Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკოს დაბალანსების სტრატეგია


აშშ და ბელარუსი, რომლებიც ერთნაირად განიცდიან რუსეთის ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკას, 11-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მზად არიან ერთმანეთთან ელჩების გასაგზავნად.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და გავცვალოთ ელჩები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილმა 17 სექტემბერს მინსკში, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის დროს.

მანამდე ამერიკელი დიპლომატი მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, ბელარუსის პრეზიდენტს, რომელიც 25 წელიწადი მართავს ქვეყანას.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ლუკაშენკოს, როგორც ჩანს, უფრო მეტი აქვს სანერვიულო. მას სურს დაამყაროს გარკვეული კავშირი დასავლეთთან, რათა ბალანსის საშუალება ჰქონდეს რუსეთის პირისპირ.
სტივენ პაიფერი


თანაც, დევიდ ჰეილის ვიზიტი მინსკში გაგრძელებაა იმ ხშირი შეხვედრებისა, რომელთაც ბოლო წლებში აქვს ადგილი მინსკისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. გასულ თვეში მინსკში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი. ამ დონის ამერიკელი მოხელე, როგორც წერდნენ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში არ სტუმრებია მინსკს.

დაძაბული ურთიერთობების გადახედვა ორმა ქვეყანამ დაიწყო 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, რამაც შეშფოთება გამოიწვია, ბელარუსის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

“რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ლუკაშენკოს, როგორც ჩანს, უფრო მეტი აქვს სანერვიულო. მას სურს დაამყაროს გარკვეული კავშირი დასავლეთთან, რათა ბალანსის საშუალება ჰქონდეს რუსეთის პირისპირ“, - ამბობს სტივენ პაიფერი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მოლაპარაკებებს აწარმოებდა მინსკში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბელარუსისთვის რუსეთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც იაფი ენერგიის მიწოდებით ასულდგმულებს თავისი პატარა მეზობელი ქვეყნის ყავლგასულ ეკონომიკას. ამით მოსკოვი ცდილობს ხორცი შეასხას ორი ათეული წლის წინანდელ გეგმას რუსეთ-ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რაც, ანალიტიკოსების ვარაუდით, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაწილის დაკარგვით ემუქრება მინსკს.

გარდა ამისა, კრემლი ზეწოლას ახდენს ბელარუსზე, რათა დაითანხმოს რუსული ავიაბაზის მიღებაზე ნატოს საპირწონედ, რომელმაც რუსეთის შესაკავებლად გაზარდა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო ძალა.

მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ბელარუსს გულზე არ ეხატება არც საკავშირო სახელმწიფოსა და რუსული საავიაციო სამხედრო ბაზის მიღების იდეა.


„აშშ კვლავინდებურად უჭერს მხარს სუვერენულ და დამოუკიდებელ, მომავალი თაობებისათვის წარმატებულ ბელარუსს“, - განაცხადა დევიდ ჰეილმა მინსკში ყოფნის დროს. ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ვაშინგტონი ასევე მიესალმება „ბელარუსის აქტიურ თანამშრომლობას გაუვრცელებლობის, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ერთობლივად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემატიკის გარშემო ინფორმაციების გაცვლის“ მხრივ.

ავტორიტარული რეჟიმი - სანქციებიდან თანამშრომლობამდე

ვაშინგტონსა და მინსკს ცუდი ურთიერთობა აქვთ ლამის 1991 წლიდან, რაც 10-მილიონიანმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დამუკიდებლობა მოიპოვა. 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკო ავტორიტარული მეთოდებით უცვლელად მართავს რუსეთზე ორიენტირებულ ქვეყანას.

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც ოპონენტებისა და დასავლეთის დამკვირვებლების მიერ არადემოკრატიულად შეფასებული 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მინსკში სასტიკად იქნა დარბეული ოპოზიციის ანტისამთავრობო აქცია.

დასავლეთის სანქციების პასუხად, ლუკაშენკომ, რომელმაც არჩევნებში ხმათა 84 პროცენტი მიიღო, 2008 წელს აშშ-დან გამოიწვია თავისი ელჩი, ხოლო ამის შემდეგ მინსკი მალევე დატოვა აშშ-ის ელჩმა ბელარუსში.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ორივე მხარეს უბიძგა ჩიხიდან გამოსავლის ძიებისკენ.

უკვე 2016 წელს აშშ-მა დააბრუნა მინსკში სამხედრო ატაშე, რაც, ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსან მაიკლ კარპენტერის თქმით, პირველი ნაბიჯი იყო სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობის მოწესრიგების გზაზე.

„რუსეთმა თავისი მოქმედებით წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც მიუღებელია და ძალიან სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა სფეროში შემავალი ქვეყნებისათვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც ამჟამად პენსილვანიის „პენ ბაიდენის ცენტრის“ მთავარი დირექტორია.

ამასთან, აშშ-ის ზუსტ პოლიტიკას, რომელიც განვლილი 11 წლის განმავლობაში უარყოფდა მინსკთან თანამშრომლობას, არ მოჰყოლია ბელარუსში არავითარი გაუმჯობესება ადამიანის უფლებების მხრივ.

"ბელარუსთან უფრო ღრმა დიპლომატიური კავშირების შედეგად და ასევ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში თანამშრომლობით, ჩვენ უფრო მეტი ბერკეტები გვექნება სამოქალაქო საზოგადოებისათვის სივრცის გასაფართოებლად“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.

