Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინი, თვითიზოლაცია, კონტაქტები — სად და როგორ "იჭერენ" კორონავირუსს


საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელსაც დაავადების სიმპტომები საზღვარზე არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღეში თვითიზოლაციაში მყოფს აღმოაჩნდა.

თუ ადამიანს რისკის ჯგუფიდან ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა, მაგრამ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, ის 14 დღე მაინც უნდა დარჩეს იზოლაციაში. ესაა ვადა, რაც სჭირდება იმას, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ახალი კორონავირუსით ინფიცირება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა პრევენციაა, რისი ნაწილიცაა სწორად წარმოებული თვითიზოლაციაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ზედმიწევნით დაიცვა წესები მაღალი პასხუხიმგებლობისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა და იქვე დაამატა:

“[მაღალი რისკის გამო] თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს".

იმ შემთხვევაში, თუ კი ვირუსიანმა ადამიანმა ან არცოდნის ან დაუდევრობის გამო არ შეიზღუდა კომუნიკაცია აუცილებელი ხდება ა ყველა იმ ე.წ. კონტაქტის დადგენა, ვისთანაც ინფიცირებულ პაციენტს შეხება ჰქონდა.

ვინ არიან ე.წ. კონტაქტები

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვირუსის დადგენამდე მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან ე.წ. კონტაქტია. "კონტაქტებს" სამედიცინო პერსონალი პაციენტის გამოკითხვითა და გადაადგილების მარშრუტით ადგენს.

საზღვარზე თავდაპირველად, თერმულად მოწმდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობდა ან შეხება ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან.

"[თერმული შემოწმების შემდეგ] ქვეყანაში შემოსული პირები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომლითაც დგინდება არიან თუ არა ეს ადამიანები "კონტაქტები", - განუცხადა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ.

ე.წ. კონტაქტი დადგენილია, რა ხდება ამის შემდეგ

ყველა "კონტაქტს" უტარდება სისხლისა და ნაცხის ანალიზი, რომლითაც უნდა დადასტურდეს ან გამოირიცხოს კორონავირუსი. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხის მიღებამდე ყველა მათგანი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებებში არიან.

თუ კვლევა აჩვენებს, რომ პირი ინფიცირებულია, ის ექიმების დაკვირვების ქვეშ კარანტინში ხვდება. სხვა შემთხვევაში, ის 14 დღით თვითიზოლაციაში მიდის, თუ ამის პირობები აქვს, თუ არა — საკარანტინო სივრცეში რჩება.

როგორ ხდება თვითიზოლაცია

თვითიზოლაციის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია პოტენციურ პაციენტს სახლამდე ტრანსპორტირებაში დაეხმაროს. უნდა შემოწმდეს იზოლაციისთვის შერჩეული საცხოვრებელი გარემო. ე.წ. კონტაქტი სახლში განცალკევებულა ოთახში უნდა იყოს და შეხება არ ჰქონდეს სხვა პირებთან. სასურველია, არ იყოს საერთო სარგებლობის აბაზანა და ტუალეტი ძლიერი ვენტილაციის სისტემით.

"რეკომენდაციაში არ წერია, რომ სავალდებულოა ცალკე აბაზანა-ტუალეტის არსებობა. [საერთო აბაზანის] გამოყენების შემდეგ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარებით", - განმარტავს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თუ მას არ ექნება ტრანსპორტის საშუალება, ჯანდაცვის სამინისტრო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, თუ ე.წ. კონტაქტს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ექნება, უნდა დაიცვას, მინიმუმ ერთი მეტრის, დისტანცია, ეკეთოს პირბადე და ეცვას ბახილები. საჭმელი ოჯახის წევრებმა უნდა მიაწოდონ უსაფრთხოების წესების დაცვით და შემდეგ ჭურჭელი გაანადგურონ.

"თვითიზოლაციის შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების ჩვენი მხრიდან მონიტორინგი. მას სახლში აკითხავს ეპიდემიოლოგი იმიტომ, რომ აკონტროლოს მისი სიცხე ან თვითონ იწერს მონაცემებს. თუ დაფიქსირდება ტემპერატურის მატება, იძახებს ბრიგადებს და გადაყვანილი იქნება შესაბამის ადგილზე შემდგომი კვლევისთვის", - ამბობს ეკა ადამია.

თვითიზოლირებულ მოქალაქეების სახლებთან დაცვა არ დგას და სრულიად მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული ექნებათ თუ არა შეხება სხვა პირებთან.

თუ გაირკვა, რომ ე.წ. კონტაქტის საცხოვრებელი გარემო არ აკმაყოფილებს თვითიზოლაციისთვის საჭირო მოთხოვნებს ან მას აქვს კარანტინში მოხვედრა, ის სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაჰყავთ.

რა ხდება კარანტინში

ე.წ. კონტაქტს საკარანტინე ადგილის არჩევა არ შეუძლია. მას სახელმწიფო შეარჩევს იმის მიხედვით, სადაც აქვს ადგილი. კარანტინისთვის სულ 6 სივრცეა გამოყოფილი აბასთუმანში, საჩხერეში, თბილისსა და გორში. ეს არის სასტუმროს ტიპის შენობები, სარეაბილიტაციო თუ სამედიცინო დაწესებულებები.

სახელმწიფოს კარანტინში მყოფი ერთი პირის შენახვა საშუალოს 50-დან 70 ლარამდე უჯდება.

როგორ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ ერთი ოჯახი უნდა მოთავსდეს კარანტინში, არსებობს რეკომენდაცია, რომ საერთო სივრცეში იცხოვრონ.

"მათ ემსახურება პერსონალი, აწვდიან საჭმელს, ხდება მათი თერმომონიტორინგი და ოთახების დასუფთავება. ჭურჭელი მოხმარების შემდეგ უნდა დაექვემდებაროს განადგურებას. თუ გამოიკვეთა სიცხე ხდება მათთვის ანალიზის ჩატარება", - ამბობს ადამია.

XS
SM
MD
LG