Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გაავრცელა განცხადება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

„ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაგრამ პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!“ - ნათქვამია 27 მაისს, საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ „მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.“

„ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს. ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს. თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას“ - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში.

ილია მეორე აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

XS
SM
MD
LG