მამუკა ხაზარაძე - TBC ბანკის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი - ქმნის საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს გაერთიანება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. ემზადება თუ არა ხაზარაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და როგორ აფასებენ ექსპერტები მის შანსებს?
“თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას”, - წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე, 9 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში.
საქართველოში არსებული პოლარიზაცია მამუკა ხაზარაძისთვის საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესია. პოლარიზებული გარემოდან გამოსავალს კი ხაზარაძე ხედავს “ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაციასა და გაერთიანებაში”. ხაზარაძის აზრით, სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
“აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ”, - წერს ხაზარაძე.
“გასაკვირი არაფერია”
პოლიტოლოგებს, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ მამუკა ხაზარაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მათი შეფასებით, ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის მოლოდინი გაჩნდა მისი და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დაპირისპირების შემდეგ.
საქართველოს პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს "თიბისი ბანკში" 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას. უწყება ამტკიცებს, რომ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
“უკვირდათ კიდეც, რომ აქამდე უფრო მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯები არ გადადგა [მამუკა ხაზარაძემ]. ამიტომ გასაკვირი ამაში არაფერია”, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო თავისუფლებასთან.
“ახალი მიზიდულობის ცენტრი პოლარიზებულ გარემოში”
ქართულ პოლარიზებულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა ახალი პოლიტიკურ მოთამაშეზე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებებთან.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37 %-ს მიაჩნია, რომ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება თუ პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას. ამავე კვლევით, მხოლოდ 21 % ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, ხოლო 15 % - ნაციონალური მოძრაობა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის სახით გაჩნდა მიზიდულობის ახალი ძალა მათთვის, ვისაც მომავალი საარჩევნო ციკლისთვის პოლიტიკაში შემოსვლა უნდა.
“თუ მან წარმოადგინა თავისი ხედვები სხვადასხვა მიმართულებით და წარმოჩინდა როგორც ლიდერი, რომლის გარშემოც ხალხი შეიძლება შემოიკრიბოს, მას აქვს გარკვეული შანსი - ახალი ძალისადმი საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა”, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და აგრძელებს, რომ ხაზარაძე წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ არ შეხედავს ამ ყველაფერს როგორც ბიზნესპროექტს.
კაკაჩიას თქმით, საქართველოში არ მოიძებნება სხვა, რომელსაც აქვს სურვილი, წარმოადგინოს მთავრობისგან განსხვავებული ხედვა. ის მიიჩნევს, რომ თუ ხაზარაძემ გაუძლო წნეხს ხელისუფლებისგან - რომელიც მისივე აზრით, აუცილებლად იქნება - ხაზარაძეს წარმატების შანსები აქვს.
“ყოველ შემთხვევაში, მის გარდა მე ვერ ვხედავ სხვა ადამიანს ქართულ ბიზნესში, რომელსაც შეუძლია ასეთი როლის შესრულება”, - ამბობს კაკაჩია.
პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, ე.წ. შუაშისტები დიდი ხანია ელიან გამაერთიანებელ ფიგურას და ხაზარაძე შეიძლება იყოს ეს ფიგურა, რადგან მას მკვეთრი გამონათქვამები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობაზე", ახლა აშკარაა მისი კონფლიქტი მოქმედ ხელისუფლებასთან.
“სასტარტო მდგომარეობა მას აქვს - ფინანსური შესაძლებლობები, ცნობადობა, ბევრი ადამიანისთვის ის მისაღებია - ზოგს შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ არ მგონია ნეგატიური რეიტინგი ჰქონდეს”, - ამბობს ნოდია.
“ბანკირი-პოლიტიკოსი”
“საქართველოში არის ძალიან დიდი წინასწარი განწყობა, რომელიც ბანკებს და ბანკირებს განსაკუთრებულად ემტერება. როცა ბანკირია სახე პოლიტიკური პარტიისა, მას ექნება აპრიორი პრობლემები”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გრიგოლ გეგელია, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი.
გეგელია მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მუდმივად ისმის სახალხო სიახლის მოლოდინი და ბანკირი-პოლიტიკოსი ვერ იქნება აღქმული როგორც განსხვავებული ფენომენი.
“არის მოლოდინი რომ ეს იქ ნება ლიბერალური ეკონომიკა კონსერვატიული ხაზის - ეთიკურად კონსერვატიული და ეკონომიკურად ლიბერალური - რომელიც ბანკირს ყველაზე მეტად აწყობს. მსგავსი პოლიტიკა უკვე გამოვცადეთ [პრემიერ-მინისტრ გიორგი] კვირიკაშვილის დროს. ამიტომ სიახლე აქ არ არის. სახე და პერსონა სიახლეა, დანარჩენი კი დამოკიდებულია, რა ხალხი იქნება მის გუნდში და პოლიტიკური შინაარსი ექნებათ მათ”, - ამბობს გეგელია.
“ოლიგარქიზაციის პროცესი ყველგან არის”, - ამბობს კორნელი კაკაჩია და აგრძელებს: “თანდათანობით ფინანსები გახდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოლიტიკაში შემოსვლის”. კაკაჩიას აზრით, პოლიტიკური პარტიებისთვის მაინც მთავარი უნდა იყოს იდეოლოგიები და იდეები.
პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, რადგან საქართველოს მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი - პირიქით, კარგია, რომ მას დაუპირისპირდება რაღაც ძალა, რომელსაც რაღაც ფინანსები ექნება.
“ამის გარეშე, სამწუხაროდ, საქართველოში ძნელია წარმატების მიღწევა”, - ამბობს ნოდია.