Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროსტიტუცია - რისი ეშინიათ სექსმუშაკებს?


13 წლის იყო "ჟორჟიკა", თერთმეტმა კაცმა რომ გააუპატიურა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქუჩაში, იყო სექსმუშაკი, საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის შეურაცხყოფა, რასაც სექსმუშაკთა დიდი ნაწილი კლიენტებისა თუ სამართალდამცავებისგან აწყდებიან და კარგად იცნობს იმ ქალების პრობლემებს, რომლებიც დღესაც სექსმუშაკობით ირჩენენ თავს და უწევთ „ღამის თბილისის ჯოჯოხეთის გავლა“...

„და ეს იმიტომ, რომ საქართველოში პროსტიტუცია არ არის დეკრიმინალიზებული“, - ამბობს ჟორჟიკა და ლაპარაკობს იმ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომელსაც ღამით, ე.წ. პანელზე მდგომი სექსმუშაკები განიცდიან კლიენტებისა თუ პოლიციელების მხრიდან:

„თუკი დაგინახეს, რომ დგახარ და კლიენტს ელოდები, გადადიან შეურაცხყოფაზე, გიწვევენ, რომ შენც შეეპასუხო და მერე უკვე სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 400 ლარიან ჯარიმას გიწერენ. ყველაზე ამაზრზენი კი ისაა, რომ ხშირად, სამართალდამცავები სექსმუშაკებს აიძულებენ უფასო მომსახურებას იმის სანაცვლოდ, რომ შემდეგ უფლება მისცენ, დადგნენ პანელზე და ცოტა ხნით მაინც აღარ შეაწუხონ. "შაბათობებს" ეძახიან, იმ შაბათობაზე თუ არ გახვედი და სამართალდამცავს უარი უთხარი მომსახურებაზე, არ გაგახარებს, წასულია შენი საქმე. ხშირად ისეც ხდება, რომ დაგიბარებენ, მიხვალ და იქ ხუთი კაცი დაგხვდება, კაი დედმამიშვილი ხარ და უარი უთხარი მომსახურებაზე. და ეს არ შეიცვლება, თუკი კანონი არ შეიცვლება. ეს ქალები ამ გზით არჩენენ ოჯახებს, ასე მიაქვთ შვილებთან საჭმელი. ვისი რა საქმეა, ადამიანი დამლაგებლობით გამოიმუშავებს ფულს თუ სექსმუშაკობით? როდესაც ზრდასრული ადამიანები, თანახმანი არიან, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ამ გზით იშოვონ ფული, რატომ უნდა იყოს ეს ქმედება დასჯადი?“

„დეპენალიზაცია სექსმუშაკებს ძალადობისგან დაიცავს“

თამარ დეკანოსიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რამდენიმე წელია მუშაობს სექსმუშაკთა უფლებების საკითხებზე და ამბობს, რომ საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, უმჯობესია, თუკი ქვეყანაში მოხდება პროსტიტუციის დეპენალიზაცია. მისი თქმით, ამ გზით, სექსმუშაკები, რომლებიც განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მოახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და ძალადობისგან თავის დახსნა. თამარ დეკანოსიძის თქმით, იმის გამო, რომ პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა და ის ჯარიმას ითვალისწინებს, სექსმუშაკები მათზე ძალადობის შემთხვევაში, ვერ და არ მიმართავენ სამართალდამცავებს. დეპენალიზაციის შემთხვევაში კი სექსმუშაკებს მოეხსნებათ შიში, რომ მათზე ძალადობის შემთხვევაში, აქეთ დასდებენ სამართალდამცავები ბრალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში:

„სამწუხაროდ, ჩვენმა გამოკვლევამ ისიც გამოავლინა, რომ ხშირად ადგილი აქვს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და ისინი სექსმუშაკებს აიძულებენ გაუწიონ უფასო მომსახურება იმის სანაცვლოდ, რომ შემდგომში, აღარ გამოუწერონ ჯარიმა. დეპენალიზაციის შემთხვევაში, ეს იძულებაც აღმოიფხვრება“.

რაც შეეხება პროსტიტუციის ლეგალიზებას, თამარ დეკანოსიძე თვლის, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება ისევ იმ სექსმუშაკებზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას, რომლებიც უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ:

„ლეგალიზების შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული რეგულაციები, იმის შესახებ თუ რა სახის გადასახადები უნდა გადაიხადონ სექსმუშაკებმა, სად უნდა იმუშაონ, რა პირობებში და რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ იმისათვის, რომ ჰქონდეთ მუშაობის უფლება“.

თამარ დეკანოსიძე იმ რამდენიმე მიზეზს ჩამოთვლის, თუ რატომ არ არიან სექსმუშაკები პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრენი:

„ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ საქართველოს ხუთ ქალაქში და ველაპარაკეთ იმ 26 სექსმუშაკს, რომლებსაც ქუჩებში უწევთ კლიენტების ლოდინი. გამოიკვეთა, რომ ლეგალიზება საქართველოს კონტექსტში, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს იმ სექსმუშაკებისათვის, რომლებიც ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენენ. ეს ქალები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ლეგალიზება, რადგან პირველ რიგში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაიხადონ გადასახადები და ასევე, ისინი მიუთითებდნენ, რომ ლეგალიზების შემთხვევაში, ჩნდება რეალური საშიშროება, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება. ლეგალიზების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ოფიციალური რეგისტრაციის გავლა კონკრეტულ უწყებაში. ძალიან ხშირად ეს ქალები ოჯახისგან მალავენ, თუ რა გზით გამოიმუშავებენ ფულს. ანუ, გამოდის, რომ ლეგალიზების პირობებში სექსმუშაკები გააგრძელებენ არალეგალურ მუშაობას და ამ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ გაცილებით დიდი სანქციები, ვიდრე დღეს არსებული 20 ლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის“.

სექსმუშაკ ქალთა შორის პროსტიტუციის გამოვლენის მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში გვხვდება - 2015 წელს თბილისში 41 პირი დააჯარიმეს. შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც 2013 წელს 19 შემთხვევაა აღრიცხული. 2007-2017 წლებში პროსტიტუციის მუხლით (სასკ-ის 172-ე მუხლი) მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს აქვს საქმე განხილული, დანარჩენ სასამართლოებს ამ მუხლით საქმე არ განუხილავთ.

პროსტიტუცია არ არის კრიმინალი, კრიმინალია პროსტიტუციის ხელშეწყობა - „მამიდას საქმე“

პროსტიტუციის ხელშეწყობას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, გარკვეულ შემთხვევებში კი ვადით სამიდან ექვს წლამდე.

სწორედ ამ მუხლით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 8 მაისს დააკავეს სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული.

10 მაისს, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

საქმის პროკურორის თქმით, "ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს დანაშაული. ასევე მზაობა გამოხატეს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ის ობიექტი სადაც ხდებოდა დანაშაული, ახლა დალუქულია".

ამ ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა 8 მაისს 3 პირი დააკავეს.

როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემის ბრალდებით 2007 წელსაც დააკავეს. ის დანაშაულისათვის სასჯელს სამი წლის განმავლობაში იხდიდა. იმავე ბრალდებით როენა ხუცურაული 2013 წელსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მას 40 ათას ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

არსებობს თუ არა რაიმე ტიპის კავშირი ან თანამშრომლობა სამართალდამცავებსა და იმ პირებს შორის, რომელთა საქმიანობასაც პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენს? - ეს კითხვა საზოგადოების ნაწილში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ჩნდება ინფორმაცია ამ ბრალდებით განხორციელებული დაკავებების შესახებ.

თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ დადასტურებით არაფრის თქმა შეუძლია, თუმცა, ისევ და ისევ გამოკითხულ სექსმუშაკებზე დაყრდნობით მიუთითებს:

"ზუგდიდში ჩატარებული გამოკითხვისას, ჩვენი ფოკუს-ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ პოლიციელები სექსმუშაკებთან შედიან უკანონო გარიგებაში, რომ მათ კლიენტებს ჩაუდონ, მაგალითად, ნარკოტიკული საშუალებები, რათა შემდეგ პოლიციამ დაიწყოს სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნა და გამოძიება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სექსმუშაკები არ იყვნენ დაწესებულებების თანამშრომლები, ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. ამიტომ, ცოტა გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რის საფუძველზე, როდის და რატომ იწყებს ხოლმე პოლიცია პერიოდულად მსგავსი დაწესებულებების რეიდს".

