Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - ვის მხარეს დაიჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია?


ორ დღეში, 2018 წლის 6 იანვარს, კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ოფიციალურად გადასცემს. დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერ ცნობილი არ არის. ვიცით, რომ სასულიერო პირებს შორის ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. 27 დეკემბრის სინოდის სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას 6 იანვრის შემდგომ მიიღებენ. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ სთხოვა, მოელის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს და ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს. მისივე ვარაუდით, არ დააყოვნებს არც რუსეთის მკაცრი რეაქცია უკრაინის მიმართ. რას ნიშნავს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება? რას კარგავს რუსეთი და შეეგუება თუ არა ის ამ დანაკარგს? რატომ ყოყმანობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია და რა შეიცვლება უკრაინაში?

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება?

გიორგი ტიგინაშვილი: ეს იყო საერთო სახალხო თანხმობა. ამ აქტით, ფაქტობრივად, გაერთიანდნენ სხვადასხვა საეკლესიო სუბიექტები. რეალურად, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია დანაწევრებული იყო. ის ბრალდებები კი, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ ისმის ( ამ ბრალდებების რუსულ შინაარსს ვგულისხმობ), რომ თითქოსდა ეს იყო უკრაინაში სქიზმატური ჯგუფების წახალისების მცდელობა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არის ეროვნულ საზღვრებში თვითგამორკვევის პოლიტიკური აქტიც.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, მის გამოცხადებას, შემდეგ რუსეთის მიერ ჩამორთმევას და კვლავ აღდგენას ბრძოლის გრძელი ისტორია აქვს. რა გზა გაიარა უკრაინის ეკლესიამ?

გიორგი ტიგინაშვილი: თუ საქართველოს, რუსეთის წნეხისა და ზეწოლის შედეგად, 1811 წელს ჩამოერთვა ავტოკეფალია, უკრაინას ის არასდროს ჰქონია. მისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ერთპიროვნული დისკრეცია და პრეროგატივა ჰქონდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რომელმაც გამოიყენა კიდეც ეს - იურიდიულად და ფილიგრანულად იმუშავა ამ თემაზე და, ფაქტობრივად, ისტორიულ საფუძვლებზე დაყრდნობით და კანონიკური პრინციპების თანახმად, მოამზადა კიდეც უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი. ცხადია, მათთვის ის ბატალიები უცხოა, რაც საქართველომ ამ მხრივ გამოიარა. მათ ეს საკითხი ახლა დაუდგათ დღის წესრიგში. ისედაც, ეკლესია საქართველოში მაინც უფრო სპეციფიკური იყო, ვიდრე სხვა რომელიმე მიწაზე მართლმადიდებლურ სამყაროში - ჩვენს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, სულიერ ღირებულებებს, ზოგადად, ცნობიერებას, სასათბურე პირობებს ისტორიულად სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია უქმნიდა. უკრაინაში ისე მოხდა, რომ 1686 წლიდან რუსეთის ეკლესიამ, მოსკოვის საპატრიარქომ, თვითნებურად მიითვისა უკრაინის ეკლესიის მიტროპოლია, თუმც კი არსებობდა ორმხრივი შეთანხმება კონსტანტინოპოლთან, რომელსაც დასუსტების და უსახსრობის გამო (ბიზანტიის იმპერია უკვე დაცემული იყო და ეკლესიაც იქ ნომინალურად არსებობდა) არ შეეძლო პატრონობა გაეწია კიევის მიტროპოლიისთვის, რომელიც კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა.

საინტერესოა, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის გამო ევქარისტული კავშირი გაუწყვიტა კონსტანტინოპოლს, რომლისგანაც განათლდა და ქრისტიანობა მიიღო. სწორედ აქ ჩანს რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები, ამბიციები და დაუცხრომელი მისწრაფებები - ის ყოველთვის ცდილობს ეკლესია გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად და ხშირად ამას ახერხებს კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია რუსეთში არის იდეოლოგიზებული, მას ჩვეულებრივი სამინისტროს ფუნქცია აქვს, რომელიც ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედებას.

