Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგაზაფხულო გაწვევა "გადაიდო" - ვინ შეცვლის წვევამდელებს


სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ოთხი თვით ადრე შეწყდა. სახელმწიფომ 4 189 წვევამდელიდან მხოლოდ მეცხრედის, 460 ახალგაზრდის შერჩევა მოასწრო.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო, თუმცა თარიღის კიდევ უფრო გადაწევა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში ვირუსული პანდემია.

გაწვეული 460 ახალგაზრდიდან ჯარში მხოლოდ 172 მოხვდება, დანარჩენს ციხეებსა და სხვა სახელმწიფო ობიექტებში დაცვის თანამშრომლებად მოუწევთ მუშაობა, 63 ლარად თვეში.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წვევამდელების შერჩევის პროცესის გადავადების გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს ვადა არ გაუგრძელდებათ. უწყების განმარტებით, განიხილება 2 ძირითადი ვარიანტი - ადგილების შემცირება ან სხვა ადამიანების დასაქმება.

„იმ ფუნქციებს, რომელსაც ასრულებდნენ ეს ახალგაზრდები, შეასრულებენ შესაბამისი უწყებების შტატიანი სამსახურები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ უწყებებში გადანაწილებულ ახალგაზრდებს ჯერ ერთწლიანი ვადა არ ამოწურვიათ. დამატებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური განმარტავს, რომ თუ კორონავირუსის გამო საკმარისი წვევამდელი ვერ შეირჩევა, მათ საკონტრაქტო სამსახურში მყოფები ჩაანაცვლებენ.

იმავეს ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, სადაც განმარტავენ, რომ წვევამდელების მიღებას, მათ დათხოვნასა და სამსახურის ვადას კანონი განსაზღვრავს და არა სიტუაცია.

პენიტენციური სამსახური ციხის დაცვაში დასაქმებული ახალგაზრდების გაშვებას ზუსტად ერთი წლის თავზე გეგმავს, თუმცა გეგმებზე საუბარი ამ უწყებაში არ ისურვეს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ კვოტა სრულად ვერ შეივსება, ვაკანტურ ადგილებზე უკვე არსებულ ახალგაზრდებს გადაანაწილებენ.

XS
SM
MD
LG