სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, ვიდეოები, სადაც ბავშვებს დასცინიან და მათ ფოტოებს შეურაცხმყოფელ წარწერებს უკეთებენ, რასაც ასეთივე შინაარსის კომენტარები მოჰყვება. ეს ვიდეოები დროდადრო ამოტივტივდება ხოლმე და იწყება საზოგადოების შეშფოთება, შემდეგ კი - ახალი ვიდეო და დაცინვის ახალი „ტალღა“. რა იცვლება წლებთან ერთად? რით არიან დაცულები ბავშვები ინტერნეტში და ვინ იცავს მათ?
„პრობლემა დგას იმგვარად, რომ თუ დანაშაულის საკითხი არ გამოიკვეთა, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ბულინგი, რომელიც დამაზიანებელია ბავშვისთვის, ამის კონტროლი არ ხდება“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას ბავშვების უფლებადამცველი ანა აბაშიძე.
მისი თქმით, უცხოეთში ასეთი სიტუაცია არც ერთ შემთხვევაში განხილვის მიღმა არ რჩება. „ჩვენთან რა პასუხია დღეს? - ჩვენთან ამბობენ, ვერაფერს ვიზამთო“.
უფლებადამცველი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევის ერთადერთი საშუალებაა დასჯა. პროგრამები არ არსებობს. საკითხის ჩაღრმავებისას კი, საბოლოოდ, მათი პასუხისმგებლობა დგება.
„ადამიანმა, რომელიც აბულინგებს სხვას, უნდა აგოს პასუხი. არ ვსაუბრობ მაინცდამაინც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს რაიმე ფორმით უნდა მოხდეს, რომ ყოველ მეორეს არ შეეძლოს ფოტოს, ვიდეოს აღება და კონკრეტული ბავშვის მიმართ „ღლიცინი“ და რაღაცების წერა“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვებზე ზრუნვის ფუნქციაც აკისრია და ის ბულინგის შემთხვევებზე უნდა რეაგირებდეს. უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ პირის იდენტიფიცირების გარეშე მათ უჭირთ რაიმე სახის ჩარევა. მათი თქმით, თუკი ინტერნეტში შეხვდებიან ვიდეოს, სადაც ბავშვის ჩაგვრაა ასახული, იდენტიფიცირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნიან, შემდეგ კი სოციალური მუშაკი ერთვება საქმეში.
ამ მომენტისთვის შსს ვერ იძლევა პასუხს, თუ რა ბერკეტებით შეუძლია დაიცვას ბავშვი კიბერბულინგისგან.
უფლებადამცველი ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციების სისუსტეზეც ლაპარაკობს იმ სერვისების უქონლობის გამო, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა ინტერნეტში ბავშვების დაცვის კუთხით:
„ჩვენი, მესამე სექტორის, გამოწვევაც არის, რადგან სათანადოდ ვერ წამოვწიეთ ეს თემა და სათანადოდ არ ვაწუხებთ ადრესატებს“.
იქამდე, სანამ სათანადო ორგანოები შეწუხდებიან, ბავშვები საკუთარი თავის, ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანადგომის იმედად რჩებიან.