რადიო თავისუფლება: და ჩვენ ვნახეთ კიდეც რუსეთის რეაქცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით.

გიორგი ტიგინაშვილი: დიახ, რუსეთის ეკლესია ოფიციალურ სქიზმაშია არა მხოლოდ კონსტანტინოპოლთან, არამედ, ზოგადად, მართლმადიდებლურ სამყაროსთან. ის მას გამოეყო როგორც კვაზირელიგიური წარმონაქმნი... ერთი სიტყვით, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის იდეოლოგიური მდგენელის შეტორტმანების ტოლფასია. მისი რეაქციაც გასაგებია.

რადიო თავისუფლება: რას კარგავს რუსეთი უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებით? გავლენას, ქონებას, ისტორიულ მემკვიდრეობას?

გიორგი ტიგინაშვილი: რეგიონში საცეცებს, აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარ გავლენას, ისტორიულ მეხსიერებას, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი მისი სამომავლო მისწრაფებები ამაზე დგას, „წმინდა რუსეთის“ იდეაზე, რომელიც პოლიტიკური ფედერაციის საზღვრებს სცდება. რუსეთისთვის ეს არის უზარმაზარი დარტყმა, დიდი გამოწვევა, ეს არის პასუხი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

რადიო თავისუფლება: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ან საჯაროდ არ განუცხადებია მხარდაჭერის შესახებ - 27 დეკემბრის სინოდის სხდომა ისე დასრულდა, რომ ერთიანი პოზიცია არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ყოყმანობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? რა საფრთხეს ხედავს ის უკრაინის ეკლესიისათვის მხარდაჭერაში?

მე ძალიან სკეპტიკურად ვარ გაწყობილი და მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ უფრო მეტად უმართებულო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე მგონია, რომ საქართველოს ეკლესია დაიკავებს სამარცხვინო პოზიციას და იტყვის, რომ ის არ გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას და დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას...

გიორგი ტიგინაშვილი: საქართველოს ეკლესია თავისუფალია ყოველგვარი ტვირთისგან. ის არ არის ლეგიტიმაციის წყარო. აღიარებს თუ არა, ამას არანაირი ძალა არ ექნება, არც სიმბოლური, რადგან ერთპიროვნულად ამ საკითხს წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს საპატრიარქო. საქართველოს შეუძლია მხოლოდ მიიღოს, შეიწყნაროს და დაეთანხმოს იმ ობიექტურ სინამდვილეს და მოცემულ ჭეშმარიტებას, რომელიც კანონიკურად არის დადასტურებული და, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას მიაქციოს ყურადღება. აგრეთვე, თუ ემოციით ვიმსჯელებთ, მას, საკუთარი ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით, წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. როდესაც 1917 წელს სვეტიცხოველში ჩვენ საზეიმოდ გამოვაცხადეთ ეკლესიური დამოუკიდებლობა, ამას არავითარი საერთაშორისო აღიარება არ ჰქონია, მაგრამ ვინ იტყვის, რომ წმინდა კირიონ მღვდელმოწამის ან წმინდა ამბროსი აღმსარებლის ბრძოლა იყო ალოგიკური და უსაფუძვლო? შესაბამისად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს, ზუსტად ის ბრძოლა უხდება ახლა უკრაინას და არათუ ნეიტრალური, არამედ მხარდამჭერი პოზიცია უნდა გვქონდეს.

რადიო თავისუფლება: ამ ფონზე, წესით, უფრო ადვილი არ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა?