ამერიკით „კმაყოფილი“ ლუკაშენკო

17 სექტემბერს მინსკში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დევიდ ჰეილს უთხრა, რომ „მოხარულია“ მისი ნახვით და იმით, რომ ვაშინგტონმა, „ბოლოს და ბოლოს“, ყურადღება გამოიჩინა ბელარუსის მიმართ.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცხოვრებაში არ არის ისე, რომ ერთი იყოს ყველაფერში დამნაშავე, ხოლო სხვები - თოვლივით სუფთა...
ალექსანდრ ლუკაშენკო


რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების წინააღმდეგ მიმართულ ფარულ კრიტიკას წარმოადგენდა ლუკაშენკოს სიტყვები, რომ არ ეთანხმება მათ, ვინც აშშ-ს „ხშირად ადანაშაულებს“, როგორც მსოფლიო პრობლემების სათავეს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცხოვრებაში არ არის ისე, რომ ერთი იყოს ყველაფერში დამნაშავე, ხოლო სხვები - თოვლივით სუფთა“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც, როგორც ამას ბელარუსის პრეზიდენტის საიტი იუწყება, დაამატა, რომ არ დაუშვებს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის რაკეტების განლაგებას მას შემდეგ, რაც დაირღვა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის 40 წლის წინ მოწერილი ხელშეკრულება საშუალო და მცირე სიშორის ფრთოსანი რაკეტების შემცირების შესახებ.

მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულების გასარღვევად

მაგრამ ბელარუსს არ შეუძლია მოსკოვისგან დისტანცირება, ვიდრე ქვეყნის ყავლგასული ეკონომიკა რუსეთიდან მიღებული იაფი ენერგიით საზრდოობს.

ბელარუსის ნავთობგადამამუშავებლები იაფად ყიდულობენ ნედლ რუსულ ნავთობს და გადამუშავების შემდეგ საბაზრო ფასებში ნავთობპროდუქტების გაყიდვით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ ისინიც და ქვეყნის ბიუჯეტიც.

თავის მეზობელზე ზეწოლის გაძლიერების ნიშნად, მოსკოვი დგამს ნაბიჯებს ბელარუსში იმპორტირებულ ნედლ ნავთობზე ფასის გასაზრდელად, რასაც ენერგეტიკის სფეროს უფრო მაღალი განაკვეთით დაბეგვრის ერთიანი პოლიტიკით ნიღბავს.

ალექსანდრ ლუკაშენო და ვლადიმირ პუტინი. 2019 წელი
ალექსანდრ ლუკაშენო და ვლადიმირ პუტინი. 2019 წელი

ამის პასუხად, მინსკმა დაიქირავა ვაშინგტონში მოქმედი ლობისტური ფირმა, რათა თეთრმა სახლმა გააუქმოს ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები, რაც მინსკს შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის ნედლი ნავთობი შეიძინოს.

2015 წელს - მას შემდეგ, რაც მინსკმა ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა არჩევნებზე დამკვირვებლებს - აშშ-მა დროებით გააუქმა სანქციები ბელარუსის ნავთობინდუსტრიის მიმართ, თუმცა სანქციებს დროებით ყოველი ექვსი თვის განმავლობაში ხელახლა აჩერებენ. ამ შემთხვევაში მას ვადა ოქტომბრის ბოლომდე აქვს.

ამასთან, კარპენტერი ერთგვარ „პიარ კამპანიად“ მიიჩნევს ბელარუსის მხრიდან აშშ-ის ნავთობის შეძენის მცდელობას, რითაც მინსკი სიგნალს უგზავნის კრემლს, ნავთობზე ფასების გაზრდის გამო.

ბელარუსს, კარპენტერის თქმით, სხვა ექსპორტიორ ქვეყნისგანაც შეუძლია იყიდოს ენერგომატარებლები რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად, მაგრამ ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გზას გაუხსნის უფრო მეტ ამერიკულ ინვესტიციას ბელარუსში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში, რაც ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებშია.

ენდე, მაგრამ შეამოწმე

მინსკში მყოფმა დევიდ ჰეილმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის სანქციების კიდევ უფრო მეტი შერბილება სურს, ბელარუსმა აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია, როცა ლუკაშენკო ასეთ რამეებს ამბობს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში უნდა შევამოწმოთ ის...
სტივენ პაიფერი


ესმის რა შექმნილი ვითარება, მინსკიც, როგორც ჩანს, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოლო წლების განმავლობაში ციხიდან გამოაშვებინა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხოლო ჰეილის ვიზიტამდე ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ჭეშმარიტ ოპოზოციურ პარტიებს“ შეუძლიათ წამოაყენონ კანდიდატები საპარლამენტო არჩევნებში.

ასეთ რამეს ლუკაშენკო არ ამბობდა 1900-იანი და 2000-იანი წლების ბოლოს, როდესაც მინსკისთვის რუსეთი არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ყირიმის ანექსიის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახლა მთავარია ლუკაშენკომ დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ ბელარუსის პოლიტიკაც იცვლება.

„მნიშვნელოვანია, როცა ლუკაშენკო ასეთ რამეებს ამბობს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში უნდა შევამოწმოთ ის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი სტივენ პაიფერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

XS
SM
MD
LG