წარმოიდგინეთ, რომ დილა იწყება გაკვეთილით, ოღონდ შინიდან გაუსვლელად. ჯდები კომპიუტერის წინ, რთავ შესაბამის საკომუნიკაციო პროგრამას, ეკრანზე კლასელებს თუ თანაკურსელებს და პედაგოგს ხედავ და გაკვეთილიც იწყება - ასე, ვირტუალურად. პასუხობ, შემდეგ დავალებას ასრულებ, მოწოდებულ ვიდეო- თუ სხვაგვარ რესურსს ეცნობი და ასე ყოველდღე. ეს არის დისტანციური სწავლება, რომელზეც, როგორც სწავლების ფორმაზე, საქართველოში, ცოტა ხანია, რაც აქტიურად ალაპარაკდნენ. და ეს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეულ უსაფრთხოების ზომებს მოჰყვა.
ჰონგ-კონგი, სადაც ცხოვრობს და მუშაობს საერთაშორისო და შედარებითი განათლების ასისტენტ-პროფესორი (ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი) ნუცა კობახიძე, უკვე ორი თვეა, რაც დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა.
სწავლების ამ მოდელს, იქ, ნაწილობრივ, ჩინეთში მომხდარ ეპიდაფეთქებამდეც იყენებდნენ - ახლა კი განსაკუთრებით გამოადგათ. ნუცამ ცოტა ხნის წინ ფეისბუკჯგუფი შექმნა - online სწავლება საქართველოში და გადაწყვიტა, სხვებისთვის თავისი გამოცდილებაც გაეზიარებინა და საქართველოში, დისტანციური სწავლების დაწყების პროცესში ამ გამოცდილებით ჩართულიყო.
ეკა ქევანიშვილი: ცოტა ხნის წინ ფეისბუკჯგუფში დამამატეს, რომელსაც ჰქვია Online სწავლება საქართველოში - თვალს ყოველდღიურად ვადევნებ - აქტიურად მსჯელობენ დისტანციურ სწავლებაზე სკოლებში, უნივერსიტეტებში - ზოგი მომხრეა, ზოგი წინააღმდეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების გამო შეცვლილი ცხოვრების წესის ფონზე აქტუალური თემაა. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ჯგუფი თქვენი შექმნილია და უკვე გაქვთ დისტანციური სწავლების გამოცდილება - რას ნიშნავს დისტანციური სწავლება, როგორი სწავლებაა ის და რას მოიცავს?
ნუცა კობახიძე: დისტანციური სწავლება გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე და მასწავლებელი არიან სხვადასხვა სივრცეში. დროში, შესაძლოა, თანხვედრა ჰქონდეთ - მაგალითად, ისე, როგორც მე და თქვენ ახლა, - ცოცხლად ველაპარაკებით ერთმანეთს - ეს არის სინქრონული დისტანციური სწავლება. არსებობს ასინქრონული დისტანციური სწავლებაც, როცა არც სივრცე ემთხვევა და არც დრო. მასწავლებელი ამზადებს ვიდეოგაკვეთილებს, სხვადასხვა რესურსს, ქვიზებს, შემდეგ ამ მასალას შესაბამის პლატფორმაზე ტვირთავს. ხოლო მოსწავლე, უკვე მისთვის მისაღებ დროს, ჩამოტვირთავს მასალას, ისწავლის, მოამზადებს და აბარებს.
არსებობს მესამე, შერეული ვარიანტიც დისტანციური სწავლებისა, რასაც, მაგალითად, მეც ვიყენებ და ჩემი მესამეკლასელი შვილიც - სწავლება მიმდინარეობს ლაივში - ჩვენ ვემთხვევით დროში, მაგრამ ვერ ვემთხვევით სივრცეში. ხოლო როცა არც დროში ვემთხვევით და არც სივრცეში, ვიყენებთ უკვე კონკრეტულ პლატფორმაზე ატვირთულ, გაგზავნილ რესურსებს. დღეს, როცა ადამიანები გაფანტულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვფიქრობ, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მაგალითად, ჩემი მოსწავლეები არიან კანადაში, ამერიკაში, ევროპაში. მე კი - ჰონგ-კონგში. ხანდახან, როცა ჩემთვის მოსახერხებელი დროა, მათთან ღამეა ან პირიქით. ამიტომ შერეული დისტანციური სწავლების მეთოდით ვსარგებლობთ.
როდიდან გაჩნდა და, რაც მთავარია, იქცა დისტანციური სწავლება აკადემიურ დარგად? რამ გამოიწვია მისი საჭიროება?
