Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რებეკა ჰარმსი თამარ ხულორდავას: დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციაა


„დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“, - წერს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად შსს-ს შეუძლებლად მიიჩნია თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა.

რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, რომელმაც ასე უპასუხა:

„რას გულისხმობთ? საქართველოსთან მიმართებით მსგავსი არაფერია სადარდებელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი დემოკრატიის იმიჯს“.

​ევროპარლამენტარი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები.

შოკისმომგვრელ სიმართლეს და დაუჯერებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას თბილისი პრაიდის მიმართ ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას მიმოწერაში ჩართული ადამიანები.

გიორგი თაბაგარი კი ფეისბუკის გვერდზე ხულორდავას პასუხს სამარცხვინოს უწოდებს და წერს:

„ნაცვლად იმისა რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ხულორდავა დაინტერესებულიყო მიმდინარე პროცესებით, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ესაუბრება ევროპელ კოლეგას“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ვერ მისცა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და მათ ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა. ეს კი, პრაიდის ორგანიზატორების შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

XS
SM
MD
LG