Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე დიაგნოსტიკური ავტომობილი, რომელსაც NCDC-ი ფლობს, მაგრამ დღემდე ვერ იყენებდა 


დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეძენილი აქვს 1 მლნ 341 ათასად ღირებული სპეციალური მობილური დიაგნოსტიკური ცენტრი - ავტომანქანა, რომლის გამოყენება კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად შეიძლება, თუმცა ვერ ხერხდება. სპეცმანქანა ცენტრმა დონორის დახმარებით შეიძინა, მისი გამოყენებისთვის დაზღვევა იყო აუცილებელი, ავტომანქანა კი ყიდვიდან 3 თვის შემდეგაც დაუზღვეველია.

რამდენიმე დღის წინ, 27 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აუცილებლობის წესით დაზღვევის ნებართვა სთხოვა. წერილიდან ირკვევა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი აპარატურით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენება რეგიონებში covid 19-ის დიაგნოსტირებისთვისაა დაგეგმილი. ავტომანქანა არ არის დაზღვეული და გამყრელიძე მის სასწრაფოდ დაზღვევას ითხოვს.

ავტომანქანა, რომელზეც გამყრელიძე წერს, IVECO-ს ფირმისაა, დამზადებულია საფრანგეთში, მასში ცენტრმა 1 მლნ 341 ათასი ლარი გადაიხადა. ავტომანქანა აღჭურვილია რენტგენო-დიაგნოსტიკური სრული სისტემით, მასში დამონტაჟებულია GeneExpert-ის აპარატი, რომელსაც, გამყრელიძის წერილის თანახმად, covid-19-ის სწრაფ დიაგნოსტირებაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია. ავტომანქანა მაღალი გამავლობისაა, მას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეეძლება გადაადგილება.

რატომ არის ავტომანქანა დაუზღვეველი?

სპეციალური აპარატურით აღჭურვილი ავტომანქანა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დონორი ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით 2019 წლის 26 დეკემბერს შეიძინა.

რატომ ვერ მოხდა სამი თვის განმავლობაში ტექნიკის დაზღვევა და შეიძლება თუ არა შეექმნას დაბრკოლება ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას? რადიო თავისუფლებამ ამ ინფორმაციის მოძიება სცადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტომანქანების დაზღვევის ვალდებულება 2020 წლის განმავლობაში კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „პსპ დაზღვევამ“ აიღო, ცენტრის ავტომანქანების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიამ დააზღვია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პსპ-მ IVECO-ს ფირმის ავტომანქანის დაზღვევაზე უარი თქვა, მიზეზად კი მასში დამონტაჟებული ძვირად ღირებული სამედიცინო ტექნიკა დაასახელა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საკუთრივ ავტომანქანის ღირებულება 750 ათასი ლარია, მასში დამონტაჟებული ტექნიკა კი დაახლოებით 590 ათასი ლარი ღირს.

“პსპ დაზღვევის” პოზიცია

რატომ თქვა უარი პსპ-მ ამ ავტომანქანის დაზღვევაზე, თავად კომპანია ასე გვპასუხობს:

„ამ კონკრეტული ავტომობილის დამატება მოცემული ტენდერის ფარგლებში არ მომხდარა მისი სპეციფიკაციდან გამომდინარე. ჩვენ მოგვმართა შემსყიდველმა ორგანიზაციამ თხოვნით, კონკრეტულად ამ ავტომობილის დაზღვევის თაობაზე, ვინაიდან ეს ავტომობილი არის არასტანდარტული სპეციფიკაციის და, ასევე, მისი ღირებულებაც ბევრად აღემატება ჩვენი დაზღვეული ავტომობილების სტანდარტულ ღირებულებას, გადავწყვიტეთ თავი შეგვეკავებინა დაზღვევაზე“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კითხვაზე, ეპიდემიის გამო, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, შეუძლია თუ არა დაუზღვეველი ტექნიკის ექსპლუატაცია, წერილობით პასუხს იძლევა:

„რენტგენო-დიაგნოსტიკური სრული სისტემით აღჭურვილი ავტომობილის (მობილური რენტგენი Mobile X-Ray) შესყიდვა განხორციელდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში. მისი გამოყენება მიზნობრივად დაგეგმილი იყო ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების სკრინინგისთვის აჭარის რეგიონში, მიმდინარე წლის აპრილიდან.

ხსენებული ავტომობილი წარმოადგენს გლობალური ფონდის საკუთრებას, რომელიც შესაძლოა დონორმა ორგანიზაციამ გადასცეს ქვეყანას საგრანტო დახმარების დასრულების კვალდაკვალ.

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი პროგრამის ფარგლებში შეძენილი ყველა ავტომობილი დაზღვეულია და ეს საკითხი რეგულირდება დონორის შესაბამისი მოთხოვნებით (Insurance Guidelines for Global Fund Grants). ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, ავტომობილის გამოყენება მიზნობრივად მოსახლეობის TB სკრინინგისთვის არ განხორციელებულა და ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება. ამავე მიზეზით ვერ დასრულდა მომსახურების შესყიდვა ავტომობილის და მასში განთავსებული აღჭურვის დაზღვევისათვის.

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლად იქნა მიჩნეული (საჭიროების შემთხვევაში და სათანადო დასაბუთების პირობებში) ავტომობილის მცირედი მოდიფიცირება და მასში სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატურის განთავსება. ამ მიზნით ბუნებრივია დღის წესრიგში დადგა ავტომობილის ხანმოკლე პერიოდით დაზღვევის საკითხიც, რათა ის მზად იყოს საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩასართავად. აქვე განვმარტავთ, რომ ეს უკანასკნელი შესაძლებელია განხორციელდეს დონორის თანხმობის შემთხვევაში“.

შესყიდვების სააგენტოსგან ცენტრმა თანხმობა დღეს, 31 მარტის საღამოს მიიღო, ცენტრს ხვალიდან შეუძლია სხვა სადაზღვევო კომპანიის ტენდერის გარეშე შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება.

XS
SM
MD
LG