ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.
31 იანვარი, 2020
კარანტინის მე-8 დღე
გუშინ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა შემომთავაზა, იქნებ დღიური აწარმოო, სანამ კარანტინში იქნებიო. შევპირდი, დავფიქრდები-მეთქი და, აი, ახლა, წერის მომენტშიც ვფიქრობ, შემიძლია კი დღიურის წერა?!
ძირითადად, ჩემი ემოციები ჩემშივე დუღს და იქვე იხარშება. ამიტომ სულ მგონია, რომ იმ სიცხადით ვერავინ მიგებს, როგორც ვგრძნობ. ამასთან, რა შეიძლება გითხრათ ახალი, რაც აქამდე არ მითქვამს?
ღამით მხოლოდ 3 საათი მეძინა. უცნაურმა გრძნობამ გამაღვიძა, უმძიმეს სიცარიელეს ვგრძნობდი. მახსოვს, ეს გრძნობა მრავალი წლის წინ მხოლოდ ერთხელ გამოვცადე, მას მერე აღარ მიგრძვნია. მეგონა, დამტოვა, თურმე არა, - უბრალოდ, ღრმად ეძინა.
რამდენიმე დღის წინ საკონსულომ შემატყობინა, რომ შეიძლება ჩემი ევაკუაცია მოახდინონ. მას შემდეგ ვგრძნობდი, როგორ ვმძიმდებოდი და ვცარიელდებოდი ერთდროულად. მანამდე ფაქტი მედო წინ - კარანტინი. მორჩა, უნდა შევგუებოდი ბედს და ძალიან კარგი გეგმაც მქონდა შემუშავებული, თუ როგორ გადავრჩენილიყავი. ახლა ყველაფერი თავდაყირა დგას. გზაგასაყარზე ვდგავარ, სადაც ორი გზა მიდის და მე სწორი გზა უნდა ავირჩიო. რომელი გზა სად წამიყვანს, ჯერ არ ვიცი. მონეტა უნდა ავაგდო, რომ მან გადაწყვიტოს.
რა უნდა ვქნა?
წავიდე?
დავრჩე?
მთელი სიცოცხლე ვწუწუნებდი, ისე გადის ჩემი ცხოვრება, შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ისტორია არ მაქვს-მეთქი. ახლა საკითხავია, შევძლებ კი ამ ისტორიის მათთვის მოყოლას?
ეს ჩემი მეზობელი საჭმელს რომ ამზადებს, გამწოვს რატომ არ რთავს? და სიგარეტის ტუალეტში მოწევას ოდესმე დაანებებს თავს?
ამდენი კითხვა, ახლა რომ მაქვს თავში, არასოდეს მქონია.