Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია გავრცელდა


დავით გარეჯში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ავტორი ჟურნალისტი დავით პაიჭაძეა, ადრესატები კი საქართველოს პარლამენტი, კულტურისა, ძეგლთა დაცვის, განათლების და სპორტის სამინისტრო.

პეტიცია სახელწოდებით „დავით გარეჯის კომპლექსი - ვითარება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს“, 28 მაისს გამოქვეყნდა.

როგორც პეტიციაში ვკითხულობთ, მის ხელმომწერებს არასწორად მიაჩნიათ შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს:

„დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის. კარგად ვაცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან. არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა და ამ საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული.

მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა.

ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან,

ვულოცავთ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს – 28 მაისს“, - წერია პეტიციაში.

პეტიციის გამოქვეყნებამდე დავით პაიჭაძემ ფეისბუკში პოსტი დაწერა, სადაც განმარტა პეტიციის შექმნის მიზანი.

28 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია."

აქციის მონაწილეები რამდენიმე მიკროავტობუსით თბილისიდან გარეჯისკენ დილით გაემგზავრნენ.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საზოგადოებრივი, მათ შორის ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე, სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აღდგომის ტაძრამდე მივიდა, ნაწილი კი ჩიჩხიტურის კოშკთან.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ სურთ მშვიდობიანი მსვლელობით ყველას გააგებინონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

XS
SM
MD
LG