დისტანციური სწავლება, ალბათ, ინტერნეტის ხნისაა. მას მერე, რაც გაჩნდა ჯერ სკაიპი, შემდეგ სხვა დამაკავშირებელი პლატფორმები, ადამიანებმა დაიწყეს დისტანციურად მუშაობა. სასწავლო პროცესში ეს მეთოდი აქტიურად დამკვიდრდა ბოლო ათწლეულია. ოღონდ, ძირითადად, საუნივერსიტეტო სფეროში. ეს გლობალიზაციის პროდუქტია.
უნივერსიტეტებმაც დაიწყეს ასეთი დისტანციური პროგრამების გამოყენება. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტმა და სხვებმა. რატომ? იმიტომ რომ შეიძინონ სტუდენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს კომერციაა. თუმცა არის არაკომერციული ღია კურსებიც, სადაც შესაძლებელია უფასოდ განათლების მიღება. ახლა უკვე დისტანციური სწავლება შემოდის სკოლებშიც. თუმცა აქტიური მსჯელობა მიდის, რა დოზით უნდა იყოს დისტანციური სწავლება. ბევრს გაუჩნდა შიში - ხომ არ გადავა მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემა სრულად ამ მოდელზე და ა.შ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რა სიტუაციაც დღეს შეიქმნა, ეს არის საგანგებო ვითარებაში საგანგებო ზომების მიღება. ვერსად, არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, დისტანციური სწავლება ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან სწავლება ხომ სხვა რამეცაა, ადამიანების ურთიერთობა, ემოცია. ეს არის მხოლოდ სასწავლო პროცესის გასამდიდრებელი საშუალება და არა მისი ჩამნაცვლებელი.
თუმცა არსებობენ უნივერსიტეტები, სადაც ონლაინ განათლების მიღებაა შესაძლებელი.
დიახ. და ვფიქრობ, ეს უნდა წახალისდეს. მაგალითად, იმ ქართველებს, ვისაც სურთ, ვთქვათ, ჰარვარდში განათლების მიღება, მაგრამ არ შეუძლიათ გაიღონ იქ ცხოვრების ხარჯები, ცხადია, ეს შესაძლებლობა, დისტანციურად ისწავლონ, უნდა ჰქონდეთ. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ არის პრობლემები ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ასეთ განათლებას არ აღიარებს.
რა არის დისტანციური სწავლების სიკეთე და რა დაბრკოლებებს და სირთულებს ხვდებით თქვენ, როგორია გამოცდილება?
აჯობებს გავმიჯნოთ, რას ვგულისხმობთ - დისტანციურ სწავლებას ჩვეულ სიტუაციაში თუ ისეთში, როგორშიც ახლაა მსოფლიო. ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ მეთოდს მეც ვიყენებ და ეს არის ძალიან სახალისო. მოძველდა ის მეთოდი, როცა მასწავლებელი მხოლოდ დგას კლასის წინ და გაკვეთილს ხსნის - ეს თანამედროვე ბავშვებისთვის ძალიან მოსაწყენია. ტექნოლოგიები უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი იყოს უფრო ინტერაქტიული.
მაგალითად, თქვენს შვილს სკოლაში როგორ ასწავლიან?
მასთან ყველა კლასში არის, მაგალითად, პროექტორი, ყველა ბავშვს წინ უდევს კომპიუტერი და ძალიან ბევრ დავალებას სწორედ კომპიუტერში ასრულებენ. გასაგებია, რომ ჰონგ-კონგი, ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ძალიან განვითარებულია, კომპიუტერული წიგნიერება აქ ძალიან მაღალ დონეზეა. ძალიან ბევრი სიახლეა და ამ სიახლეებზე მოთხოვნაც დიდია.
დისტანციურ სწავლებას რაც შეეხება, ჩემი შვილის კლასი იყენებს ე.წ. google classroom-ს და, ჩემი აზრით, მშვენივრად გაართვეს თავი. განსაკუთრებით არ გაუჭირდათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იმ სკოლებს, სადაც ამის გამოცდილება უკვე არსებობდა. მაგრამ არის სირთულეებიც. განსაკუთრებით დღევანდელ რეჟიმში. ჩვენ უკვე ორი თვეა ამ რეჟიმში ვართ - მეც და ჩემი შვილიც, რადგან ჰონგ-კონგი იყო პირველი, ვინც გადავიდა ონლაინსწავლებაზე. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ჩინეთში მოხდა ეპიდაფეთქება, ჩინეთის სკოლებში არდადეგები იყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ჩვენთან ამ დროს უფრო მოკლე არდადეგები იყო, ამიტომ პირველებს ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება.
კონკრეტულად რა პრობლემები შეგექმნათ? რასაც, სავარაუდოდ, საქართველოშიც ვერ ავცდებით?
