გამოქვეყნების შემდეგ სტატიაში შეტანილია შესწორება
ავტომობილის გარშემო დაწყებული კონფლიქტი ფატალურად დასრულდა 24 წლის ბიჭისთვის, რომელსაც სპეცრაზმელმა სიკვდილამდე სცემა და, ოჯახის მტკიცებით, თვალი ამოსთხარა. ჩხუბისას მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები მიიღო დაღუპულის ძმამ. დაკავებული სპეცრაზმელი ბრალს აღიარებს, მის თანმხლებ კაცს გამოძიება არაფერს ედავება.
2 იანვარს გვიან ღამით, ძმები მურად წურწუმია და მუხრან ჩხვირკია მამის საფლავზე ვარკეთილის მე-3 მასივში „დამპალოს სასაფლაოზე“ ავიდნენ. სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები კაცი.
ბიჭი არის დასახიჩრებული და ნაწამები.- დიმა ჩხვირკია
პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძმებმა ავტომობილის მოპარვა სცადეს, რის გამოც მანქანის მფლობელი ზურაბ ფოფხაძე მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ფოფხაძემ წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გამოძიების ცნობით, „ცემის შედეგად ჩხვირკიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი“.
მოკლულის მეორე ძმა დიმა ჩხვირკია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 24 წლის ბიჭი მოკვლამდე დაასახიჩრეს და აწამეს, ამოსთხარეს თვალი და ძვლები დაუმტვრიეს.
დიმა ჩხვირკიას ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძმები სასაფლაოზე ღია მანქანაში ჩასხდნენ და ის 10-15 მეტრით გაატარეს. შემდეგ ჩამოვიდნენ მანქანიდან და გზა გააგრძელეს მამის საფლავისკენ. მისივე თქმით, სწორედ ამ დროს დაეწია ძმებს ორი უცნობი კაცი.
„მუხრანი ჩხუბის დროს გამოიქცა. მოვიდა უბანში და მოყვა რაც მოხდა. ავიდნენ მეზობლები, ერთი ხუთი მანქანა და დაიწყეს მურადის ძებნა. თუმცა ვერ იპოვეს“, - ამბობს დიმა ჩხვირკია.
სიკვდილის პირას მყოფი მურად წურწუმია დაკავებულმა სპეცრაზმელმა - მისივე ადვოკატის თქმით - საკუთარ სახლში წაიყვანა.
„იქ სცადეს მისი გონზე მოყვანა“, - ამბობს დიმა ჩხვირკია და განაგრძობს: „მაგრამ როცა ვერაფერი შეძლეს, გამოიყვანეს, სადარბაზოში დააგდეს და გამვლელს დაარეკინეს სასწრაფოში, კვალის არევის მიზნით“.
მურად წურწუმია საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით 6 საათში გარდაიცვალა.
საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს დღეს, 7 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა“, - თქვა სასამართლოზე ზურაბ ფოფხაძემ.
მუხრან ჩხვირკიას - ოჯახის ინფორმაციით - აქვს ტვინის შერყევა, დაუზიანდა თავის ქალა და ნეკნების არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.
ჩხვირკია ამბობს, რომ დაკავებულ სპეცრაზმელთან ერთად მისი თანმხლები კაციც სცემდა, თუმცა მეორე კაცისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. დაღუპული და ნაცემი ძმების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება სპეცრაზმელის თანმხლებს ხელს აფარებს.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სპეცრაზმელის თანმხლები კაცის როლზე საჯაროდ საუბარი არასწორად მიაჩნია, თუმცა საგამოძიებო უწყება დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მოქმედებას დეტალურად შეისწავლის.
„თანმხლები პირი, ალბათ, აბსოლუტურად გაშველებით ოპერაციაში მონაწილეობდა და მხოლოდ ამ ფუნქციით იყო დაკავებული. ვინაიდან მას ბრალი წაყენებული არ აქვს“, - ეუბნება მედიას დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი. მისივე ინფორმაციით, კაცი სპეცრაზმელის მეზობელი და მეგობარია.
დაღუპული ბიჭის უფროსი ძმა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკითხვის შემდეგ ოჯახთან საგამოძიებო უწყებიდან არავინ მისულა. დიმა ჩხვირკია ამბობს, რომ ბევრჯერ უნახავს, როგორ აფარებენ ხელს დამნაშავეებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მის გარდაცვლილ ძმას „ხელს არ შეაწმენდს“.
„ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, აფხაზეთიდან დევნილი. ადვოკატის ფულიც კი არ გვაქვს. ყველას ვთხოვ, დაგვეხმარონ“, - ამბობს დიმა ჩხვირკია.