ხანძრებმა, რომელთაც ფერმერები განგებ აჩენენ, დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი გაანადგურა. ფერმერები ცეცხლს მიწის გასუფთავების მიზნით ანთებენ, მაგრამ შემდეგ ვეღარ აკონტროლებენ. გარდა ქარსაფარი ზოლების განადგურებისა, იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველიც, თავად მიწის ნაკვეთები კი მოუსავლიანი ხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქარსაფრების განადგურება გაუდაბნოების პროცესსაც ამწვავებს, რომლის წინაშეც დედოფლისწყარო დგას. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა და რას აკეთებს ამისთვის სამინისტრო?
ბოლო რამდენიმე დღეა, შირაქისა და ალაზნის ველები ცეცხლის ალშია გახვეული. ფერმერები თითქმის მასობრივად წვავენ მიწის ნაკვეთებში ხორბლისა და ქერის აღების შედეგად დარჩენილ თივას. ხანძარს განგებ, მიზანმიმართულად აჩენენ და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები შემდგომი დამუშავებისთვის გაასუფთაონ. სპეციალისტების თქმით, წესით, მიწის ნაკვეთები ასეთი ნარჩენებისგან მექანიზაციით უნდა იწმინდებოდეს. უნდა მოხდეს მისი დადისკვა ან ტერიტორიიდან გატანა, თუმცა რადგან ეს პროცედურა დამატებითი ხარჯების გაღებას მოითხოვს, გლეხები მარტივ, მაგრამ უკანონო და, ამავდრულად, საშიშ გზას ირჩევენ. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი იმ საფრთხეებსა და ზიანზე გველაპარაკება, რომელსაც ფერმერები ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი მთლიანად სახელმწიფოს აყენებენ:
„ზოგიერთი ფერმერი ფიქრობს, რომ ხანძრის გაჩენით მავნებლებს, მათ შორის ბზუალას და მღრღნელებს გაანადგურებს, მაგრამ იქვე არის სასარგებლო ბაქტერიები და ცხოველები, რომლებიც მათ შორის იღუპებიან. ასევე იკარგება ჰუმსოვანი [ნიადაგის ნაყოფიერი ფენა] ფენა. მიწის შიგნით არსებობს ცოცხალი გარემო და ხანძარი მას სპობს. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, იწვევს მიწის დეგრადაციას. თუ ნაკვეთში ნარჩენებს არ გადაწვავ და ნამჯა შიგნით ჩალპება, თავისთავად ცხადია, რომ მიიღებ უკეთეს, ორგანული ნაერთებით გაჯერებულ, ჰუმუსოვან ფენას, რომელიც უკეთეს მოსავალს მოგცემს“.
გარდა იმისა, რომ ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები ნიადაგს ანადგურებს, ნადგურდებიან ცხოველები და ფრინველები. დედოფლისწყაროში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველდღე ავრცელებენ ფოტომასალას, სადაც ხანძრის შედეგად დამწვარი ფრინველებია ასახული, მათ შორის ხოხობი. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების გამო ქარსაფარი ზოლების თითქმის 90 %-იც აღარ არსებობს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი ამბობს, რომ ის, რაც ამ კუთხით ხდება, პირველ რიგში, საზოგადოების გაუნათლებლობით არის გამოწვეული:
„ფერმერი ვერ ხვდება იმას, რომ ამით აზარალებს საკუთარ თავს და ქვეყანას. როდესაც შენ ქარსაფარ ზოლს წვავ, ის ქარსაფარი ზოლი იცავს შენსავე ნაკვეთს გამოქარვისაგან. რეალურად ეს არის უდიდესი ტრავმა. შესაბამისად, გარემო ჩვენ გვიბრუნებს არამყისიერ პასუხს. გარემოს და ეკოსისტემას აქვს უნარი, რომ გარკვეული პერიოდი წინააღმდეგობებს გაუმკლავდეს. რადგან მყისიერი უკუშედეგი არ დგება, სწორედ ეს ატუტუცებს ხალხს. ხალხს ჰგონია და ფიქრობს, რომ გადაწვა მიწის ნაკვეთი და მშვენიერ მოსავალს მიიღებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ მოსავლის აღების შემდეგ ეს პროცედურა, უკვე დიდი ხანია, აკრძალა“.
მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილი ხანძარი რომ პრობლემაა, თავად ფერმერებიც აღიარებენ, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ამ ხერხს თვითონაც იყენებს. ფერმერ ბიძინა პაპაშვილის თქმით, ვინც ამას აკეთებს, ერთადერთი მიზანი აქვს, დაზოგოს ფინანსები.
არსებობს კანონი, რომელიც ნარჩენების დაწვას და ამ გზით ზიანის მიყენებას კრძალავს. კანონდარღვევის შემთხვევაში დაწესებულია 500-ლარიანი ჯარიმაც, თუმცა, როგორც ირკვევა, კანონში პირდაპირ არ წერია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირი მინდვრებს მიზანმიმართულად გადაწვავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ პრობლემამ წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა და ამიტომ მოამზადეს კანონპროექტი, სადაც უშუალოდ მიწების გადაწვის საკითხი ჩაიწერება, ჯარიმის ოდენობა კი 1500-დან 2000 ლარამდე იქნება. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ჩიქოვანი ამბობს, რომ ამჟამადაც აჯარიმებენ კანონდამრღევებს, თუმცა მათი გამოვლენა უჭირთ:
„კანონმდებლობით ჩვენ მათ დავავალდებულეთ, ქარსაფართან შემოხნან, რომ არ მოხდეს ცეცხლის სხვადასხვა ქარსაფრებზე გადასვლა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა ცეცხლი ქარსაფარებზეც ვრცელდება. ახლა ახალი კანონპროექტი გვაქვს შემუშავებული „ნიადაგის დაცვის შესახებ“, რომელიც შემოდგომაზე პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად და იქ უკვე უშუალოდ მინდვრების გადაწვასთან დაკავშირებით იქნება შეტანილი მუხლი“.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ინტერნეტში, სპეციალურ ვებსაიტზე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სახელზე შექმნილია ორი პეტიცია. ერთ შემთხვევაში მოთხოვნაა, სანქციები გამკაცრდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ხანძრების განზრახ გაჩენისთვის, მეორე პეტიციით კი მოითხოვენ დაჩქარდეს კანონის მიღება ქარსაფარი ზოლების შესახებ, რაც მათ განადგურებას ასევე დასჯადს გახდის. ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, დაიწვა როგორც ძველი ქარსაფრები, ასევე ახლად გაშენებული ნარგავები, რამაც, სპეციალისტების თქმით, გარემოს უკვე მიაყენა სერიოზული ზიანი.