ცხადია, თავიდან მოგვიწია საუნივერსიტეტო სილაბუსებში ცვლილებების შეტანა, შეფასების რუბრიკების შეცვლა. მაგრამ ეს არ ყოფილა ძალიან რთული, განსაკუთრებით რთულად ეს პროცესი გადაიტანეს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა.
თავიდან, ყველა ენთუზიაზმით სავსე იყო - პირველი 2 კვირა. მაგრამ უცებ ყველამ გააცნობიერა, რომ მათ ყოველდღე უნდა ჰქონოდათ ონლაინგაკვეთილები. დილიდან უნდა დასხდნენ კომპიუტერის ეკრანთან და იქ გაატარონ დიდი დრო.
მაგალითად, ჩემი შვილი, ყოველ დილით დგება, იცვამს ფორმას, ჯდება თავის საძინებელში კომპიუტერის წინ და ჩვეულებრივ ოთხის ნახევრამდე აქვს გაკვეთილები - თავისი სადილის შესვენებით და ა.შ. მაგრამ ეს არ არის, ცხადია, ადვილი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლში გამოკეტილი ბავშვები ისედაც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ისევ ჯობია, ეს საგანმანათლებლო მიზნებით მოხდეს.
როგორ დავალებებს აძლევენ? როგორია თვითონ სასწავლო პროცესი?
ძალიან ბევრი ტექნიკური დავალება აქვს. ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ ართმევს თავს. შეიძლება დაავალონ - გააკეთოს რაიმე ექსპერიმენტი. ამას სჭირდება მშობლის ჩართულობა. ამას წინათ ხელნაკეთი თოჯინების შოუ უნდა დაედგათ, უნდა გადაგვეღო ეს, გაგვეგზავნა... მთელი ოჯახი ვიყავით ჩართულები.
მასწავლებლებს რა სახის სირთულეები ექმნებათ დისტანციური სწავლებისას?
ცხადია, არც მათთის არის ადვილი. დისტანციური გაკვეთილების მომზადებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. ხან ვიდეო უნდა. ჩაწერო და ამას დრო მიაქვს. ამას ემატება ბავშვების ქცევითი პრობლემები. დისციპლინის პრობლემები - ბავშვებს სჭირდებათ ძალიან სერიოზული თვითდისციპლინა, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს. მართალია, მათთვის არ არის ახალი კომპიუტერის ეკრანთან ყოფნა, მაგრამ როცა საქმე სწავლას ეხება, სულ გასხლტომას ცდილობენ. ამიტომ არის, რომ მათ უწევთ ე.წ. ნეტიკეტის წესებს დაემორჩილონ.
ნეტიკეტში რას გულისხმობთ?
როგორ მოიქცე დისტანციური სწავლებისას. და თუ ამ წესებს დაარღვევ, ცხადია, ისჯები - მაგალითად, თუ სამუშაო ჩატში დაუწყებენ მოსწავლეები ერთმანეთს მიწერას, შესაძლოა, ამისთვის დაისაჯონ. ეტყვიან, რომ დამოუკიდებლად გაიარონ ესა თუ ის მასალა.
აქ მასწავლებლების უმრავლესობას პირველად მოუწევს დისტანციურ სწავლებასთან შეხება. თავად მოუწევთ გზების მოძებნა? რა შეუძლიათ მათ გააკეთონ? როგორ ფიქრობთ, გაართმევენ თავს?
ალბათ, აქაც უნდა დავყოთ - კერძო სკოლის მასწავლებლებს გაცილებით მეტი რესურსი და მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე საჯარო სკოლების პედაგოგებს. ამაში ჩვენი ფეისბუკჯგუფიც მარწმუნებს. კერძო სკოლებში რაღაც პროცესი უკვე დაიწყო კიდეც. იქ ცხადია, ის ფაქტორიც მუშაობს, რომ მშობლები შვილების განათლებაში იხდიან და ისინი დღეს თუ არა, ხვალ მოსთხოვენ სკოლას პასუხს. აქ იყო ასეთი შემთხვევები.
მე მგონია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც საჯარო სკოლებს ექნებათ. არადა, თუ ჩვენ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან მივუდგებით, არც ერთი მოსწავლე არ უნდა დაგვრჩეს სასწავლო პროცესის მიღმა. ცხადია, ტექნიკური პრობლემის გარდა, კომპეტენციის პრობლემაც გამოჩნდება. რამდენად არის მზად ამისთვის მასწავლებელი? ბავშვი? მხოლოდ ზუმით ჩართვა არაფერს ნიშნავს. ამიტომ არის საჭირო მთლიანი პროცესის დაგეგმვა, შეფასება და მონიტორინგი.
თქვენი ინფორმაციით, საქართველოში დისტანციური სწავლების რა გამოცდილება არსებობს?
