2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდება პენსიის დაგროვების ახალი სისტემა, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით დანაზოგს შექმნის.
როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტავს, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა - წინასწარი გათვლით, ორ წელიწადში მილიარდ-ნახევარი ლარი მობილიზდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განვითარდეს კაპიტალის ბაზარი. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან ამოქმედდება კანონის მუხლები, რომელთა მიხედვით, საპენსიო შენატანის გაკეთება სავალდებულოა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კანონის მიღების დროს, 2018 წლის 6 აგვისტომდე, არ იყვნენ 40 წლის. ახალი წლიდან სქემაში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩაერთვებიან პირები, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქვთ საქართველოში ბინადრობის უფლება. ლევან სურგულაძის განცხადებით, „რეფორმის განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს საპენსიო ასაკში მოსახლეობის უზრუნველყოფილი ცხოვრება და ღირსეული სიბერე“.
1 იანვრიდან საპენსიო ფონდში გადაირიცხება დასაქმებულის ხელფასის 2 %, რასაც იგივე რაოდენობის თანხა დაემატება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან...გიორგი ჭიჭინაძე
როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტავს, 40 წლის მოქალაქეს, რომელიც იანვრიდან სქემაში ჩაერთვება, სურვილის შემთხვევაში პროგრამის დატოვება შეეძლება მომავალი წლის 1 აპრილიდან 1 ივნისის შუალედში, რისთვისაც განცხადება უნდა დაწეროს. მას დაგროვებული თანხა უკან დაუბრუნდება.
საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო არ არის საპენსიო ასაკს მიტანებული მოქალაქეებისთვის, 60 წლის მამაკაცებისა და 55 წლის ქალებისთვის. ასევე, თავად პენსიონერები ვერ ჩაერთვებიან სქემაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობენ. ქვეყანაში სულ 730 ათასი ადამიანია პენსიის მიმღები. „1 იანვრიდან საპენსიო ფონდში გადაირიცხება დასაქმებულის ხელფასის 2 %, რასაც იგივე რაოდენობის თანხა დაემატება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან“, - განმარტავს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე. მისივე ინფორმაციით, კანონი ეხება თვითდასაქმებულებსაც, იმ განსხვავებით, რომ თუ თვითდასაქმებული პენსიის დაგროვებას გადაწყვეტს, ფონდში შემოსავლის 4 % უნდა გადაიხადოს, სახელმწიფო კი 2 %-ს დაამატებს.
საპენსიო რეფორმა მისაღებია, თუმცა რისკებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ „მეწარმე სუბიექტებისთვის დაწესებული ვალდებულება, გადაუხადონ დამსაქმებელს ხელფასის 2 %, მომავალში შეაფერხებს კერძო სექტორში ხელფასის ზრდას, რადგან ამ მოცემულობით, დამსაქმებლებს ხარჯი გაეზრდებათ“.
პენსიის დაგროვების სქემაში ჩართვის ვალდებულება მიუღებელია რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხულ რესპონდენტთა დიდი ნაწილისთვის, დასაქმებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი ხელფასი მიზერულია და მისი 2 %-ის ფონდში გადარიცხვა არ სურთ. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ნაწილი კი ამბობს იმასაც, რომ არ ენდობა საპენსიო სააგენტოს.
თავის მხრივ, საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ იგი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. დაგროვებული პენსია არის კერძო საკუთრება. მასზე წვდომა არ აქვს არც სასამართლოს და არც ბანკს. კანონით დაუშვებელია ამ თანხის გამოყენება ჯარიმის დასაფარად.