COVID-19-ის საქართველოს სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა. გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენელთა 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან სასტუმრო-კაფე-რესტორნები დაიხურა. ფერმერების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გართულებულია. გარდა ამისა, რესპონდენტების 35 % ამბობს, რომ ახალი სესხის აღება გაძნელდება.
„COVID-19 ის გავლენა ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაზე“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოკვლევა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ. კლევაში მთელი საქართველოდან 175-მა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 45 კახეთიდან არის. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის
მოადგილე და კვლევის თანაავტორი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა აგროსაშუალებებზე ხელმიუწვდომლობაა. კოჭლამაზაშვილის თანახმად, შხამქიმიკატების უმეტესობა იმპორტირებულია, არსებული შეზღუდვების ფონზე მათი შემოტანა გაძნელდა და, ამავდროულად, გაიზარდა ფასები, რადგან გაუფასურდა ეროვნული ვალუტა:
„პორტებში და საზღვრებზე იმპორტირებული პროდუქტის შემოსვლის დროს ხდება ტვირთების დამატებითი შემოწმება-დამუშავება. ეს გარკვეულწილად დროში იწელება, რაც პროდუქტის მოწოდების შეფერხებას იწვევს. ასევე, იყო გარკვეული მაღაზიები, რომლებიც გარკვეული პერიოდი არ მუშაობდა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლარის კურსის მერყეობა არ აძლევდა საშუალებას, ფასწარმოქმნა სწორად დაედგინათ“.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გამოკვლევაში COVID-19-ის პანდემიით შექმნილ კიდევ რამდენიმე პრობლემაზე წერს. გამოკვლევის თანაავტორ რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ბანკების მიერ სესხების გაცემა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ ფერმერების ნაწილს არა აქვს თანხა საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა წარმოშვა, ადგილობრივი ბოსტნეულის რეალიზაციაა. ფერმერთა ასოციაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რეკომენდაციით მიმართავს, დროულად მოიძებნოს ბოსტენულის გასაღების ალტერნატიული ბაზრები:
„იქიდან გამომდინარე, რომ დაკეტილია მთელი რიგი ობიექტები, - სასტუმრო-კაფე-რესტორნები, - დიდი პრობლემა შეიქმნა მალფუჭებადი პროდუქტების, მათ შორის, ბოსტნეულის, რეალიზაციის დროს. ზოგმა ფერმერმა დაკარგა გასაღების არხები. დაკეტილია გარკვეული აგრარული ბაზრები. ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოხდეს ასეთი ფერმერების დროული იდენტიფიცირება და მათთვის გასაღების ალტერნატიული არხების შეთავაზება“.
ამ დროისთვის ბოსტნეულის რეალიზაციას ახერხებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები თენგიზ ბერიძე, თუმცა ამბობს, რომ თუკი 21 აპრილის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა კიდევ გაგრძელდა, პრობლემა გარდაუვალი გახდება. ბერიძეს 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სათბური აქვს, სადაც ადრეული კიტრი მოჰყავს. ახლა დღის განმავლობაში 50 კილოგრამამდე მოსავალი აქვს გასაყიდი და რეალიზაციას სოფლის პირობებში ახერხებს, თუმცა, დაახლოებით, ერთ კვირაში ყოველდღიურად 150 კილოგრამი კიტრი ექნება გასაყიდი და, თუ საკვირაო და აგრარული ბაზრები მუშაობას არ განაახლებენ, მოსავლის რეალიზაცია გაუჭირდება:
„საგანგებო მდგომარეობა თუ 21 აპრილის შემდეგაც გააგრძელეს, პრობლემა აუცილებად შეიქმნება, რადგან ამ დროს სათბურის კიტრი და პომიდორი მასობრივად შემოვა. ახლა სახლიდან დღეში 20-დან 50 კგ-მდე ვყიდით, მაგრამ შემდეგ თუ დღეში 150 კილოგრამი გვექნება გასაყიდი, ამ ოდენობის კიტრი სახლიდან ვერ გაიყიდება“.
ფერმერთა ასოციაცია, რომელმაც ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაზე COVID-19-ის გავლენის შესახებ პირველი გამოკვლევა მოამზადა, მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართავს, კერძოდ: ფერმერებზე გაიცეს იაფი ან უპროცენტო სესხები; უზრუნველყოფილ იქნეს სასოფლო-სამეურნეო სერვისებზე წვდომა, მათ შორის, სათესლე მასალასა და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე; დაინერგოს საგრანტო პროექტები მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის; დაწესდეს საგადასახადო შეღავათები და ასე შემდეგ.