გიორგი ტიგინაშვილი: ცხადია, მაგრამ, მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ საქართველოს ეკლესიაში, იგივე წმინდა სინოდის ეპისკოპატში აზრთა სხვადასხვაობა განპირობებულია შემდეგი მოცემულობით: ჩვენთან რეალურად არის ისეთი კასტა, ისეთი საზოგადოება სინოდში, რომელსაც აქვს რუსოფილური მიდრეკილებები. პირადი კონტაქტების გამო, იმის გამო, რომ იქ აქვთ განათლება მიღებული, ცხოვრების რაღაც ხანი აქვთ გატარებული ჩრდილოეთში, ზოგი ანგაჟირებულია ამით, ზოგი ემისარია და ზოგიც რეზიდენტი.

რადიო თავისუფლება: რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომ თუ ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთი ამას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით უპასუხებს?

გიორგი ტიგინაშვილი: ეს სიბრიყვე, კრემლის ნარატივი და მართლა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რიტორიკაა, რადგან რუსეთს არა აქვს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება. ძალიან სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იქ სეპარატიზმს წაახალისებს საეკლესიო თვალსაზრისით. ის იქ ამას ისედაც აკეთებს. მას ჰყავს მღვდელმთავარი, 15-მდე სასულიერო პირი, რომლებიც თვითნებობენ და განსაკუთრებით ანტიქართული განწყობებით გამოირჩევიან და ცდილობენ დეზინფორმაციული ისტორიის გავრცელებას და საზოგადოების დეზორიენტირებას.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ეკლესიაში ვინ წყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, ვისია საბოლოო სიტყვა?

გიორგი ტიგინაშვილი
გიორგი ტიგინაშვილი

გიორგი ტიგინაშვილი: სამწუხაროდ, დეკლარირებულად, უნდა ითქვას, რომ ეკლესიას მართავს წმინდა სინოდი, მაგრამ რეალურად საქართველოს ეკლესიას მართავს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნო, რომელსაც შორენა თეთრუაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად სხვა დანარჩენი პირები, რომლებიც გამოირჩევიან დიდი პიეტეტით და რევერანსებით რუსეთის მიმართ. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ გაწყობილი და მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ უფრო მეტად უმართებულო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე მგონია, რომ საქართველოს ეკლესია დაიკავებს სამარცხვინო პოზიციას და იტყვის, რომ ის არ გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას და დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას.

რადიო თავისუფლება: 6 იანვარს კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ოფიციალურად გადასცემს - სრულდება თუ არა ამით პროცესი და რა შეიცვლება უკრაინისთვის?

გიორგი ტიგინაშვილი: ტომოსის მინიჭებით უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ბოლომდე არ არის დასრულებული, რადგან ერთია დამოუკიდებლობის მინიჭება და მეორეა სტატუსი, რომელიც აუცილებლად პირველ იერარქში უნდა გამოიხატოს და არ არის საკმარისი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის წოდება. ამ შემთხვევაში იქ ყველაზე მწვავე იქნება ქონებრივი დავის საკითხი. რადგან სახელმწიფო აღასრულებს სამართალს, უკრაინის ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიას და, რა თქმა უნდა, შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ უკრაინის ახალშექმნილ ეკლესიას კანონიერ მფლობელობაში დაუბრუნონ მიტაცებული ტაძრები თუ მონასტრები. ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ეს პროცესი გარკვეულ კონფლიქტებს წარმოშობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა უკრაინაში გააღრმავოს სამხედრო ინტერვენცია, ოკუპაცია თუ ანექსია. გვახსოვს, რომ როდესაც ეს პროცესი დაიძრა, რუსებმა მაშინ ფლოტი დაბომბეს, ხოლო უკრაინელები ტყვედ აიყვანეს. ასეთი წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება, თუმცა მსოფლიო პატრიარქს და სინოდს აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს ავტოკეფალია. მსოფლიო პატრიარქის თქმით, მასაც ემუქრებიან. მან თქვა, რომ თუ მისი სიცოცხლე ხელყვეს, მის დაკრძალვამდე მოიწვიონ წმინდა სინოდის სხდომა და უკრაინის ეკლესიას ყოველ მიზეზ გარეშე გადასცენ ტომოსი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG