საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი განაახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ლობისტურ კომპანიასთან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტის თანახმად, Chartwell Strategy Group, საქართველოს სახელით, შეეცდება გავლენა მოახდინოს თეთრ სახლსა და კონგრესში მიმდინარე დისკუსიებზე. ლობისტური კომპანიის დამფუძნებელი დევიდ ტამასი „ტრამპის გამარჯვების ფონდის“ ფინანსური თავმჯდომარე იყო.
2020 წლის 27 იანვრით დათარიღებული კონტრაქტის თანახმად, ტამასი და მისი კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის მიღებაში. ასევე, ლობისტები შეეცდებიან, დაარწმუნონ ადმინისტრაციის თანამდებობის პირები საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საჭიროებაში და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრონ ამერიკულ და საერთაშორისო მედიაში.
საქართველოს მთავრობისა და Chartwell Strategy Group-ის განახლებული კონტრაქტი ძალაში შედის ამერიკის კონგრესში საქართველოს მთავრობის მიმართ მზარდი კრიტიკისა და ღია წერილებში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით“ გამოწვეული შეშფოთების ფონზე.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლობისტური მომსახურების შესყიდვის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც თავდაპირველად არ იმჩნევდა დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას, სულ მცირე, ნაკლები კრიტიკული წერილი მიიღოს.
„ზღვარი სახელმწიფო ინტერესებსა და მმართველი პარტიის ინტერესებს შორის ძალიან ბუნდოვანია“, - ამბობს კაკაჩია.
29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის, საპროტესტო აქციების „ძალადობრივი ჩახშობისა“ თუ ოპოზიციონერი ლიდერების „დევნის“ გამო. გავლენიანი სენატორები არ გამორიცხავენ, რომ თუ მთავრობა ვითარებას არ შეცვლის, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს.
მანამდე პრემიერ-მინისტრ გახარიას კრიტიკული წერილებით მიმართეს კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერმა, ჯერალდ კონოლიმ, ელიოტ ენგელმა, მაიკლ მაკკოლიმ. მათი კრიტიკა შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებას; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროებას საქართველოში; „ქართული ოცნების“ მიერ ფეისბუკის ყალბი ქსელის დაფინანსებას.
წაიკითხეთ: მწვავე შეფასებების ქრონიკა - ამერიკიდან, ევროპიდან
საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ის მომსახურებას 2018 წლის შემდეგ ყიდულობს. თანხა, რომელსაც ლობისტური კომპანია საქართველოსგან მიიღებს, ახალ კონტრაქტში მითითებული არაა, თუმცა გასულ წელს, Chartwell Strategy Group-ი თვეში 65 000 აშშ დოლარად დაიქირავეს.
მთავრობის გარდა, აშშ-ში ლობისტური მომსახურებით სარგებლობს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„Orion Strategies იმუშავებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რათა აუხსნას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია კონგრესს, ადმინისტრაციას“, - წერია 250 000 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტში, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედებს. დოკუმენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მოლაპარაკებებში მონაწილედ მითითებულია ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ელჩი აშშ-ში.
მოგვიანებით, ბათუ ქუთელიამ საკუთარი საქმიანობის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა. „მე არ გახლავარ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში“, - აღნიშნავს ქუთელია. Orion Strategies განცხადებით, ბათუ ქუთელია დოკუმენტში შეცდომით დასახელდა საკონტაქტო პირად.