რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სამართალდამცველებს მიმართავს თხოვნით, დაინტერესდნენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევებით.
როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ, რომელიც მგზავრთა ნაკადს ითვლის, სერიოზული გადაცდომები გამოავლინა მიკროავტობუსების სვლა-გეზის ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რუსთავი-თბილისის მიმართულებით
დამატებით გამოჩნდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „ინტერტრანსის“ მიერ მოწოდებულ მიკროავტობუსების სიაში არ ფიგურირებენ.
„სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა ხდება იმ მარშრუტების გვერდის ავლით, რომელზეც კომპანია ,,ინტერტრანსს“ მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს აღებული და რომელთა მიხედვითაც სპეციალურმა კომისიამ მგზავრთა არსებული რაოდენობა უნდა დაადგინოს“, - თქვა ირაკლი ტაბაღუამ. - „ეს სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის კომისიის მუშაობას. აფერხებს როგორც მგზავრთა რეალური რაოდენობის, ასევე რეალური ტარიფის დადგენას“.
რუსთავის მერის თქმით, კომპანია ,,ინტერტრანსმაც“ ამ გადაცდომების შესახებ დღეს, 24 იანვარს, შეიტყო კომისიის სხდომაზე და ეს არც მათ ინტერესებში შედის. გასული წლის დეკემბრის ბოლოს “ინტერტრანსის“ მძღოლებმა 7 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. რუსთავის მერია ამ
გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და კომპანიასთან მიღწეული კომპრომისული შეთანხმებით, სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც რეალური ტარიფის დადგენაზე იმუშავებდა. შედეგად, „ინტერტრანსის“ მძღოლებმა ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულამდე დასწიეს და კომისიას ვადა 2 თებერვლამდე მისცეს. ამას მოჰყვა ადგილობრივი მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები.
ტარიფის განსაზღვრის მიზნით, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად, მგზავრთა ნაკადის დადგენას გულისხმობს, კომისიის მუშაობაში “ინტერტრანსის“ მენეჯმენტის, მძღოლების წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი ჩაერთო. მონიტორინგი მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო.
სამოქალაქო აქტივისტები თავიანთ მიერვე შექმნილ ფეისბუკის სპეციალურ გვერდზე - „რუსთაველები ვიმსახურებთ უკეთეს მგზავრობას!“ - პერიოდულად აქვეყნებენ ფოტოებს და ჩანაწერებს, თუ როგორ იცვლიან სვლა-გეზს მიკროავტობუსები, რათა თავი აარიდონ კომისიის წევრებს, რომლებიც მიკროავტობუსებში თბილისისკენ მიმავალი მგზავრების რაოდენობას აღრიცხავენ და დგანან ოფიციალურად დადგენილ მარშრუტებზე.
„16:40-ზე დღეს ხიდის ბოლოს, მემორიალთან, ცარიელმა „ალდაგმა“ მოატრიალა და უკან წავიდა, ძველ რუსთავში („მარშრუტკებს“ შორის დაშორება, სტანდარტულად, 3 წუთი იყო)“, წერს ერთ-ერთი აქტივისტი, გიგა ძულიაშვილი.
„დღეს, დაახლოებით 16:00-16:10-ის შუალედში, მეთორმეტეში [მე-12 მიკრორაიონში] ამოვიდა „ალდაგის“ სამარშრუტო ტაქსი, სრულიად ცარიელი, და წავიდა ტაშკენტისკენ [ტაშკენტის ქუჩისკენ]“, წერს კიდევ ერთი აქტივისტი.
"მძღოლები ამ კომისიის მუშაობის დროს ხომ მაქინაციობენ და ხან თბილისის ქუჩიდან ადიან, ხან სასტუმროდან“, წერს ჯგუფის კიდევ ერთ წევრი, ნოდარ ლაფანაშვილი.
ჯგუფის ადმინისტრატორი ქეთი შინჯიკაშვილი წერს, რომ „დათვლის ის მეთოდი,რომელიც კომისიამ აირჩია, არის უსარგებლო და არაფრის მომცემი“.
„კომისიაზე ჩვენმა (სამოქალაქო სექტორის) წარმომადგენლებმა გააჟღერეს დათვლის ალტერნატიული, უფრო თანამედროვე და სანდო, მეთოდი - ვიდეორეგისტრატორის მონტაჟი თითო ხაზზე თითო მანქანაში, რაც გაცილებით გააადვილებდა მგზავრთა ნაკადის დათვლას (საშუალო მონაცემს)“, აღნიშნავს ქეთი შინჯიკაშვილი.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა კომისიის მუშაობის სანდოობა ეჭვის ქვეშ დააყენა.