პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ შეძლებს გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ამის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში, იგი მზად არის საქართველოში დაბრუნებამდე გამოძიებას დისტანციურად გასცეს პასუხები. ასეთ ვითარებაშიც, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გაიმართოს.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავისი პირობების შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა შსს უკვე ჩააყენა საქმის კურსში.
„ირაკლი ოქრუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 ივნისს ოფიციალური წერილით მიმართა და უთხრა,რომ მზად არის მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი.
21-ის შემდეგ არავინ გამოჩენილა . 28-ში მან ხელახალი წერილი გააგზავნა და შეატყობინა, რომ 2 ივლისს აპირებდა ქვეყნის დატოვებას დაახლოებით 2-3 კვირით. არც ამის შემდეგ გამოჩენილა ვინმე და დღეს გავიგეთ ტელევიზიით, რომ თურმე ახლა გაახსენდათ, რომ ოქრუაშვილი უნდა გამოკითხონ“, - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა. იგი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის დაბრუნების შემდეგ ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, თუმცა ამის გაკეთება შეუძლია დაბრუნებამდეც, დისტანციურად.
ჯერჯერობით ირაკლი ოქრუაშვილის ამ შეთავაზებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
ამ ღონისძიების აუცილებლობის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე სამივე პირმა უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.