გარკვეული გამოცდილება გვაქვს. არის რამდენიმე ათეული სკოლა, სადაც განათლების სამინისტრომ შარშან დაიწყო ტრენინგების ჩატარება Microsoft Teams-ის შესასწავლად. მასწავლებლები გადაამზადეს. რაღაც ბაზისი არსებობს და შესაძლებელია სხვა სკოლების მომზადებაც. და რასაც ამ ჯგუფშიც ვაკვირდები, უკვე ბევრი მასწავლებელია აქტიური, მონდომებით და ენთუზიაზმით სავსე, რაც ძალიან მახარებს.
მაგრამ დისტანციური სწავლების მოდელს ჰყავს ბევრი სკეპტიკოსიც. ესეც ფაქტია.
დიახ, და არა მხოლოდ მასწავლებლებს შორის. ჩემი კოლეგების ნაწილიც ასე უყურებს. მე ვფიქრობ, რომ სკეპტიციზმი კარგია, მაგრამ გარკვეულწილად აჩენს ნიჰილიზმს. რატომღაც სულ გვგონია, რომ ჩამორჩენილები ვართ, რომ აქ ვერაფერი დაიწყება, სულ სხვა ქვეყნებს ველოდებით, რომ იქ გადაჭრიან პრობლემას, რომ მერე ჩვენ გვასწავლონ.
ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მიზნების და ინიციატივების თავად განსაზღვრა და განხორციელება. თვითორგანიზების უნარი ახლა მთავარი გასაღებია წარმატების მისაღწევად. აქ, ჰონგ-კონგში, მაგალითად, დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად მთელი საზოგადოებაა ამ პროცესში ჩართული. საქართველოში კი ვამბობთ, ახლა ამის დრო არ არის, ეს არ გამოვა. ამ იდეალური გვინდა, ან უბრალოდ სახლში დაჯდომა და არაფრის კეთება. რამდენი ხანი შეიძლება მივცეთ ბავშვებს დასვენების უფლება?
რადგან ახლა ჩინურ კონტექსტში ვართ, კონფუცის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ამბობდა, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი გაახლოებს მეორე ნაპირსო. ვიღაცები ამბობენ, მოდი, ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, დაველოდოთ ნაპირთან და ვნახოთ რა იქნება. მე კი მგონია, რომ თუ დღეს ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ, წინ ვერ წავალთ.
რას ურჩევდით, მაგალითად, იგივე საქართველოს მთავრობას ამ კუთხით, რა უნდა გააკეთოს?
ვიცი, რომ განათლების სამინისტრომ დაიწყო სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება - როგორც ვიცი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა ეს ვიდეოგაკვეთილები. ეს უკვე კარგია.
შესაძლოა, ერთმა მასწავლებელმა ჩაწეროს ვიდეო და ის გავრცელდეს - ესეც ერთი გზაა. ანუ ვამბობ, რომ ყველა არსებული საშუალება უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. შედარებით დაბალტექნოლოგიური გადაწყვეტაც შეიძლება მოვიფიქროთ - მობილურით კონტაქტი... ან, მაგალითად, მობილურმა ოპერატორებმა სოციალური პროგრამა მოიფიქრონ და ინტერნეტპაკეტები აჩუქონ იმ ბავშვებს, ვისაც სჭირდება და ა.შ.
დავუშვათ ყველაზე ცუდი სცენარი, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს უმეტეს სკოლებში დისტანციური სწავლება არ გამოვიდა. ამ შემთხვევაშიც კი, ჩემი შეფასებით, გვექნება სკოლების სულ მცირე 10-15 პროცენტი, სადაც ეს იმუშავებს. სწორედ ეს სკოლები გახდება შემდგომ ის ბირთვი, რომლებზე დაყრდნობითაც დისტანციური სწავლების სისტემას განვავითარებთ. ჩვენ „ყველაფერი ან არაფერი“ დიქოტომიიდან უნდა გამოვიდეთ. რაღაც სახის კრიზისი სულ იქნება თანამედრივე სამყაროში - ახლა თუ ეპიდემიაა, ხვალ შესაძლოა, ეს იყოს ბუნებრივი კატასტროფა. პოლიტიკური გამოსვლები. ქვეყანა უნდა იყოს მზად დისტანციური სწავლებისთვის.
ცხადია, იქნება შეცდომები, ხარვეზები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დღეს, კრიზისი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ განათლების სისტემა გავახალისოთ. ხოლო ის ადამიანები, ვინც დღეს უკვე ცდილობენ ამ მხრივ რაღაცის გაკეთებას, მინდა, გავამხნეო.
ჩვენ შეგვიძლია, რეგიონული ლიდერებიც კი გავხდეთ დისტანციურ სწავლებაში. ეს არის გამოსავალი დღევანდელ საგანგებო სიტუაციაში. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ შესაძლებელია. და მე მიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ.