12 დეკემბერს საქართველოს პარლამეტში უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, არცერთი კანდიდატი პარლამენტმა არ დაამტკიცოს. ისინი დილიდან შეიკრიბებიან პარლამენტთან და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტს და სირცხვილის კორიდორებს მოაწყობენ.
“ვერც ერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენციის იმ ნიშნულს, რომელსაც მოითხოვს ამ ქვეყნის კონსტიტუცია. პროცესი, რომლითაც შეირჩა ეს კანდიდატები, იყო თავიდან ბოლომდე ფარსი”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ანა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, ჯერ სამოქალაქო სექტორის წევრის რანგში, ახლა კი როგორც პოლიტიკოსი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 139 აპლიკანტიდან 20 კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს.
პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა სექტემბრის ბოლოს დაიწო და მას, დეპუტატებთან ერთად, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი, ადვოკატთა ასოციაცია.
ხვალ, 9:30 საათზე მოსამართლეებს კენჭს უყრის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. შემდეგ კი სიას პლენარულ ფორმატში განიხილავენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.
“ლელოს” პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატს არ აქვს კეთილსინდისიერების განცდა, აბსოლუტური უმრავლესობას კი - სამართლის ელემენტარული ცოდნა.
“ერთი ადამიანის დამტკიცებაც კი ამ სიიდან ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი და ქართული ოცნება ხელს აწერს იმ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ქართულ სასამართლოს წინა და ამ ხელისუფლებების დროს გამოუტანია”, - ამბობს ნაცვლიშვილი.
“ლელო” მხოლოდ ერთ-ერთია იმ პოლიტიკური გაერთიანებებიდან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ. სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან შეკრებას დილის 7-8 საათიდან აპირებენ.
“მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ხალხთან დაპირისპირება, მათ შორის, სპრეცრაზმის გამოყვანა, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ან შეპარვა პარლამენტში, როგორც ეს წინაზე გააკეთეს”, - ამბობს სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება დისკომფორტი შეუქმნას “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რადგან მოსამართლეების დანიშვნა უმნიშვნელოვანესი საკითხია.
“მოსამართლეებთან ერთად, ჩვენ უმნიშვნელოვანესმა რამემ გამოგვიყვანა ქუჩაში. ეს არის არჩევნები და საარჩევნო სისტემა. ამდენი ადამიანი სიცივეში, ყინვაში დგას. სხვა სამართლებრივი სივრცე არ დაგვიტოვა ივანიშვილმა. ყველა სივრცეს თვითონ დაადო ბოქლომი შიგნიდან”, - ამბობს უდუმაშვილი.
ოპოზიციასთან ერთად, აქციაში მონაწილეობას მიიღებს მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”, რომლის წევრები ქუჩის საპროტესტო აქციებს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც “ქართული ოცნების” უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო რეფორმა ჩააგდო.
“ეს აქცია გაგრძელებაა ივნისში დაწყებული პროტესტისა, მაგრამ ხვალ უშუალოდ მთავარი ამბავი არის მოსამართლეებზე”, - ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: “შევეცდებით დეპუტატებს ხმა მივაწვდინოთ, რომ სირცხვილია ასეთი ხალხის უვადოდ დანიშვნა ასეთ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე”.
პოლიციის კორდონსა და აქციის მონაწილეებს შორის ჩადგომას აპირებს ახალშექმნილი პროსახელისუფლებო ჯგუფი “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, რომელთაც პარლამენტის წინ, ოპოზიციის კარვების გვერდით საკუთარი კარვები გაშალეს.
“ჩვენ ვიქნებით აქ კარვით. რუსთაველი არ არის რომელიმე ვიწრო პოლიტიკური გუნდის საკუთრება”, - ამბობს 19 წლის შალვა კუჭაშვილი “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” წარმომადგენელი.
ხელისუფლება - რომელმაც ოპოზიციის აქცია და პარლამენტის პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალა - 20-ვე კანდიდატის დამტკიცებას არ აპირებს.
“თუ ფორმალურად შეძლებენ, რომ აირჩიონ ეს მოსამართლეები, ეს ადამიანები უვადოდ ვერ შეინარჩუნებენ მოსამართლეთა თანამდებობებს”, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი და აგრძელებს: “სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომ ეს უპრინციპო და უცოდინარი ადამიანები განაგებდნენ სამართალს ჩვენს ქვეყანაში. ბოლომდე ვიბრძოლებთ მე და ჩემი თანამოაზრეები, რომ სამართალი დაემსგავსოს სამართალს და არ იყოს ბუტაფორია, როგორიც გვქონდა და გვაქვს.”