Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო ბმულები და კონსპირაციული შეხვედრები - როგორ დაესწრნენ ქვიარ-სპექტაკლს


ასე ჩატარდა სპექტაკლი
ასე ჩატარდა სპექტაკლი

ინსტრუქცია, რომელიც თენგომ SMS-ით მიიღო, ჯაშუშურ შეტყობინებას უფრო გავდა, ვიდრე სპექტაკლზე დასწრების ინსტრუქციას.

19 ივნისს დათქმულ ადგილას უნდა მისულიყო ზუსტად 19:00-დან 19:20-მდე და მაშინვე, შეყოვნების და სიგარეტის მოწევის გარეშე, იქ მდგომ მიკროავტობუსში უნდა ჩამჯდარიყო. მიკროავტობუსი წაიყვანდა „სხვა ლოკაციაზე“. სად, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. თუ ერთი წუთით მაინც დააგვიანებდა, მისვლა უსაფრთხო აღარ იქნებოდა და სადმე მშვიდი ადგილიდან უნდა დაერეკა კოორდინატორისთვის. ის აუხსნიდა, სად უნდა მისულიყო, რომ სპექტაკლი ენახა.

თუმცა, როგორც ჯაშუშურ ფილმებში ხდება ხოლმე, მტერმა გეგმის შესახებ შეიტყო. მოედანზე შეკრების გეგმა ჩაიშალა. ეგ კი არა, სპექტაკლის დადგმაც სათუო გახდა - თენგოს უთხრეს ჩაიშალა დადგმა, აღარ იქნებაო.

არადა, „კავკასიური მეტამორფოზის“- კაფკას ნაწარმოების „თბილისი პრაიდისთვის“ მომზადებული ინტერპრეტაციის - ნახვას თენგო რამდენიმე კვირა ელოდა. არც ბილეთის შოვნა ყოფილა მარტივი. უცხო ადამიანი იქ არ უნდა მოხვედრილიყო.

ბილეთის ყიდვა (სიმბოლური ფასი, ერთი ლარი ღირდა), ერთ-ერთ ჩვეულებრივ ქართულ საიტზე შეიძლებოდა, სადაც კონცერტების და სპექტაკლების ბილეთები იყიდება ხოლმე. თუმცა, ბმულის ნახვა ყველას არ შეეძლო - სპეციალური, დაფარული ლინკიდან უნდა შესულიყავი. შემდეგაც, იმ ერთ ლარის გადახდამდე ორგანიზატორები გამოწმებდნენ - „ფეისბუკს“ უყურებდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ - „იცნობ? არ იცნობ? ვინ არისო?“

თენგოს იცნობდნენ. ის უკვე კარგა ხანია ქვიარ-აქტივისტია და პრაიდის ორგანიზებაშიც იყო ჩაბმული. თუმცა, სპექტაკლი მაინც კინაღამ გამოტოვა.

ბოლო მომენტშიღა გაიგო, რომ „კავკასიური მეტამორფოზა“ მაინც დაიდგმებოდა. ამჯერად თბილისის სხვა ცენტრალურ გამზირზე უნდა მისულიყო და იქ სწრაფად ჩამჯდარიყო ტრანსპორტში.

მიკროავტობუსში ასე, ათნი ისხდნენ. ნახევარი ქართველები იყვნენ, ნახევარი კი - უცხოეთიდან სპეციალურად სპექტაკლზე დასასწრებად ჩამოსული თემის წევრები. დანარჩენი აუდიტორია ადგილზე თავად მიაღწევდა.

გზას დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა. ძირითადად ჩუმად ისხდნენ და ტელეფონებს სკროლავდნენ. დროდადრო რომელიმე აწევდა ხოლმე თავს და დანარჩენებს სიახლეს გაუზიარებდა - სწორედ ამ დროს მისდიოდა რამდენიმე აქტივისტს მუქარის წერილები - ვიცით სადაც ცხოვრობთ და მოგკლავთ ან დაგასახიჩრებთო.

საშიშროება მართლაც იყო - ორიოდე დღის წინ პრაიდის ორგანიზატორების ბრიფინგი ლამის საალყო მდგომარეობად გადაიქცა - აქტივისტებსა და მომხდურებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა პოლიცია. წინა დღით კი ცნობა გავრცელდა, მეტროში ბიჭებს გრძელი თმის და საყურის გამო ურტყესო.

თუმცა, თენგოს იმ წუთას მაინც არ ეშინოდა. მართალია, მათთან ერთად ერთ-ერთი ორგანიზატორის იყო, რომელსაც სახეზე ბევრი ცნობს და, შესაბამისად, ემუქრება კიდევაც. თავად თენგოც რამდენჯერმე გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მას შემდეგ უსაფრთხოდ თავი აღარ უგრძვნია. მაგრამ, მიკროავტობუსში ყველა თავისიანი იყო.

უფრო სევდიანები იყვნენ, ვიდრე შეშინებულები.

სპექტაკლი ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. სცენაზე ქართველი მსახიობები, ძირითადად თემის წევრები იდგნენ, რომლებიც ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდნენ. დადგმის თემატიკაც ისეთი იყო, აუდიტორიას ადვილად რომ მოხვდებოდა გულზე.

„კავკასიურ მეტამორფოზაში“ გრეგორ ზამზა, ხოჭოდ გადაქცევის ნაცვლად, მშობლებს გამოუტყდება - გეი ვარო.

თავად თენგოს მშობლებთან პრობლემა არ ჰქონია. 21 წლის იყო, როდესაც გამოუტყდა. ნორმალურად მიიღეს. ეგ კი არა, მთელმა სოფელმა ნორმალურად მიიღო. ზურგსუკან, ვინ იცის ვინ რას ამბობს, მაგრამ თენგოსთვის არავის არაფერი წამოუძახებია. ცემაზე და გინებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

წამოძახება, ცემა და გინება კახეთიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. თენგო ბიოლოგიას სწავლობდა, თუმცა, გზადაგზა მიხვდა, რომ აქტივიზმი უფრო აინტერესებდა. უამრავი ადამიანი გაიცნო. ბევრი ახლა მასთან ერთად ესწრებოდა სპექტაკლს.

მათი უმეტესობისთვის სცენაზე დატრიალებული ამბები მტკივნეულად ნაცნობი იყო - ოჯახმა ზოგი მოკვეთა, ზოგი - შეიძულა.

რამდენიმემ ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. სახლში არ უტირიათ. უფრო გაეხარდათ - პრობლემა მოგვარდა.

თენგო უყურებდა და ცრემლები მოსდიოდა. სხვებიც ტიროდნენ.

სპექტაკლი საათნახევარში დამთავრდა. დიდხანს უკრავდნენ ტაშს. შემდეგ კი ჩუმად დაიშალნენ. ბანკეტი და აფთერპარტი არ ყოფილა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG