Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერტრანსმა“ რუსთავის თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლა


„ინტერტრანსის“ მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავში. 2018 წლის დეკემბერი
„ინტერტრანსის“ მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავში. 2018 წლის დეკემბერი

სატრანპორტო კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავის თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლა ადგილობრივი საკრებულოს მიერ 2018 წლის დეკემბერში მიღებული 218-ე დადგენილების გამო, რომლის თანახმად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 1,5 ლარით განისაზღვრა.

„ინტერტრანსის“ პრესსამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას საკრებულოს დადგენლებამდე ორი თვით ადრე ეცნობა მგზავრობის ღირებულების 2 ლარამდე გაზრდის შესახებ.

„ინტერტრანსი“ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს“, თქვა სოფო ცერცვაძემ.

„ინტერტრანსის“ მძღოლებმა გასული წლის 29 დეკემბერს11-დან 8 მარშრუტზე მგზავრობის საფასური ორ ლარამდე გაზარდეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსთავის თვითმმართველობამ მაშინ განაცხადა, რომ ტარიფის 50 თეთრით გაძვირება უკანონოა და ეწინააღმდეგება საკრებულოს 218-ე დადგენილებას. ამის გამო რუსთავის ხელისუფლებამ კომპანია 800 ლარით დააჯარიმა და, რეალური ტარიფის დადგენის მიზნით, დასთანხმდა „ინტერტრნასის“ წინადადებას, რომ შექმნილიყო ერთობლივი სპეციალური კომისია.
სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის უფროსის, სოფო ცერცვაძის, თქმით, მათ მერიას უკვე მიმართეს ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით.

„ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „ინტერტრანსი“ რუსთავის სასამართლოში კიდევ ერთ საჩივარს შეიტანს და ჯარიმის გაუქმებას მოითხოვს“, თქვა სოფო ცერცვაძემ.

მგზავრობის ტარიფის დამდგენ კომისიას, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წევრებიც შედიან, მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. კომისია მიკროავტობუსების მოძრაობისა და მგზავრთნაკადის მონიტორინგს აწარმოებდა. რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს „ინტერტრანსი“ 15 წლის ვადით ფლობს.

კომპანიამ აღიარა მერიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რამდენიმე პირობის დარღვევა, კერძოდ, რომ მიკროავტობუსებში ზედმეტი სკამებია ჩადგმული და არ ხდება გაბილეთიანება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG