Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მუშაკები ცვლილებებს მოითხოვენ და გაფიცვისთვის ემზადებიან


აქცია სოციალურ მუშაკთა საერთშორისო დღეს, თბილისში. 20 მარტი, 2018.
აქცია სოციალურ მუშაკთა საერთშორისო დღეს, თბილისში. 20 მარტი, 2018.

სოციალური მომსახურების სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა; პერსონალური კომპიუტერები; სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გაწეული სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება; ახალი ინსტრუმენტების შემუშავება და კადრების გადამზადება - ეს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში სოციალური მუშაკები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და გაიფიცებიან. შესაბამისი განცხადებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 8 თებერვალს მიმართავენ.

"სოციალური მუშაკი, როგორც მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიონალი, ხშირად ვერ აკმაყოფილებს მომსახურების მიმღებთა საჭიროებებს შესაბამისი მომსახურებების, სამუშაო ინსტრუმენტების, მოდელებისა და მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო", - ვკითხულობთ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.

სოციალურ მუშაკებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს.

დამხმარე ინსტრუმენტები და სუპერვიზია

სოციალური მუშაკები მოითხოვენ, შეიქმნას რეაგირების ჯგუფი: სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და დაგეგმავს შესაბამის პროგრამებს სოციალური სამუშაოს შესასრულებლად. ასევე:

  • შემუშავდეს სამუშაო ინსტრუმენტები და გადამზადდნენ სოციალური მუშაკები;
  • შეიქმნას და დაინერგოს ქმედითი სუპერვიზიის მექანიზმი;
  • შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა;

კადრების სიმცირე

სოციალური მუშაკების აზრით, აუცილებელია გაიზარდოს სისტემაში ​დასაქმებული სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობა. ამასთან:

  • დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში ახალი კანონი, რომლითაც სოციალური მუშაკის საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-ს;
  • თითოეული სოციალური მომსახურების ცენტრისთვის შეიქმნას ცალკე მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალებით;
  • არასრულწლოვანთა საპროცესო წარმომადგენლად დაქირავებულ იქნან დამატებითი შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე კადრები და ეს უფლებამოსილება ჩამოშორდეთ სოციალურ მუშაკებს;
  • სოციალურ მუშაკებს არ დაევალოთ ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც სცდება მათ სპეციალიზაციას. მაგალითად: კანცელარიის საქმიანობა; ვაუჩერის ბეჭდვა/ბაზაში შეყვანა/გადაწყვეტილების მომზადება; ხელშეკრულებების ბაზაში ასახვა/ბეჭდვა; სხვადასხვა ბაზებში მონაცემთა ადმინისტრირება.

უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები

წერილში ვკითხულობთ, რომ ცუდი პირობების გამო, სოციალურ მუშაკებს უჭირთ ბენეფიციარის ნდობის მოპოვება და მათთან კონფიდენციალურ გარემოში კომუნიკაცია, რისთვისაც საჭიროა:

  • თითოეულ ცენტრში შეიქმნას ბენეფიციართან გასაუბრების ინდივიდუალური ოთახი და მოეწყოს ბავშვთა ოთახები;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თითოეულ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი.
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სოციალური მუშაკის შრომის დაფასება

სოცმუშაკები ფიქრობენ, რომ მათი შრომა არაადეკვატურად ფასდება და მოითხოვენ:

  • ანაზღაურდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გაწეული სამგზავრო ხარჯი;
  • ეტაპობრივად გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ხელფასები კომპეტენციიდან და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე;
  • სოციალური მუშაკები იყვნენ უზრუნველყოფილნი სამედიცინო დაზღვევით;
  • ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.

წერილის თანახმად, სოცმუშაკებმა კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, ჯანდაცვის მინისტრსა თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

"სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები, სერვისცენტრებში არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არ არსებობა, აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე, რომლებზე პასუხისმგებლობაც ისევ და ისევ მხოლოდ ჩვენ, პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს დაგვეკისრება", - ვკითხულობთ წერილში.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG