2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან. არჩევნებამდე დარჩენილი სამი კვირით ადრე ისინი პირობას დებენ, რომ აღიარებენ კანონის უზენაესობას და იმოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ადასტურებენ, რომ მზად არიან საარჩევნო კამპანია წარმართონ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, ქსენოფობიური და მუქარის შემცველი გამონათქვამები, ხელი შეუწყონ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს და არ მიმართონ და არც სხვებს მოუწოდონ ძალადობისკენ.
ეთიკის პრინციპები არის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან შეთანხმებული დოკუმენტი. პროცესში ჩართული იყო 25-ვე კანდიდატის წარმომადგენელი და ისინი თანხმობას აცხადებენ შემოერთებაზე. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს და გრძელდება ხელმოწერები...თამარ ჟვანია
როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, საქართველოს არჩევნების ისტორიაში ესაა პირველი პრეცედენტი, როდესაც პრაქტიკულად ყველა კანდიდატი დოკუმენტზე ხელმოწერით თანხმდება, რომ არ გადაუხვევს ეთიკის პრინციპებიდან:
“ეთიკის პრინციპები არის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან შეთანხმებული დოკუმენტი. პროცესში ჩართული იყო 25-ვე კანდიდატის წარმომადგენელი და ისინი თანხმობას აცხადებენ შემოერთებაზე. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს და გრძელდება ხელმოწერები. უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და კიდევ ველოდებით სხვების ხელმოწერასაც. წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით გვაქვს.“
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ ერთგულება ხელმოწერით უკვე დააფიქსირა დავით უსუფაშვილმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა. იგი იზიარებს დოკუმენტის ფასილიტატორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მხარდამჭერის, შვეიცარიის მთავრობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო ეთიკურ პრინციპებზე შეჯერება ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარებისკენ და გაუმჯობესებისკენაა მიმართული:
“ეთიკის წესებზე შეთანხმება არის აუცილებელი მთლიანად საზოგადოებაში. ამიტომ პრეზიდენტების კანდიდატები თუ მივცემთ ამის მაგალითს ყველას, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, იქნება კარგი.ამიტომ, როდესაც მე ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, უყოყმანოდ შევუერთდი. არ დამიწყია გამოკითხვა იმისა, ვინ უერთდება და ვინ არა. მე ვუერთდები ამ წესებს და ვაღიარებ, რომ საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე. საარჩევნო პროცესმა საზოგადოება უნდა წაიყვანოს წინ და არ დახიოს უკან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის გარდა არსებობს მორალი, ზნეობა, ზოგადადამიანური ღირსება, რომლის შელახვა, რომლის დავიწყება არავითარმა პოლიტიკურმა პრობლემებმა და წინააღმდეგობებმა არ უნდა გამოიწვიოს.“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები კი ასევე თანხმდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; აწარმოებენ ინკლუზიურ საარჩევნო კამპანიას, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც თანაბრად ექნებათ მოწყვლად ჯგუფებს; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს, არ ეცდებიან ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას: აწარმოებენ საგნობრივ, პროგრამებზე დაფუძნებულ დებატებს და თავს შეიკავებენ პიროვნული შეურაცხყოფისგან.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კახაბერ ჭიჭინაძის აზრით, ეს ის პრინციპებია, რომელთა შეხსენება პრეზიდენტობის კანდიდატებს არ უნდა სჭირდებოდეთ:
„ძალიან კარგი ინიციატივაა, მისაღებია და მხარს ვუჭერ, რა თქმა უნდა, მაგრამ შინაგანი კულტურა და ეთიკა პრეზიდენტების კანდიდატებს ამ დოკუმენტის გარეშეც უნდა ჰქონდეთ.“
პრეზიდენტობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი კი ფიქრობს, დოკუმენტზე მიერთება კანდიდატების მხრიდან ფორმალობაა, რადგან მასში ასახული ეთიკის პრინციპები უკვე დარღვეულია. თემურ შაშიაშვილი, კერძოდ, პრეტენზიას გამოთქვამს, რომ კანდიდატებს თანაბარ პირობებში არ უხდებათ საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ლამის მთელ საინფორმაციო სივრცეს მედიის მიერ წამყვან კანდიდატებად მიჩნეული 4-5 კანდიდატი იკავებს. თემურ შაშიაშვილმა აქვე განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატებში იწვევს.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაციას ესწრებოდა შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერიც. მისი განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ კანონმდებლობას ამგვარი ეთიკის კოდექსები მხოლოდ ეხმარება იმისთვის, რომ საარჩევნო კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.
„ტუნისის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საქართველოშიც დაგვენერგა. ის დრო, ის პოლიტიკური კულტურა, როცა კამპანია ერთმანეთის და სხვა ოპონენტების დაკნინებას ემსახურებოდა, უნდა შეიცვალოს.” - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.
„ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაციას არ დასწრებია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამს საყვედურს მის მიმართ გამოთქმული სიძულვილისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო. იგი ერთ-ერთია იმ ხუთ კანდიდატს შორის, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი „ეთიკის პრინციპებზე“. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ რადგან დოკუმენტი ღიაა და სიტყვიერი თანხმობაც არსებობს, რამდენიმე დღეში მას ყველა კანდიდატი შეუერთდება. რაც შეეხება პრინციპების დაცვას ხელმომწერი მხარეების მიერ, ეს უკვე საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი იქნება.