საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, თავისი თანმხლები საპროტესტო აქციებით, პრაქტიკულად გადაფარა თბილისის პრაიდის კვირეული. თუმცა ვერის პარკში შეკრებილი „ლეგიონერებისთვის“ იგი მაინც მთავარ სამიზნედ დარჩა. „ლეგიონერების“ ლიდერმა, პარკში მისულმა ლევან ვასაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს მობილიზებისკენ და განაცხადა, რომ ლგბტქ თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.
„ქართველებო არ აჰყვეთ ჯოს ძახილს, არ აჰყვეთ ექსტრემიზმს, ეს არის ჩემი აზრით, ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. აქ ახლა მთელი საქართველო მოვა, ვისაც უყვარს საქართველო. არ არსებობს ჩვენ ვინმემ ისევე დაგვაგოიმოს“,- განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელსაც 20 ივნისს სოლიდარობა გამოუცხადა "პატრიოტთა ალიანსმაც".
ვერის პარკიდან ლევან ვასაძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე წავიდა თითქმის დარწმუნებული იმაში, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის შორსმიმავალი მიზანი თბილისი პრაიდის ხელშეწყობა იყო:
„ჩვენო ძმებო, ვინც ახლა პარლამენტთან დგახართ, თქვენ თუ სინამდვილეში იმისთვის ხართ მისულები რომ პრაიდი ჩაუტაროთ ქართველ ხალხს, თქვენ თვითონვე განსაჯეთ თქვენი ქართველობისა. ჩაიცვით ის თქვენი ტანგები და კოლგოტკები! იყავით ის რაც ყოფილხართ, თქვენი შუაშისტი ჭკუა ვატირე", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
თბილისი პრაიდი - დღე მესამე
თბილისი პრაიდის კვირეულის მესამე დღემ ძირითადად მშვიდად, სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა. 20 მაისს პრაიდის აქტივობა დაგეგმილი არ ყოფილა და კვირეულის ორგანიზატორები უმთავრესად უსაფრთხოების დეტალების შეჯერებით იყვნენ დაკავებულნი. დღესვე მათ სახელმწიფო კანცელარიაში მიიტანეს „All Out”-ის საერთაშორისო პეტიცია ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით.
მიმართვას პრემიერ-მინისტრის სახელზე 28 000 ადამიანი აწერს ხელს.
თბილისი პრაიდი - განვლილი დღე
მეტ-ნაკლებად მშვიდი გამოდგა 19 ივნისიც. თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება ექსცესების გარეშე გაიმართა. არსებული რისკების მიუხედავად, გეი თემაზე შექმნილ სოციალურ სპექტაკლს - „კავკასიური მეტამორფოზა“ - ასზე მეტი ადამიანი დაესწრო.
სპექტაკლის ადგილი და დრო გასაიდუმლოებული იყო და მას „ლეგიონის“ წარმომადგენლებმა ვერ მიაგნეს. თუმცა ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და ლევან ვასაძის „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთ ოფისთან მაინც შეიკრიბნენ. აქციაში მონაწილეობენ სასულიერო პირებიც.
19 ივნისს მომხდარ ექსცესებს შორის სახელდება ასევე შემთხვევა თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, 19 ივნისს გვიან ღამით, ორ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე მამაკაცი. ზოგიერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ მოძალადეებს ახალგაზრდების გარეგნული იერი, მათ შორის საყურე არ მოეწონათ.
19 ივნისს მომხდარ შემთხვევებს შორის სახელდება ასევე ერთ-ერთი მოქალაქის იძულება, საცხოვრებელ ბინაში ცისარტყელისფერებიანი ფარდა ჩამოეხსნა.
19 ივნისს ღამის საათებში თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს. გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო.
„სახალხო ლეგიონის“ ლიდერები პოლიციაში-პირველი დაკავება
შსს თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე ლევან ვასაძე 20 ივნისს დილით გამოიძახეს, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. იგი სამმართველოში ნებაყოფლობით მივიდა. მისგან განსხვავებით დააკავეს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციაში გამოძახების უწყების ჩაბარებისთვის მისულ სამართალდამცავებს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი 5 ივლისამდე გადაიდო.
ლევან ვასაძის თქმით, 20 ივნისს გურამ ფალავანდიშვილის გარდა, „სახალხო ლეგიონის“ კიდევ არაერთი ლიდერი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. სამინისტროს თანახმად, 20 ივნისს გაგრძელდა ლეგიონის წარმომადგენელთა გამოკითხვები.
სამართალდამცავთა რეაგირება "სახალხო ლეგიონის" ხელმძღვანელ პირთა ძალადობრივ მოწოდებებსა და უკანონო ფორმირების შექმნის ფაქტზე დაგვიანებულ, მაგრამ აუცილებელ ნაბიჯად მიაჩნიათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაური ამბობს, რომ მართლწესრიგის სათანადოდ დაცვის გარდა, მთავარია სახელმწიფომ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ეკა გიგაური იმედოვნებს, რომ გამოძიებაც არა ფორმალურად, არამედ ობიექტურად წარიმართება და მას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.