„გირჩის“ საროსკიპო, შერჩევითი სამართალი და პროსტიტუციის ლეგალიზება

„საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან“ - ასე აფასებს პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული პირების საქმეს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას ერთგვარ პროვოკაციაში იწვევს და საკუთარ ოფისში ხსნის საროსკიპოს სახელწოდებით „პიონერი“:

​„ხელისუფლებამ ან უნდა დააპატიმროს მთელი „გირჩი“ ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ 10 მაისს და ჟურნალისტებს დაათვალიერებინა „გირჩის“ ოფისში მოწყობილი ოთახი, რომელიც საათში 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება და მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა სწორედ ეს ფართი გამოიყენონ ფასიანი სექსუალური მომსახურებისათვის.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართებსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის, სადაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში, ფასიან სექსუალურ მომსახურებას იღებენ, ამიტომ, მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომელსაც სექსინდუსტრიაში, საკუთარი სურვილით ჩართული ადამიანების შემოსავალი ეწირება:

„საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სექსმუშაკებს სისტემა არ თვლის ადამიანებად, მათ ექცევა როგორც მონებს და ხშირად იყენებს მათ ინფორმაციის წყაროდ სხვა ადამიანების წინააღმდეგ. მეტიც, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლება, როდესაც სჭირდებათ ძალის დემონსტრირება, სხვა თემის გადაფარვა, ახორციელებენ სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ტერორს, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები რჩებოდნენ და რჩებიან შემოსავლის გარეშე, მათ შორის ამ ადამიანების ოჯახები.

ნებისმიერი ბიძა, რომელიც თავის ძმისშვილს დაუფინანსებს სექსუალური მომსახურების მიღებას, ან ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს დაუთმობს მაგალითად, ბინას, რათა ის დაკავდეს სექსით სექსმუშაკთან ერთად, ეს ადამიანები, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დასრულდეს ძალადობა სექსმუშაკთა მიმართ და სახელმწიფომ დაიცვას ისინი ძალადობისგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისგან სამართალდამცავების მხრიდან და გარდა ამისა, მოხდეს სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ეს არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია.

თეორიები და საერთაშორისო მოდელები პროსტიტუციის შესახებ

სკანდინავიურ ქვეყნებში მოქმედი მოდელის მიხედვით, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებებისა და ფემინისტურ მოდელს, პროსტიტუცია, მათ შორის ნებაყოფლობითი, არის ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა და ის ყველა შემთხვევაში დასჯადია, თუმცა, ისჯება არა სექსმუშაკი, არამედ ამ მომსახურების მყიდველი. ამ მოდელს აბოლიციონიზმი ეწოდენა.

თამარ დეკანოსიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ღირებულებითი თვალსაზრისით ძალიან გამართლებულია, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ეს მოდელი, ამ ეტაპზე, ისევ სექსმუშაკებს დააზიანებს:

„სექმუშაკობა მათთვის გადარჩენის ერთადერთი წყაროა. მაგრამ როდესაც საქართველო ეკონომიკურად გაძლიერდება და ქალებს აღარ მოუწევთ თავის გადარჩენის მიზნით პროსტიტუციაში ჩართვა, მაშინ, ქვეყანამ ამ მოდელის შემუშავებაზეც იმსჯელოს“.

დღეს პროსტიტუცია ლეგალიზებულია გერმანიასა და ჰოლანდიაში. 2017 წელს საფრანგეთმა შემოიღო აბოლიციონიზმის მოდელი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ძირითადად საქართველოს მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს.

რამდენიმე ხნის წინ, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (სიდოუ) რუსეთს მოუწოდა მოახდინოს პროსტიტუციის დეპენალიზაცია. რუსეთში მოქმედებს სწორედ იმგვარი კანონმდებლობა, როგორც საქართველოში.

საქართველოს, ამ ეტაპზე, არ აქვს არანაირი საერთაშორისო რეკომენდაცია პროსტიტუციის კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. თამარ დეკანოსიძის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ სექსმუშაკთა თემა წლების განმავლობაში არც სახელმწიფოსა და არც უფლებადამცველების დღის წესრიგში არ იდგა. თუმცა, მისი თქმით, სიდოუს მომდევნო სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ, 2020 წელს უნდა შედგეს, ქართველი უფლებადამცველები აუცილებლად წარადგენენ ანგარიშს პროსტიტუციის დეპენალიზაციისა და სექსმუშაკთა მდგომარეობის შესახებ საქართველოში.

XS
SM
MD
LG