი არის მილიონების გამომუშავებაზე ორიენტირებული და მაღალშემოსავლიანია. მეც, სანამ ამ ბიზნესს დავიწყებდი, ასე მეგონა. რაც უფრო მეტად დამიგროვდა გამოცდილება, უკეთ დავინახე, რომ ეს საერთოდ არ არის ასე. მცირე და საშუალო ზომის ობიექტები ყოველდღიურ ნავაჭრზე არიან დამოკიდებულნი იმისათვის, რომ თავი გაართვან ვალდებულებებს.
ვალდებულებები კი ბევრია. რესტორნების უმეტესობა ფართს ქირაობს. კონტრაქტები უცხოურ ვალუტაშია დადებული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ტვირთი სწორედ ესაა - რენტა. შემდეგ მოდის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთი და კომუნალური გადასახადები.
ეს ძალიან ბევრ ჩვენი კოლეგისთვისაა პრობლემა. მათთვის, ვინც დარჩა ბაზარზე და მიტანის სერვისის მეშვეობით გადაწყვიტა მუშაობა. ბევრს, ვიცი, რომ გადაუხდელობის გამო შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება - წყლის, ელექტროენერგიის თუ გაზის.
მიტანის სერვისზე გადასვლა ყველასთვის გამოსავალი არ არის
მიტანის სერვისი დამოკიდებული არის იმ კონცეფციაზე, რაც კვების ობიექტს აქვს. ატმოსფეროს და სტუმარ-მასპინძლობის სახლში მიტანა შეუძლებელია. ამიტომ, ბევრმა ობიექტმა მსგავსი ტიპის მომსახურებაზე უარი ვთქვით.
ისიც აღსანიშნავია, რომ ვინც ამ სერვისზე გადაერთო, არც ისინი აღნიშნავენ ფინანსურ სარგებელს. ერთი კოლეგა გუშინ ამბობდა, რომ მხოლოდ თბილისში რაიონიდან ჩამოსული თანამშრომლების ბინის ქირის გასტუმრებისთვის მუშაობდა.
რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს
„გალაც“ და „ბინა 37“-იც რესტორატორთა ასოციაციის რიგითი წევრია. ჩვენმა ასოციაციამ რამდენიმე კვირის წინ საერთო წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, სადაც დახმარებას ვითხოვდით.
გვჭირდება შუამდგომლობა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. წერილში ლაპარაკი იყო ასევე როგორც საშემოსავლო, ისე ქონების გადასახადის გადავადებაზე, დღგ-ზე და სხვა ტიპის მხარდაჭერაზე.
დღეს ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა უხელფასო შვებულებაში არიან. არ ვიცით, როდის შევძლებთ კარის გახსნას და მუშაობის დაწყებას. იმედი გვაქვს რომ სახელმწიფო რამე ტიპის შეღავათებს გაუწევს ამ ინდუსტრიას, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.
პრობლემები რესტორნებს კორონავირუსამდეც ჰქონდათ
„გალა“ შარშან მაისში გავხსენით. მაშინ თავისუფლების მოედანთან მდებარეობდა. ერთ თვეში კი ე.წ. გავრილოვის ღამე მოხდა, რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ტაბიძის ქუჩის რესტორატორებს და, ზოგადად, ყველა ობიექტს, რომელიც ტურისტულ ნაკადზე იყო დამოკიდებული.
თუმცა, არა მხოლოდ მათ.
მაგალითად, „ბინა 37“ გაგარინის მოედნის ახლოს მდებარეობს და მიტინგის და ქუჩის გადაკეტვის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. მაგრამ, აი, ნახეთ - იქ 150 ადგილი გაქვს და 2019 წლის მაისსა და ივნისში ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის კი არ იყო ხოლმე მაგიდა. მხოლოდ „რუმსის“ სასტუმროების ქსელიდან ყოველდღიურად 5 ჯავშანი გვქონდა. 20 ივნისის შემდეგ ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა. ყველა. და 2 აგვისტომდე აღარც გვქონია.
ის, რომ ჩვენს ინდუსტრიას გაუჭირდებოდა, ჯერ კიდევ შარშან იყო ჩემთვის ნათელი. ტურისტების შემცირებას დაემატა ისიც, რომ კურსის ცვლილებამ და გაუარესებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ ადგილობრივების მსყიდველუნარიანობა დააქვეითა.
მარტს ველოდებოდით, რომ ტურისტული სეზონი დაწყებულიყო, მაგრამ თებერვლიდან ჯავშნები გაუქმდა და ამ დროიდან უკვე ძალიან დავზარალდით.
ტურისტების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება
ტურისტების გარეშე მთელს ქვეყანას გაუჭირდება. ამ ბიზნესში უამრავი ადამიანია ჩართული - ტუროპერატორები, სასტუმროები, გიდები, მუზეუმები... რესტორნები, ვინც უფრო მეტად ვიყავით ორიენტირებულნი ტურისტულ სეგმენტზე მაქსიმალურად უნდა გადმოვერთოთ ადგილობრივ სეგმენტზე, რადგან, ჩემი აზრით, შემდეგ გაზაფხულამდე ტურიზმის აღდგენის პერსპექტივები ძალიან ნაკლებად გვაქვს. უნდა მოვისმინოთ ადგილობრივი სტუმრების სურვილები და ვცადოთ, მათ მოვერგოთ.
რა სურთ ქართველებს
უკვე ნათელია, რომ პირისპირ დავრჩებით ჩვენს ადგილობრივ მომხმარებელთან. ადგილობრივ მომხმარებელს კი ვიცით, რომ უყვარს კლასიკური კერძები, მაგრამ, ამასთან, ახალ, საინტერესო შესრულებასაც ეძიებს.
ჩვენ ყველანი ვიფიქრებთ რომ უფრო მეტი ენერგია და დრო მივმართოთ სხვადასხვა რეცეპტების გასაცოცხლებლად. ამის საუნჯე დიდი გვაქვს. საინტერესო იქნება სხვადასხვა კუთხეებში ინდივიდუალური, თავისი პეწით შესრულებული კერძების შეთავაზებაც. ეს ემოციური შემადგენელიც ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
თუმცა, მთავარი მაინც ფინანსები იქნება. რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს მომხმარებელს, რომ შეიძინოს გემრიელი, მაღალი ხარისხის პროდუქტისგან დამზადებული კერძი, თუ ამას ფინანსური შესაძლებლობა არ გაუმაგრებს ზურგს, სურვილი სურვილად დარჩება. ბიზნეს-ოპერატორიც იძულებული გახდება ან შეწყვეტოს საქმიანობა, ან დაიწყოს უფრო დაბალხარისხიანი პროდუქტის წარმოება, ან შეამციროს პორციის ზომა.
ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით რთული პერიოდი იქნება...