Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ახალი ცხოვრება კარანტინში


სამეგრელოში განსაკუთრებული შეზღუდვები ჯერ კიდევ 28 მარტს ამოქმედდა - მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული. მთავრობამ მიზეზად მოსაზღვრე ოკუპირებული აფხაზეთი დაასახელა, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და სიტუაციის კონტროლი შეუძლებელია.

დადიანების სასახლე ზუგდიდში
დადიანების სასახლე ზუგდიდში

უკვე მეექვსე დღეა, რაც ზუგდიდელები ცხოვრების ახალ წესებს ეგუებიან. დაცარიელდა პარკები და სკვერები, სადაც კარანტინამდე მეტწილად ახალგაზრდები იკრიბებოდნენ.

არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ზუგდიდელები ქუჩაში ძირითადად აუცილებელ საყიდლებზე გამოდიან. მუშაობენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბანკები, თუმცა რიგში მდომებს შორის დისტანციას პოლიცია აკონტროლებს.

„აქამდეც უნდა ყოფილიყო კარანტინი, ასე უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს. უფრო მეტი შედეგი ექნება და უფრო დავამარცხებთ ამ კორონავირუსს“, - ამბობს ზუგდიდელი ლია სამუშია.

ამასვე ამბობენ ზუგდიდელები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ქალაქის ქუჩებში გაესაუბრა. მოქალაქეები მზად არიან შეზღუდვებისთვის და მიიჩნევენ, რომ მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის საპოლიციო კონტროლი აუცილებელია, რათა ხალხმა კარანტინით გათვალისწინებული წესები დაიცვას.

ზუგდიდის ყველაზე ხალხმრავალი ბაზარი მყიდველების გარეშე

თითქმის ცარიელია აგრარული ბაზარი, სადაც სხვა დროს ხალხის სიმრავლის გამო დახლებს შორის იოლად ვერ გაივლიდი. ბაზარში მხოლოდ სურსათი იყიდება. სხვა პროდუქტების მაღაზიები დაკეტილია. ისინიც კი, ვინც მხოლოდ პროდუქტით ვაჭრობს, სახლში ადრე მიდიან.

„ერთი-ორი საათით ვრჩები და მერე მეც მივდივარ სახლში. ადრე სავსე იყო მყიდველით, მაგრამ ახლა ყველამ ხომ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი? - ჰოდა, ამიტომ ჯანმრთელობას უფრთხილდება ყველა, თანაც შიშიც არის, არავის უნდა სიკვდილი“, - ამბობს ყველით მოვაჭრე მზიური ფაცია.

ვითარება ზუგდიდში კარანტინის პირობებში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

რთი-ორი საათით ვრჩები და მერე მეც მივდივარ სახლში...ჯანმრთელობას უფრთხილდება ყველა, თანაც შიშიც არის, არავის უნდა სიკვდილი
მზიური ფაცია

ზუგდიდის ბაზარში ყველაზე მეტი მყიდველი სოფლის პროდუქტების განყოფილებას ჰყავდა. დახლებზე ჯერ კიდევ შეხვდებით სოფლიდან ჩამოტანილ სულუგუნს და რძის პროდუქტებს, მწვანილს და ბოსტნეულს, მაგრამ ძველებური არჩევანი აღარ არის. მოვაჭრეები თავადაც ფრთხილობენ, ცდილობენ ხელთათმანი და პირბადე ატარონ, რომელსაც ახლა უკვე ლამის ყოველი მეორე საკუთარი ხელით კერავს. არიან ისეთებიც, ვისაც ახალი წესებით ცხოვრება უჭირს.

რუხის საავადმყოფო პაციენტების მოლოდინში

პოლიცია ზუგდიდის შესასვლელში
პოლიცია ზუგდიდის შესასვლელში

მარტო 2 აპრილის მონაცემებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო ზუგდიდში 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მუნიციპალიტეტში განთავსებული 7 ბლოკ-პოსტზე ავტომობილების კონტროლთან ერთად მოქალაქეთა თერმოსკრინინგიც ხდება.

პაციენტების მისაღებად ამზადებენ ზუგდიდის სოფელ რუხის ახლად აშენებულ საავადმყოფოსაც. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 2 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს რუხის კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის სრული მობილიზაცია მიმდინარეობს.

"

კლინიკას უკეთ აღვჭურვავთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ 200-დან 250 პაციენტამდე ვმართოთ ზუგდიდში, რუხის კლინიკაში
ეკატერინე ტიკარაძე

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაციც, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მცხოვრებია. ის საქართველოში თურქეთიდან დაბრუნდა. მართალია, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ზედა ეწერში 1000-ზე მეტ მოქალაქეს თერმოსკრინინგი ჩაუტარა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სოფელში მაღალი ტემპერატურა არავის აღმოაჩნდა.

კონტროლი ენგურის ხიდზე

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდზე, თავდაცვის სამინისტროს საველე კარავი დგას. აქ ექიმები თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას დააპირებს, ან პირიქით, აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 14 მარტს ჩაკეტა, დე ფაქტო ხელისუფლება ყველას, ვისაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომები აქვს, ზუგდიდის მიმართულებით ატარებს.

კარავი რუხში
კარავი რუხში

3 აპრილის მონაცემებით, გალიდან სამეგრელოში, ჯამში, 7 მოქალაქე გადმოვიდა, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. აქედან covid -19 მხოლოდ ერთს, სოფელ საბერიოს მკვიდრს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ჩავიდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქალს ზუგდიდში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ ცოტა 30 პირთან ჰქონდა კონტაქტი. სოხუმი ირწმუნება, რომ ყველა მათგანი შესწავლილია და ეს პირები იმყოფებიან კარანტინში. ამასთან, 31 მარტს, გვიან ღამით, ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ covid -19-ით დაავადებულ ქალთან. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული.

XS
SM
MD
LG