Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არღვევენ სამართალდამცავები ადამიანის უფლებებს კომენდანტის საათის დროს?


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებებს ატარებს კომენდანტის საათის დროს, სამართალდამცველების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების სამ ფაქტზე. გამოძიებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამ მუხლით ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.​

როგორც რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუმარტავენ, ამ დროისათვის, სამივე ფაქტზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები, 2-დან 10 აპრილის ჩათვლით, ბათუმში, ჭიათურასა და ფოთში მოხდა.

2 აპრილიდან 3 აპრილის ღამე, ბათუმი

1979 წელს დაბადებული კაცი სახლიდან 23:45 წუთზე გამოვიდა. როგორც მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე უყვება რადიო თავისუფლებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა მედიკამენტი, რომელიც სახლში არ აღმოაჩნდა და ახლო მდებარე აფთიაქში უნდა გასულიყო:

„ფანჯრიდან გადმოიხედა, ეზოში დაინახა პოლიციის ეკიპაჟი, ჩავიდა და აუხსნა სიტუაცია. მათ მისცეს უფლება, რომ აფთიაქში წასულიყო და მალევე მობრუნებულიყო უკან. დაზარალებულმა გადაკვეთა ჭავჭავაძის ქუჩა, სადაც მას კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი შეხვდა. გააჩერეს, არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ, პირდაპირ აგრესიული ტონით დაუწყეს ლაპარაკი. ის უხსნიდა, რომ საპატრულო პოლიციამ მისცა აფთიაქში წასვლის უფლება, მაგრამ არც კი მოუსმინეს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, მათ უთხრა, რომ თუ რაიმეს აშავებდა, მაშინ გამოეწერათ ოქმი. მას შემდეგ, რაც მის მიმართ არ შეწყდა შეურაცხმყოფელი მიმართვა, ამოიღო ტელეფონი და დაიწყო სამართალდამცავების გადაღება. ამან პოლიცია გააღიზიანა, წაართვეს ტელეფონი, დააგდეს ძირს, გაუკეთეს ხელბორკილები, შეტენეს მანქანაში და წაიყვანეს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში. გზაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ პოლიციელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიუყენებიათ, თუმცა, გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

3 აპრილს სასამართლომ 41 წლის კაცს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პაატა დიასამიძის თქმით, მათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოთხოვილია ქუჩის კამერების ჩანაწერები და ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან ელოდებიან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. პაატა დიასამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება:

„არა მარტო საქართველო, მთელი მსოფლიო ცხოვრების სხვა რეჟიმზეა გადასული, სადაც პოლიცია უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, ჩვენთან კი პირიქით მოხდა. მოვუწოდებთ შსს-ს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც იქნება სამართალდარღვევა კომენდანტის საათის დროს, ფორმალურად არ მიუდგნენ ყველა საქმეს და ინდივიდუალურად შეისწავლონ კონკრეტული საკითხი, რადგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ობიექტური მიზეზი, რის გამოც ის შესაძლოა კომენდანტის საათის დროს სახლიდან გავიდეს“.

7 აპრილი, ჭიათურა, 21:03

სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა ჭიათურაში, საღამოს 21:03 წუთზე მოხდა. კომენდანტის საათი 3 წუთის ამოქმედებული იყო, როცა მეზობელი იმავე კორპუსში მცხოვრებ მეზობელთან სიგარეტის სათხოვნელად გადავიდა. მას შემდეგ, რაც პოლიციის ეკიპაჟმა ეზოში ჩასული პირის დაჯარიმება გადაწყვიტა, მას იმ ოჯახის წევრები გამოესარჩლნენ, ვისგანაც სიგარეტი უნდა წამოეღო. იმ ღამეს პოლიციამ ჯამში ექვს ადამიანს, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთ წევრს გამოუწერა 3000-ლარიანი ჯარიმა. დაჯარიმებული ოჯახის წევრი ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მას და მისი ოჯახის წევრებს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამართალდამცავების მიერ ჭიათურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს უარყოფს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ამბობს:

„გენერალურ ინსპექციას შევასწავლინე ეს თემა, არაფერი არ მომხდარა, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი სამსახური, მათ შორის, პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომელთაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ეს ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით, თამამად ვიძახი, რომ ეს არ მომხდარა“.

ფოთი, 10 აპრილი

სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების კიდევ ერთი შემთხვევა ფოთში, 10 აპრილს მოხდა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, 44 წლის ვლადიმერ ივანოვს სამმა პირმა კორონავირუსზე შემოწმების მოტივით სახლში მიაკითხა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კაცის ცემა მის მიერ სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატუსს უკავშირდება. თუმცა, თავად ვლადიმერ ივანოვი ამ ფაქტს არ ადასტურებს. რადიო თავისუფლებამ აღნიშნული პოსტი „ფეისბუკში“ ვერ მოიძია.

სამართალდარღვევის სამივე ფაქტზე დაიწყო მოკვლევა სახალხო დამცველმა. როგორც სახალო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამჟამად, ოფისის თანამშრომლები ცდილობენ დაუკავშირდნენ სავარაუდო დაზარალებულებს და ჩაწერონ მათთან ინტერვიუები, რათა პირველწყაროდან მიიღონ ზუსტი ინფორმაცია:

„პირველ ეტაპზე, ჩვენი ამოცანაა, რომ მათგან მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. კომენდანტის საათის დროს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელები არიან გარეთ. ამ დროს, ბუნებრივია, ყურადღება და საზოგადოებრივი კონტროლი ნაკლებია პოლიციის მიმართ და ამგვარ სიტუაციაში იზრდება რისკი, რომ შესაძლოა, რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდეს ადგილი. ამიტომ, ჩვენი ცხელი ხაზი 1481, შვიდი დღისა და 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მზად ვართ მივიღოთ ინფორმაცია მსგავსი ქმედებების შესახებ. სახალხო დამცველი მზად არის, დაეხმაროს მოქალაქეებს, შეაგროვონ ინფორმაცია და მიიტანონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურამდე. სამართალდამცავები დღეს წინა ხაზზე დგანან კორონავირუსთან ბრძოლაში. პოლიციელების თავდადებას არ უნდა მიადგეს ჩრდილი იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც, სამწუხაროდ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ პერიოდში“.

საგანგებო სიტუაციისა და კომენდანტის საათის დროს, სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „გამოიკვეთა უხეში ფაქტები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ასე მაგალითად, ფოთში ადამიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი. ასევე ხშირია მოსახლეობის წუხილი გადამეტებული უფლებამოსილების გამოყენებით დაჯარიმების ფაქტებთან დაკავშირებითაც. აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება მოკლებულია ეფექტური კონტროლის მექანიზმებს, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობას ქმნის უფლებების დარღვევებისათვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოსცეს სპეციალური განკარგულება აღნიშნულ სიტუაციაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მყარი გარანტიების დაცვის მიზნით.

ამასთანავე, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორს, გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, წარმართოს წამების საწინააღმდეგო კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას შესაბამისი და არა სხვა - უფრო მსუბუქი მუხლებით.

საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს. ამ დროს ქუჩაში გამოსული მოქალაქე წესების დარღვევისთვის 3 000 ლარით ჯარიმდება.

XS
SM
MD
LG